მეტი, ვიდრე მხოლოდ თამაში
2020 წელს ვიდეოთამაშების გაყიდვა ცაში აიჭრა იმის ფონზე, რომ ადამიანები შინ გამოკეტილობასთან გამკლავებას ლამობდნენ. მოინდომებენ კი ისინი ამას მაშინ, როცა მათ გარეთ გასვლის ნებას მისცემენ? ვიდეოთამაშების მორიგი თაობის კონსოლების − PlayStation 5-ისა და Xbox Series X-ის ნოემბერში გამოშვებამ მოთხოვნასთან გასამკლავებლად გაყიდვების კვოტირება მოითხოვა. მათთან ერთად, თამაშების მთელი წყება გამოვიდა. ეს მოიცავს ბლოკბასტერების სერიის ისეთ ახალ სახელებს, როგორებიცაა ,,მოვალეობის ძახილი“ და ,,მკვლელის მრწამსი“. ეს კი შინ დასარჩენად კიდევ ერთი კარგი მიზეზია.
საქმე არ გვაქვს თამაშების გაყიდვის მხოლოდ ჩვეულებრივ მოდელთან, რომლის წარმატების იმედი დირექტორებს 2021 წელსაც აქვთ. გასულ წელს ელექტრონული სპორტის მაყურებელთა რიცხვის ზრდის ბუმიც დაფიქსირდა, − ახლა პროფესიონალთა გუნდები ვიდეოთამაშებში ერთმანეთს მაყურებელთა სასეიროდ ეჯიბრებიან.პანდემიამდეც კი, კონტრტერორისტული შუტერის, ,,კონტრდარტყმისა“ (Counter strike) და ფანტასტიკური სტრატეგიული თამაშის, ,,ლეგენდების ლიგის“ (League of Legends) მატჩები მთელ სტადიონებს ავსებდა. ვირუსმა მათ უფრო დიდი იმპულსი მიანიჭა. სპორტის ტრადიციული სახეობების − ფეხბურთისა და ბეისბოლის შეჩერებასთან ერთად, ელექტრონული სპორტი, რომლის თამაში შინიდან გაუსვლელად შეიძლება, პირველად ისტორიაში მრავალი ქვეყნის ტელეეკრანებზე გამოჩნდა. ექსპერიმენტები ჩაატარეს ,,ფორმულა 1“-მა და ინგლისურმა პრემიერლიგამ. მათმა საუკეთესო სპორტსმენებმა გაუქმებული შეჯიბრის სანაცვლოდ აუდიენციას ვიდეოთამაშები აჩვენეს. სპორტის ცალკეული სახეობების გადაცემების მიმდინარეობისას, ცარიელი ტრიბუნების ,,შესავსებად“, ვიდეოთამაშების ტექნოლოგია გამოიყენეს.
ვიდეოთამაშებსა და სპორტის ტრადიციულ სახეობებს შორის გამყოფი მიჯნის თანდათანობითი გაქრობის კვალობაზე, კომპანიები 2021 წელს ელექტრონული სპორტის პოპულარობის კაპიტალიზაციას ეცდებიან. ინგლისის პრემიერლიგის ყოფილ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემის საკუთრება, ელექტრონული სპორტის ერთდროულად ოთხი სახეობის შეჯიბრებებში მოასპარეზე გუნდი Guild Esports, პროფესიონალთა დამქირავებელი ფირმების რიცხვში აღმოჩნდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამ ფირმამ 20 მილიონი გირვანქა ($26 მილიონი) მოიზიდა. ხელახლა უნდა გაიმართოს 2020 წელს პანდემიის გამო შეჩერებული ღონისძიებებიც. 2019 წელს დაწყებული და 2020 წელს გაუქმებული Fortnite-ის მსოფლიო თასის გათამაშება, სავარაუდოდ, კვლავ გაიმართება. 2019 წელს Fortnite-ის შემქმნელმა კომპანია Epic Games-მა ღონისძიების საპრიზო ფონდისთვის 30 მილიონი დოლარი გამოყო. კომპანია Blizzard-მა, რომელიც ექვსიოდე ქვეყანაში ანიმაციური ფილმის მსგავსი საბრძოლო თამაშის, Overwatch-ის ლიგებს მართავს, შესაძლოა ღონისძიებათა სტადიონებზე განახლებაც კი შეძლოს.
მოიტანს კი ელექტრონულ სპორტში ჩაყრილი ფული უკუგებას? ეს უფრო ნაკლებად ცხადია. მთელი ზრდის მიუხედავად, ელექტრონული სპორტი უპირველესად ვიდეოთამაშების მარკეტინგის ფორმაა. ის თინეიჯერებს მოსწონთ, მაგრამ მათი ყურადღება ხანმოკლეა და ამასთან, ბაზარი ახალი თამაშებით მუდმივად ივსება. სპორტის ტრადიციულ სახეობებს ბევრად ღრმა ფესვები აქვთ. ნამდვილად არაა ცხადი, რომ ელექტრონული სპორტის გუნდები თუნდაც მეორეხარისხოვანი საფეხბურთო ლიგის გუნდის ბრენდის მცირე ნაწილის შექმნას შეძლებენ. მაგრამ თუ არ თამაშობ, ვერაფერს მოიგებ.
დანიელ ნოულზი, საერთაშორისო კორესპონდენტი, The Economist