ღმერთო ჩემო, ჩემთან უფრო ახლოს
რატომ ხდება ღმერთი უფრო ლიბერალური
ადრე დასჯა ძალიან ადვილი იყო. ღმერთი სჯიდა და ხალხი თრთოდა მის წინაშე, ზოგჯერ კვდებოდა კიდეც. ღმერთმა დასაჯა ამბოხებული ისრაელელები (ათობით ათასი დაიღუპა); პირველშობილი ეგვიპტელები (მთლიანად დაიხოცნენ) და ფილისტიმელები (მათ ჰემოროი შეეყარათ). სოდომელებს განსაკუთრებით გამაოგნებელი სასჯელი შეხვდათ. ძველი აღთქმის დაბადების წიგნში სოდომის მკვიდრნი აღწერილნი არიან ასე: "ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს“, ამიტომაც ღმერთმა "აწვიმა ციდამ“ სოდომს "გოგირდი და ცეცხლი“. გოგირდი საუკუნეების განმავლობაში ხრჩოლავდა. სიტყვა "სოდომი“ ხალხის სასაუბრო ენასა და ინგლისურ სამართლის წიგნებში დამკვიდრდა. ინგლისში ჰომოსექსუალური აქტები 1967 წლამდე დანაშაულად მიიჩნეოდა.
ბრიტანეთში ამჟამად დამსჯელ უფალს ნაკლებად ადიდებენ. როგორც კენტერბერის არქიეპისკოპოსმა აღნიშნა ბოლო პერიოდში, ღმერთი "სიყვარულია“. ახლა ნაკლები ადამიანი ადიდებს ჰომოფობიურ ღმერთს. 2021 წლის ივნისში მეთოდისტებმა "ლოცვისა და განხილვის შედეგად“ ხმა მისცეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებას. სექტემბერში უელსის ეკლესიამ ხმა მისცა ერთნაირსქესიანი ურთიერთობების კურთხევის ნებართვას. 2022 წელს ინგლისის ეკლესია იმავე საკითხებს განიხილავს. მტკიცებულება ცალსახაა: ღმერთი უფრო ლიბერალური ხდება.
თეორიულად ეს შეუძლებელი უნდა იყოს. იმასთან ერთად, რომ ღმერთი სიყვარულია და ზოგჯერ ჰემოროის მიზეზიც შეიძლება, გახდეს, იგი მარადიულია: ისეთივე, როგორიც გუშინ, დღეს და სამუდამოდ. და მაინც, კრიტიკოსები საუკუნეების განმავლობაში აღნიშნავდნენ, რომ იგი აშკარად არ არის ერთნაირი. ისტორიკოსებს თეორია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება. "დედამიწაზე, როგორც სამოთხეში“ − ნათქვამია ქრისტიანულ ლოცვაში. "პოლიტკომფორმიზმის“ ცნება ამტკიცებს, რომ ბრძანების ღვთიური ჯაჭვი საპირისპირო მიმართულებით მუშაობს: სამოთხეში, ისევე, როგორც დედამიწაზე. დემოკრატიულ, ლიბერალურ ერებს დემოკრატიული და ლიბერალური ღვთაებები ჰყავთ; არადემოკრატიულ და არალიბერალურ ქვეყნებს კი − საპირისპირო.
გამჭრიახმა პოლიტიკოსებმა დიდი ხანია, ეს იციან, − ამბობს ჯეიმს ქროსლი ტვიკენჰემის სენტ მერის უნივერსიტეტიდან. ღმერთს იყენებდნენ მონობისა და მისი გაუქმების, ქალების ჩაგვრისა და მათი ემანსიპაციის, ასევე უამრავი ომის გასამართლებლად. ღმერთი "რთული არსებაა“.
შესაძლოა, ეს არსება კიდევ უფრო ჩახლართული გახდეს და ღვთაება, რომელმაც ოდესღაც განაცხადა: "არ დაწვე კაცთან ისე, როგორც ქალთან წვები. ეს სისაძაგლეა“, შესაძლოა ინგლისის ეკლესიაში 2022 წელს გამოიყენონ ერთნაირსქესიანთა კურთხევის გასამართლებლად. ხოლო ტრადიციონალისტები კიდევ უფრო მეტი ცვლილებებისთვის უნდა მოემზადონ.
ავიღოთ ღმერთის ნაცვალსახელები, რომლებიც ყველა ნაცვალსახელის მსგავსად, ამჟამად კამათის საგანია, რადგანაც ზოგი მას ახლა ქალის ნაცვალსახელითაც მოიხსენიებს. როგორც ყოველთვის, არსებობს ბუნდოვანი ისტორიული ტექსტები, რომლებიც ამა თუ იმ მტკიცებას ადასტურებს: ანტიკური სირიელი ქრისტიანები სულიწმიდას ქალის ნაცვალსახელით მოიხსენიებდნენ. შესაბამისად, თუკი იგი (კაცის ნაცვალსახელი) ახლა ჩახლართულად გამოიყურება, შესაძლოა, მისი აღქმა ბევრად ჩახლართული გახდეს.
ქეთრინ ნიქსი, ბრიტანეთის კორესპონდენტი, The Economist