როგორ შეუძლიათ ქალაქის მერებს თავისი წვლილის შეტანა მსოფლიოს გადარჩენაში
ქალაქების მთავრობები სათავეში უნდა ჩაუდგნენ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას, − ამტკიცებს ბრისტოლის მერი მარვინ რიზი
2022 წელს ქალაქების ხელისუფლებები წინა ფლანგზე გადმოინაცვლებს, რადგანაც აშკარა ხდება გლობალური მმართველობის არაადეკვატურობა და მისი ზედმეტი დამოკიდებულება ეროვნულ მთავრობებზე. კლიმატის თემაზე კონფერენციის წინ, რომელშიც 26 ქვეყანა მონაწილეობს, ნათელი გახდება, რომ ადგილობრივი წარმომადგენლები ვერაფერს აღწევენ. მათ არ შეუძლიათ, გასცდნენ მაღალი დონის დაპირებებს კლიმატისა და მყისიერი ეკოლოგიური გამოწვევების მოგვარების თაობაზე და შემოგვთავაზონ ნათელი, გაზომვადი გეგმები საკმარისი დაფინანსებითა და შესრულების ზუსტი ვადებით.
კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას მოიგებენ ან წააგებენ ქალაქები, რომლებშიც ახლა მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს. ქალაქები მთელი ენერგიის დაახლოებით 70%-ს მოიხმარენ და გლობალურად ნახშირბადის გამონაბოლქვის სამ მეოთხედს გამოყოფენ. ეს რიცხვები ქალაქების ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. შეფასებულია, რომ 2050 წლამდე ხალხის 68% ქალაქის ტიპის დასახლებებში იცხოვრებს.
ამავდროულად, ქალაქები ცხოვრების უფრო მდგრად სტილს გვთავაზობენ. მჭიდრო დასახლებები შესაძლოა ნახშირბადის ნაკლებ გამონაბოლქვსაც გულისხმობდეს. ქალაქის ტრანსპორტისა და ენერგოსისტემების დეკარბონიზაცია მნიშვნელოვანია ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევამდე. სწორედ ქალაქებში მოახდენს კლიმატის ცვლილება გავლენას, რადგანაც სიცხის ტალღები ქალაქის ცენტრებში მცხოვრებთ დაემუქრება, ხოლო ზღვის მომატებული დონე და ექსტრემალური წვიმები სწრაფი წყალდიდობების მიზეზი გახდება.
ჩემი ქალაქი − ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფოს ძირითადი ქალაქების სიაშია და ბრიტანეთის 11 ყველაზე დიდ ურბანულ დასახლებათა ქსელში შედის. საერთო ჯამში, ჩვენზე 20 მილიონი ადამიანი და ეროვნული ეკონომიკური პროდუქტის 26% მოდის. თუმცა, აქამდე არ ყოფილა რაიმე სამთავრობო ინიციატივა, რომელიც შეგვკრებდა იმისთვის, რათა დეკარბონიზაციის თანმიმდევრული გეგმა შეგვემუშავებინა. ეს არის არასაკმარისი ქმედების საწინააღმდეგო რეცეპტი სწორედ იმ მომენტში, როცა კაცობრიობას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. თავად ეს არის შეცდომა, რომელსაც ისევ და ისევ ვიმეორებთ.
კლიმატის კონფერენცია 26-ის შედეგად მიღწეული შეთანხმებები ქალაქის მთავრობების აღზევების კატალიზატორი იქნება. თუმცა, გლობალური პოლიტიკის შემოქმედებაში ბალანსის გადანაწილების საჭიროება მხოლოდ კლიმატით არ შემოიფარგლება. მიგრაციიდან დაწყებული, ურბანული უსაფრთხოებით, პანდემიითა თუ კორპორაციების მიერ საკუთარი გადასახადების გადახდის იძულებით დამთავრებული, კრიტიკული გამოწვევები, რომლის წინაშე ახლა ვდგავართ, სულ უფრო პოსტნაციონალური ხდება. ამ გამოწვევების მოგვარება მხოლოდ ეროვნულ ხელისუფლებას არ ხელეწიფება. ბრისტოლში ჩვენ ვნახეთ, როგორ გარდაიქმნა პანდემიის პოლიტიკა უნაყოფო საპარლამენტო დებატებიდან რეალობად და აისახა ხალხის ცხოვრებაზე შინ, სკოლასა და სამუშაო ადგილზე.
ქალაქები თვითორგანიზებას ახდენენ. უკვე ჩამოყალიბდა სამასზე მეტი საერთაშორისო საქალაქო ქსელი. ზოგი გეოგრაფიულადაც ორგანიზებულია. ზოგი საერთო საკითხების გარშემო ერთიანდება. სხვები, როგორიცაა მაგალითად მერების გლობალური პარლამენტი, ქალაქების როლის გაძლიერებას ცდილობენ ეროვნულ და საერთაშორისო სახელისუფლებო სტრუქტურებში.
2018 წელს გაეროში სიტყვით გამოვედი მიგრაციაზე გლობალური შეთანხმების საბოლოო მოლაპარაკებების დროს. როგორც პირველი მერი, რომელიც სასაუბროდ მიმიწვიეს, ვამტკიცებდი, რომ ქალაქებს უფრო ძლიერი და უფრო ფორმალური როლი უნდა მიენიჭოთ მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხში. მიგრანტების უმეტესობა ქალაქს ტოვებს, ქალაქს გაივლის, ქალაქში მოგზაურობს და შემდეგ ისევ ქალაქს უბრუნდება − მათ შორის, ბრისტოლს. როგორც კლიმატის შემთხვევაში, აქაც ქალაქებს საკმარისი კომპეტენცია და ინიციატივის გამოჩენის უნარი აქვთ. გაეროს შეთანხმებას პირდაპირი გავლენა ჰქონდა ბრისტოლის მოსახლეობის ცხოვრებაზე, რომელთა უმეტესობა, ჩემსავით, პირველი ან მეორე თაობის მიგრანტია.
2016 წელს როცა პირველად ამირჩიეს, ვერ წარმომედგინა, რა კავშირი ექნებოდა ცენტრალურ საერთაშორისო მმართველობას ჩემს მერობასთან. თუმცა, ეს ინდივიდუალური ქალაქებისთვის მეტი ძალაუფლების გადაცემის არგუმენტის ბუნებრივი გაგრძელებაა. ბრისტოლის სამსახურში ყოფნა ნიშნავს იმ გარე კონტექსტისა და ძალების გათვალისწინებასა და ფორმირებაში მონაწილეობას, რაც ქალაქში ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.
აქამდე ნათქვამი არცერთი არგუმენტი ეროვნული მთავრობის დაკნინებას არ მოასწავებს. ეს უფრო იმის მტკიცებაა, რომ ეროვნულ და საერთაშორისო მმართველობაში ჯაჭვის გამოტოვებული რგოლია. ეროვნულმა ხელისუფლებამ გარკვეული ადგილი უნდა დაუთმოს და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათი ენერგიისა და ფინანსების დიდი ნაწილი ქალაქებისკენ უნდა მიმართონ. ჩემი კოლეგა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური მომავლის საბჭოს ფორუმში, მკვლევარი და ავტორი გრეგ კლარკი ამბობს, რომ ჩვენ ქალაქების საუკუნეში ვცხოვრობთ. ყველა ჩვენგანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა და საერთაშორისო ხელისუფლებამ ეს ფაქტი გაიაზროს. ქალაქის ხელმძღვანელობის თანასწორ პარტნიორად გახდომა ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის შექმნის პროცესში, ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევების მოგვარების შანსს კიდევ უფრო გაზრდის.
მარვინ რიზი, ბრისტოლის მერი