“Glovo საქართველოს” გენერალური მენეჯერი 4-წლიან მიღწევებსა და გაფართოების გეგმებზე
ქართულ ბაზარზე ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპი, Glovo, ადგილობრივად ოპერირების 4 წლისთავს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში, სტარტაპი გახდა ბევრად მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი მიტანის სერვისი, მოიპოვა მაღალი რეპუტაცია და ნდობა მომხმარებლებში და მყარად დაიმკვიდრა ადგილი მათ გულებსა და სმარტფონებში.
თუმცა, Glovo ამაზე შეჩერებას არ აპირებს და ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებით. იგი მიზნად ისახავს, "გახდეს ნომერ პირველი პარტნიორი ინდუსტრიის თითოეული მხარისთვის".
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი 4 წლის იუბილეს აღნიშვნასთან ერთად, “Glovo საქართველოს” ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს - უკრაინელი არტემ კოლოსიუკი, რომელიც, სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებისა და რუსეთის შეჭრის გამო თავის ქვეყანაში, ვერ ახერხებს, გუნდს ფიზიკურად შეუერთდეს. თუმცა, ის თავის მოვალეობას დისტანციურად ასრულებს და იმედოვნებს, რომ მალე ადგილობრივ ბაზარზე ყოფნის შესაძლებლობაც ექნება.
არტემ კოლოსიუკს “Glovo საქართველოს” საიუბილეო კამპანიების, უკვე მიღწეული წარმატებებისა და გაფართოების გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ აღვნიშნავთ “Glovo საქართველოს” მე-4 საიუბილეო წელს და ამას რეტროსპექტულად ვუყურებთ. ამ ეტაპზე, ნამდვილად გაოცებული ვარ იმით, რასაც აქამდე მიაღწია ადგილობრივმა გუნდმა. დავიწყეთ ერთ ოთახში მსხდომი რამდენიმე ადამიანით, როდესაც ალბათ დღეში 100 შეკვეთას ვზეიმობდით და ვაღიარებდით დიდ წარმატებად, ახლა კი ვხედავთ საკმაოდ კომპლექსურ და მრავალფეროვან ბიზნესს უამრავი მიმართულებით, მიტანის სერვისით და ასობით ათასი შეკვეთით. სულ უფრო მეტი კლიენტი გვემატება და ბევრი პარტნიორი კურიერი უერთდება ჩვენს პლატფორმას მოქნილი და ღირსეული სამუშაოსთვის.
თუმცა, ამავდროულად, ვიაზრებ, რა პატარები ვართ და კიდევ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია ქართული ბაზრისთვის სამომავლოდ.
მე ვიტყოდი, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი იდეა და გეგმა გვაქვს განსახორციელებელი. ჩვენ ჯერ ისევ პატარები ვართ და კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია!” - აღნიშნავს არტემი.
აღსანიშნავია, რომ გლოვოს დაბადების დღე ახლოვდება, რა სიახლეები ან ცვლილებები აქვს კომპანიას ამ თარიღთან დაკავშირებით?
სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულია ამაზე პასუხის გაცემა, რადგან ყოველკვირეულად ბევრი სიახლე და ცვლილება გვაქვს განსახორციელებელი. Ეს ისაა, რაც ჩვენს სამუშაო გარემოს ხელსაყრელს ხდის პროფესიული განვითარებისთვის - ყოველდღე ახალი რამ ხდება.
თუმცა, ამ კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით, ქართველი თანამშრომლებისთვის საჩუქრად გადავდივართ ახალ ოფისში, რომელიც არა მხოლოდ ჩვეულებრივი ოფისია, არამედ ერთგვარი კრეატიული სივრცეა “Glovo საქართველოს” თითოეული თანამშრომლისთვის, სადაც თამამი და კრეატიული იდეები შეიძლება მოგვივიდეს თავში.
ასევე, კიდევ უფრო ვიხვეწებით და მრავალმხრივები ვხდებით, ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მოვუტანოთ მეტი ღირებულება ქართულ გარემოს და ბაზარს.
ახლახანს დავაანონსეთ გარიგება “თიბისი ბანკთან,” ბაზრის დიდ მოთამაშესთან საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ვგეგმავთ მეტი სარგებლის მოტანას როგორც Glovo-ს, ასევე TBC-ის ადგილობრივი მომხმარებლებისთვის.
რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში გენერალური მენეჯერის თანამდებობას იკავებთ. გვიამბეთ თქვენს შესახებ, როგორ მოხვდით ამ თანამდებობაზე? როგორი იყო თქვენი გზა საქართველომდე? გაგვიზიარეთ თქვენი მოლოდინები და საქართველოში არსებული მდგომარეობა.
ჯერ კიდევ დისტანციურად ვთანამშრომლობ საქართველოს შესანიშნავ გუნდთან, რადგან უკრაინელი ვარ და უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ამჟამად ფიზიკურად ვერ ვახერხებ მათთან შეერთებას. როდესაც გადავწყვიტე შევსულიყავი ამ გუნდში, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო - რთულია, იყო გენერალური მენეჯერი და ვერ ახერხებდე ბაზარზე ყოფნას. იყო ეჭვები, რამდენად ეფექტური იქნებოდა ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. Შემდეგ, ეს გამოწვევა გუნდის მხარდაჭერით გადაილახა, რადგან ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო ჭკვიანი და კარგი ხალხითაა დაჯილდოებული...
ჯერჯერობით ასე ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შევძლებ ბაზარზე ყოფნას.
რაც შეეხება ჩემს პროფესიულ გამოცდილებას, წელიწადნახევარია, რაც “გლოვოში” ვარ. მანამდე, პასუხისმგებელი ვიყავი რეგიონული სტრუქტურული განვითარებისა და გაფართოების პროექტზე, რაც ნიშნავს ადგილობრივ ბაზართან უფრო ახლოს ყოფნას და ადგილობრივი კონტექსტის უკეთ გაგებას, რადგან გამოწვევები და შესაძლებლობები შეიძლება განსხვავებული იყოს თითოეულ ქალაქში.
გვსურს, გვყავდეს გუნდი და გვქონდეს პროექტები, რომლებიც საგანგებოდ იქნება მორგებული კონკრეტულ ადგილსა და სფეროზე და ვიყოთ უფრო საიმედო პარტნიორები ჩვენი მომხმარებლებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. რაც შეეხება პროექტის მეორე ნაწილს, რომელშიც მე ვიყავი ჩართული, გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეზარდა ჩვენი სერვისი გეოგრაფიული პერსპექტივიდან და ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, “გლოვოს” სერვისი დავაფუძნეთ უკრაინის კიდევ 10 ქალაქში.
ადრე ვმუშაობდი კორპორატიულ ბიზნესში, ძირითადად FMCG ინდუსტრიებში, კომპანიებში Sport and Gamble, Mondelez International, Jacobs Douwe Egberts და Monster Energy, ძირითადად კომერციული და მარკეტინგული მიმართულებით.
ეს იყო ჩემი კორპორატიული წარსული. შემდეგ გადავწყვიტე, სფერო შემეცვალა და გამომეცადა საკუთარი თავი მეწარმის როლში.
ვიყავი სტარტაპ სფეროში, სადაც ვაკეთებდი პროექტებს ელექტრონული და სამოგზაურო ტექნოლოგიების სივრცეებში. ეს იყო ჩემი კარიერის მეორე ნაწილი.
ამის შემდეგ გადავედი ვენჩურული კაპიტალის ნაწილზე, სადაცც ვარჩევდი საუკეთესო ტალანტებსა და პროექტებს, რომლებშიც ინვესტიცია უნდა განმეხორციელებინა. ასე რომ, ამ სფეროშიც მივიღე გამოცდილება.
ამის შემდეგ, დაიწყო Glovo-ს საინტერესო გამოცდილება - ჩემთვის ეს იყო კიდევ ერთი გამოწვევა. ის ჯერ კიდევ სტარტაპია, ჩვენ კვლავ მცირე კომპანიად მივიჩნევთ თავს, მაგრამ ამავე დროს, უკვე გამოცდილები ვართ, აპრობირებული ბიზნეს მოდელით, სადაც შეიძლება რეალურად გამოიყენო წინა გამოცდილება ახალ გამოწვევებთან და იდეებთან მიმართებაში, მიიღო თამამი, კრეატიული გადაწყვეტილებები და სწრაფად გაიზარდო. ასე რომ, მე შევქმენი ერთგვარი „სიმბიოზი“ საკუთარი თავისგან, ჩემი წინა პროფესიული გამოცდილებიდან და დღეს აქ ვარ.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც Couriers Pledge ინიციატივა დაიწყო. რას მოიცავს ეს ინიციატივა, როგორ აფასებთ მას, როგორც გლოვოს გენერალურ მენეჯერი და რიგითი მოქალაქე? რეალურად რა მნიშვნელობა, რა ღირებულება აქვს მას საზოგადოებისთვის?
კურიერები ჩვენი ოპერაციებისა და მთლიანად ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია. გვსურს, აზროვნების ცვლილება დავნერგოთ ბაზარზე, რომ კურიერის სამუშაო ღირსეული საქმიანობაა, სადაც ამ სფეროში ჩართულ პირს შეუძლია, ენდოს პლატფორმას და დაამყაროს საიმედო ურთიერთობა, ჰქონდეს შესაბამისი შემოსავალი და დამატებითი სარგებელი, რაც, ჩვეულებრივ, თანამშრომლებს აქვთ, რადგან კურიერები ჩვენი პარტნიორები არიან და არა თანამშრომლები, მაგრამ მაინც ვთავაზობთ მათ ყველა ამ სარგებელს, როგორიცაა დაზღვევა, უსაფრთხოების ტრენინგები და ა.შ. შედეგად, აზროვნება იცვლება, თანდათან მკვიდრდება აზრი, რომ კურიერის სამუშაო ღირსეული არჩევანია, თუ თქვენ გაქვთ მოქნილი პირობები და ღირსეული შემოსავალი და სარგებლობთ დამატებითი უპირატესობებით, რომლებიც ზოგადად მულტინაციონალურ საერთაშორისო კომპანიებს აქვთ.
ამით გვსურს, ვუთხრათ მოქმედ და მომავალ კურიერებს, “გლოვოს” პოტენციურ პარტნიორებს, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათზე და ესაა მუდმივი გაუმჯობესების პროცესი. ეს დაპირება არ არის ფასადური, მუდმივად ვაანალიზებთ, რა არის საუკეთესო კურიერებისთვის, რა არის საჭირო ამ მომენტში ბაზრისთვის და ვთავაზობთ მას “გლოვოს” პარტნიორებს, რათა ჩვენთან თანამშრომლობისას თავი კომფორტულად იგრძნონ.
ეს არის Couriers Pledge ინიციატივის მთავარი იდეა და ამბიცია, რომელიც უკვე შეეხო “გლოვოს” 2000-მდე კურიერს, სხვადასხვა უპირატესობებით. ჩვენი კურიერებისგან რეგულარული გამოხმაურებიდან გამომდინარე, ინიციატივა ძალიან წარმატებულია და მის გაგრძელებას მომავალ წელსაც ვგეგმავთ.
როგორია დღეს საქართველოს შრომის ბაზარი - რა სტანდარტებია აქტუალური ინდუსტრიაში?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო დაჯილდოებულია ჭკვიანი და კარგი ხალხით და ეს ნამდვილად უწყობს ხელს ბიზნესს, იპოვოს მართლაც კარგი კადრები გუნდისთვის.
მიწოდების ინდუსტრია შედარებით ახალია და არ არის დაწერილი ბევრი წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ უკვე სრულად გამოცდილი პროფესიონალები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნარები, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურული მორგება. თუ არსებობს კულტურული თავსებადობა, ისეთ ძირითად თვისებებთან ერთად, როგორიცაა სწავლის შესაძლებლობები და გულმოდგინება, ეს უკვე თითქმის სრულყოფილ შესაბამისობას ნიშნავს ჩვენთვის!
ამ დროისთვის, გვყავს ბევრი თანამშრომელი სხვადასხვა ინდუსტრიიდან, ვმუშაობთ, როგორც ერთი შეკრული გუნდი და ვიღებთ სარგებელს თითოეული მხრიდან. მე მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი იდეების მუდმივი ნაკადი სხვადასხვა გამოცდილებისა და აზროვნების ადამიანებისგან. ამავდროულად, კომბინაციაში კულტურული შესაბამისობა იწვევს სრულყოფილ შედეგებს, ასეთია ჩვენი მიდგომა ინდუსტრიის სტანდარტებთან.
როგორ ფიქრობთ, Glovo არის კომპანია, რომელიც ქმნის ახალ ამინდს ქართულ ბაზარზე?
ნამდვილად ვიმედოვნებ, რადგან ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია! ბუნებრივია, ეგოისტურად, მე ძალიან დაინტერესებული ვარ, ვიყო საუკეთესო სამუშაო გარემოში. მე და მთელი გუნდი ვდებთ ყველაზე ღირებულ რესურსს - ჩვენს დროს, ამ საქმეში და, რა თქმა უნდა, გვსურს, შევძლოთ საქმის გაკეთება ისე, როგორც ჩვენ გვიხარია. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, ისე იფიქროს და იმოქმედოს, როგორც ბიზნესის მფლობელმა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ვიყოთ ისეთი კომპანია ბაზარზე, სადაც მუშაობა თანაბრად მომგებიანი იქნება თითოეული თანამშრომლისთვის.
რა გეგმები გაქვთ ქართული ბაზრის განახლების, ასევე გაფართოებისა და ზრდის კუთხით?
როგორც ვთქვი, მართლაც გასაოცარია ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ პატარები ვართ და ბევრის მიღწევა შეგვიძლია.
შესაბამისად, მუდმივად ვშრომობთ, რომ კიდევ უფრო ძლიერი პოზიცია გვქონდეს ბაზარზე, გავხდეთ ნომერ პირველი არჩევანი თითოეული პარტნიორისთვის მათი ბიზნესის განვითარებისთვის, იქნება ეს რესტორნები, მცირე და საშუალო ბიზნესი, აფთიაქები და ა.შ.
ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ციფრული სერვისების გამრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიყოთ მათთვის, ყველგან. რათა მათ ჰქონდეთ ყველა სასურველი პროდუქტი წუთებში, ჩვენი აპლიკაციების გამოყენებით, მარტივად და კომფორტულად.
მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი კურიერები არიან და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და ვმუშაობთ, რომ ვიყოთ მათთვის ნომერ პირველი პარტნიორი, შევთავაზოთ მათ მაქსიმალურად მოქნილი, კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო და პირობები.
ასეთია ჩვენი ხედვა ბიზნესთან დაკავშირებით. “გლოვო” უკვე ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საკვების მიწოდება და ახლა ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ ნომერ პირველი ელექტრონული კომერციის ბიზნესი ქართულ ბაზარზე, ვიყოთ ყველაზე საიმედო პარტნიორი ბაზარზე თითოეული მხარისთვის.
Glovo-სა და TBC-ის პარტნიორობა ცოტა ხნის წინ დაანონსდა. ვისაუბროთ ამ სიახლეზე - რას ნიშნავს ეს თანამშრომლობა როგორც ინდუსტრიისთვის, ასევე მომხმარებლისთვის? რა იგეგმება ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის ფარგლებში?
ამ გარიგების საბოლოო ბენეფიციარია, რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებელი, საქართველოს მოქალაქეები. ისინი აუცილებლად მიიღებენ კიდევ უფრო მეტ სარგებელს ამ თანამშრომლობით, Glovo და TBC დააფინანსებენ ამას თავიანთი სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, რათა გახადონ ისინი უფრო ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის და უზრუნველყონ მეტი ღირებულება. პარტნიორობის ფარგლებში მოსალოდნელია უამრავი ქეშბექი, კამპანიები და აქციები.
გვჯერა, რომ ასეთი “ხიდების” და თანამშრომლობის შენება ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური ბაზრისა და ტექნიკური ინდუსტრიის განვითარებას და ახალ მასშტაბებსა და დონეზე გასვლას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამას ვაფუძნებთ ნდობაზე, გახსნილობაზე, სადაც ორივე მხარე ღიაა ექსპერიმენტების ჩასატარებლად და მზადაა ახალი გადაწყვეტილებების დანერგვისთვის საქართველოში, რაც ნამდვილად მახარებს.