,,ტექ-ნეგატივიდან“ ,,ტექ-რუტინამდე“
,,მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მზარდ ძალასა და გავლენაზე ძლიერი და საყოველთაოდ ნეგატიური რეაქცია, განსაკუთრებით, სილიკონის ველში დაფუძნებული კომპანიების მიმართ“, − ასე განმარტავს სიტყვა Techlash-ს ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი. ეს სიტყვა, რომელიც ამ ჟურნალის გვერდებზე 2013 წლიდან დავამკვიდრეთ, უკვე ათასობით სტატიაში გამოიყენეს. ტერმინის პოპულარობის მიუხედავად, ტექნოლოგიური ტიტანების ძალაუფლების მოსათოკად ბევრი არაფერი გაკეთებულა. ეს 2021 წელს შეიცვლება. Techlash-ი მთელი სერიოზულობით დაიწყება − სასამართლოებსა და პარლამენტებში.
გამოცემათა ჰედლაინები, უმეტესად აშშ-ში, ანტისატრასტო დავებს დაეთმობა. მათგან პოტენციურად ყველაზე შორს მიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროსა და ცალკეული შტატების მიერ 2020 წლის ოქტომბერში Alphabet-ის წინააღმდეგ ერთობლივად აღძრულ სარჩელს. სარჩელით Google-ის მშობელ კომპანიას ბრალი ედება იმაში, რომ მან ონლაინ საძიებო სივრცეში თავისი დომინაცია კანონდარღვევით დაიცვა. ამასობაში, პოპულარულ ონლაინთამაშ Fortnite-ის შემქმნელი Epic Games უჩივის Apple-ს იმისათვის, თუ როგორ აკონტროლებს Apple-ი App Store-სთან წვდომას და როგორ იჯიბავს ამ საიტზე განთავსებული ტრანსაქციების უმეტესიდან 30%-იან წილს. ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ შესაძლოა Facebook-თან ანტისატრასტო დავა წამოიწყოს კონკურენციის შესაზღუდად ბაზარზე ძალაუფლების გამოყენების ბრალდებით.
ამავე დროს, გამორიცხული არაა, ყველა ეს სასამართლო დავა და სხვებიც, რომლებიც შესაძლოა მოულოდნელად აღიძრას, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. დასავლეთში პოლიტიკის განმახორცილებლები მეტწილად თანხმდებიან, რომ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ წამოწყებული სასამართლო დავები ტექ. გიგანტებთან ურთიერთობის გარკვევის საუკეთესო გზა არაა. მათი თქმით, ანტისატრასტო კანონმდებლობისა და წინსწრებით მომუშავე რეგულაციების რეფორმაა საჭირო. 2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა გამოსცა ანგარიში, სადაც ამ რეფორმის კონტურებია ნაჩვენები. უმეტესწილად, ეს 1999 წელს გაუქმებული გლას-სიგალის აქტის მსგავსი წესების შემოღებას გულისხმობს. ამ აქტით განცალკევებული იყო საინვესტიციო და კომერციული საბანკო საქმიანობა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ტექ. ინდუსტრიისათვის ამ აქტის ეკვივალენტი ციფრულ პლატფორმებს მათი მეშვეობით შეთავაზებული საქონლისა და სერვისებისგან გამიჯნავდა. სხვა სიტყვებით, Amazon-ს აეკრძალება საკუთარი პროდუქტებით ვაჭრობა თავისსავე სივრცეში, ხოლო Apple-ი თავისი აპლიკაციების გაყიდვას ვეღარ შეძლებს.
ევროკავშირი კიდევ უფრო შორს წასვლას გეგმავს. მისი ,,ციფრული მომსახურების აქტი“, რომლის გამომზეურებას 2021 წლის დასაწყისში ელიან, შეიცავს წესებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ დიდმა ონლაინფირმებმა კონტენტის მოდერირება, მიუდგნენ მომხმარებელთა საჩივრებს, როგორ მოეპყრან მეტოქეებს, რომლებიც მათ პლატფორმებს იყენებენ, ჰქონდეთ ურთიერთობა და გაცვალონ მონაცემები მეტოქე სერვისებთან. მაგალითად, Google-ს ალბათ აეკრძალება ძიების შედეგებში თავისივე სერვისებისთვის უპირატესობის მინიჭება, ხოლო Facebook-ი შესაძლოა აიძულონ გახსნას თავისი შეტყობინებების სერვისები − Messenger-ი და WhatsApp-ი მეტოქე სისტემებთან. მაგალითად, Telegram-თან და Signal-თან ინტეროპერაბელურობისათვის.
ამავე დროს, ტექ. ტიტანების კრიტიკოსებმა თავი ცრუ იმედით არ უნდა მოიტყუონ. ბაიდენის ადმინისტრაცია ალბათ უფრო გადაუდებელი, კერძოდ კი ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხების გადაწყვეტას ამჯობინებს, ვიდრე ტექნოლოგიის რეგულაციებს მიუბრუნდება. ევროკავშირი სიტლანქითაა ცნობილი, − მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის ეპოქალური დოკუმენტის შექმნას ათწლეული დასჭირდა. გარდა ამისა, რაც მეტხანს გაგრძელდება პანდემია, ადამიანები სულ უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდებიან ტექ. გიგანტების სერვისებზე და მათი პოზიციებიც უფრო მტკიცე გახდება.
სიტყვა Techlash სწრაფი ცვლილების ასოციაციას იწვევს, მაგრამ თუ ისტორია რაიმეს გვასწავლის, უნდა გვახსოვდეს, რომ ტექ. ფირმების რეგულირება ნელი, მრავალი სტარტითა და შეფერხებით, დუნე და არა ელვისებრი პროცესია. ,,ტექ-გაჭედვა“ ალბათ უფრო შესაბამისი სიტყვაა, თუმცა იგი ოქსფორდის ლექსიკონში ვერ მოხვდება.
ლუდვიგ სიგლი, აშშ-ის ტექნოლოგიის რედაქტორი, The Economist, სან ფრანცისკო