ორმაგი გათვლა
ეკონომიკის პანდემიისშემდგომი გამოცოცხლების შემდეგ, "ბრექსიტის“ გავლენა უფრო ნათელი გახდება
"ბრექსიტის“ ეკონომიკური გავლენის გამოცალკევება "კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენისაგან არც ისე ადვილია. ბრიტანეთის მიერ ევროპის ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირში გარდამავალი წევრობის საბოლოოდ დასრულება 2021 წლის იანვარში მოხდა. ევროკავშირში ექსპორტმა და იმპორტმა მოსალოდნელი კოლაფსი განიცადა. თუმცა, ქვეყანა იმ პერიოდში მესამე ეროვნული "ლოკდაუნის“ ფაზაში იმყოფებოდა და რთული სათქმელია, ეკონომიკაზე რომელმა ფაქტორმა მოახდინა უფრო დიდი გავლენა. 2022 წლის განმავლობაში, პანდემიის გავლენა ნელ-ნელა შემცირდება. თუმცა, "ბრექსიტის“ შედეგებს ქვეყანა ჯერ კიდევ შეიგრძნობს.
2021 წლის მეორე ნახევარში ბრიტანეთის მაკროეკონომიკური ამბავი უჩვეულოდ პირდაპირი იყო: ეკონომიკური მოთხოვნა იმაზე სწრაფად აღდგა, ვიდრე მიწოდება და ამას შედეგად დეფიციტი, სირთულეები და ინფლაცია მოჰყვა. როგორც საცალო მოვაჭრეების, ასევე მწარმოებლების აქციები ათეულობით წლის წინა მაჩვენებლებამდე დაეცა და ეკონომიკის მრავალი მიმართულების ფირმა მუშახელის სიმცირეზე ალაპარაკდა. ამ მოვლენათა ნაწილი გლობალური პოსტპანდემიური გამოძახილი იყო. მსოფლიო მასშტაბით მომხმარებელთა მოთხოვნის ცვლა დაფიქსირდა − შემცირდა მოთხოვნა სერვისებზე და გაიზარდა საქონელზე, ნივთებზე, რასაც დაერთო წარმოების სირთულეები: თანამშრომელთა დეფიციტი, დაგვიანებული ტრანსპორტი, "ლოკდაუნები“ და გაზრდილი ფასები ენერგოპროდუქტებზე. ამის შედეგად კი ბევრ მდიდარ ქვეყანაში საქონლის დეფიციტი შეიქმნა. თუმცა, თუკი ეს შეზღუდვები სხვაგან ნელ-ნელა იხსნება, მათი გავლენა ბრიტანეთზე უფრო დიდხანს შენარჩუნდება.
2020 წლის ბოლოს ევროკავშირთან დადებული სავაჭრო შეთანხმება ფირმებსა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საქონელზე ტარიფებსა და კვოტებს თავი აარიდონ, თუმცა მაინც უწესებს ახალ სირთულეებს მანამდე ძალიან მარტივ საზღვარზე. ევროპაში მიმავალი საკვები პროდუქტები სანიტარულ და ფიტოსანიტარულ შემოწმებას ექვემდებარება, თუმცა საბაჟო შემოწმებები პოტენციურად ყველა პროდუქტზე შეიძლება გაჭიანურდეს. ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, სრული შემოწმებების განხორციელება ევროკავშირიდან იმპორტზე 2021 წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში გადავადებული იყო, მაგრამ 2022 წელს ისინი "დასუსხვას“ დაიწყებენ. ზოგმა ევროპულმა მცირე და საშუალო ბიზნესმა უკვე გადაწყვიტა, რომ ბრიტანეთში ექსპორტი არ ღირს. ბრიტანელი საცალო მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ მოწოდების დეფიციტი 2022 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.
მუშახელის ნაკლებობა კი გაცილებით დიდხანს გასტანს. საქონლის/ნივთების დეფიციტის მსგავსად, 2021 წლის ბოლოს თანამშრომლების აყვანის სირთულეები ბრიტანეთისთვის უნიკალური ფენომენი არ იყო. თუმცა, ისევ და ისევ, ×ბრექსიტის“ გამო ამის შედეგები უფრო ხანგრძლივ კვალს დატოვებს. ფირმებს იმ სფეროებიდან, რომლებიც არაპროპორციულად ძლიერად იყო დამოკიდებული მუშებზე ევროკავშირიდან, მაგალითად, საავტომობილო გადაზიდვები, სტუმარ-მასპინძლობა და საკვები პროდუქტების გადამუშავება, განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიადგა. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად, მუშებს ევროკავშირიდან, რომლებიც მანამდე ბრიტანეთში ცხოვრობდნენ და შესაბამისი სტატუსი ჰქონდათ მიღებული, დაბრუნება შეუძლიათ. გაურკვეველია, რამდენი მოინდომებს ამას. ახალ მუშახელს ევროკავშირიდან სამუშაო ვიზის მისაღებად რთული პროცესის გავლა მოუწევს და უფრო დაბალანაზღაურებადი სამუშაო ექნება. მაღალი ანაზღაურება საბოლოოდ უფრო მეტ ბრიტანელს მიიზიდავს ისეთ სამუშაო ადგილებზე, როგორიცაა სატვირთო გადაზიდვები, თუმცა რაკი მუშახელის სიმცირე 2022 წელსაც გაგრძელდება, მთავრობა უფრო მეტ სამუშაო ადგილს შეიყვანს ×დეფიციტური საქმიანობის სიაში“ და ამ დანაკლისის შესავსებად მეტ მიგრანტს გაუხსნის გზას.
ინფლაცია 2022 წელს ინგლისის ეროვნული ბანკის სამიზნე 2%-ზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ მცირედით მოიმატებს. რაკი ეკონომიკის პანდემიისშემდგომი გამოცოცხლების ტემპი მცირდება და ფისკალური პოლიტიკა მკაცრდება, წლის მეორე ნახევარში საფასო წნეხიც შემსუბუქდება.
ბიუჯეტის პასუხისმგებლობის სამსახური, მთავრობის ეკონომიკური პროგნოზის გამკეთებელი, ვარაუდობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში "ბრექსიტის“ შედეგად ეკონომიკა 4%-ით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. ეს, ერთი მხრივ, მუშახელის ნაკლებობისა და, მეორე მხრივ, ახალი სავაჭრო დაბრკოლებების დაწესების შედეგია, რაც კონკურენციის ნაკლებობასა და წარმოების უფრო ნელ ზრდას გამოიწვევს. ამის საპირისპიროდ, "კოვიდ-19“-ის გრძელვადიანი გავლენა ინგლისის ბანკის მიერ მშპ-ის 1%-ადაა შეფასებული. ამრიგად, 2022 წლის ბოლოს "ბრექსიტი“ უფრო მეტ სირთულეს შეუქმნის საჯარო პოლიტიკის შემქმნელებს, ვიდრე "კოვიდ-19“.
დანქან უელდონი, ბრიტანული ეკონომიკის კორესპონდენტი, The Economist