მაუწყებლობის ბლუზი

ბრიტანეთის მთავრობასაც და აშშ-ის სტრიმინგ-პლატფორმებსაც BBC-ზე უჭირავთ თვალი

 

პირველი რადიომაუწყებლობა 1922 წლის 14 ნოემბერს შედგა, მაშინ "ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის“ სახელით ცნობილი მაუწყებლის მიერ. "საუბრობს 2-ელ-ოუ, მარკონის სახლი, ლონდონი“. რადიოსადგურის სახელწოდება "2-ელ-ოუ“ ("ელ ოუ“ − ლონდონის შემოკლებული სახელი) ფოსტის სამსახურის მიერ მათთვის მინიჭებული სამაუწყებლო ლიცენზიის ნომრიდან მომდინარეობდა. არტურ ბაროუსი, BBC-ის პროგრამების დირექტორი, ახალ ამბებსა და ამინდის პროგნოზს კითხულობდა ორჯერ, თავიდან სწრაფად და შემდეგ ნელა, იმისათვის, რომ მსმენელებს ჩანიშვნები გაეკეთებინათ.

ასი წლის შემდეგ, კორპორაცია, როგორც BBC-ის შემდგომში დაერქვა, გახდა წელიწადში 5.1-მილიარდფუნტიანი (7-მილიარდდოლარიანი) ორგანიზაცია, რვა ეროვნული სატელევიზიო არხი, 50-ზე მეტი რადიოსადგური, ფართოდ განვითარებადი ვებგვერდი და აპლიკაციები, ისევე, როგორც მსოფლიო მასშტაბის სამსახური, რომელიც 43 ენაზე მაუწყებლობს. მიუხედავად ამისა, 100 წლის თავზე იგი თავს მოწყვლადად გრძნობს, შინაც და საზღვარგარეთაც.

დავიწყოთ შინიდან. BBC-ის სათავო ოფისიდან მეტროპოლიტენის ორ გაჩერებაში, დაუნინგ სტრიტ 10-ში ამჟამად მცხოვრები ბორის ჯონსონი აპირებს, "მოათვინიეროს“ კორპორაცია, რომელმაც "ბრექსიტს“ დამანგრეველი უწოდა (თუმცა, "ბრექსიტის“ ზოგი მოწინააღმდეგე ამბობს, რომ იგი საკმარისად კრიტიკული არ არის). მთავრობამ მიანიშნა, რომ სურს ლიცენზიის თანხა შეამციროს, გადასახადი ყველა ოჯახიდან, რაც BBC-ის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენს. ჯონსონმა სათავეში მისთვის ხელსაყრელი უფროსები დააყენა: რიჩარდ შარპი, BBC-ის თავმჯდომარე, კონსერვატიული პარტიის დონორი და "ბრექსიტის“ მხარდამჭერი; სერ რობი გიბი, BBC-ის სამეურვეო საბჭოში მთავრობის მხრიდან ბოლო დანიშნული პირი. იგი ტერეზა მეის პრემიერმინისტრობის დროს დაუნინგ სტრიტზე კომუნიკაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ნადინ დორისმა − კულტურის ახალი მდივანმა, ლიცენზიის ამ გადასახადს "საბჭოთა სტილის ქვეყანაში დარჩენა“ უწოდა.

მიმდინარე წელს მეტი შესაძლებლობა იქნება კორპორაციის ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად. კომუნიკაციების სამსახურს, მაუწყებლობის რეგულატორს, თავმჯდომარე სჭირდება. ბატონი ჯონსონი "დეილი მეილის“ ყოფილ რედაქტორ პოლ დაკრს უჭერს მხარს. ამ უკანასკნელმა BBC "კულტურული მარქსიზმის“ განხორციელებაში დაადანაშაულა. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა საბჭომ 2021 წელს მას უარი უთხრა, მთავრობა თავიდან ატარებს შერჩევის პროცესს. BBC-ის ახალი ამბების ხელმძღვანელი ფრან ანსვორტი იანვარში გადადგება. რედაქტორების პოზიციებზე დანიშვნა, იდეურად, შიდა ორგანიზაციული გადაწყვეტილებაა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მთავრობას, შეწინააღმდეგებოდა BBC-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელ პოზიციაზე ბოლო კანდიდატის დანიშვნას.

იანვარში "მეოთხე არხის“ ხელმძღვანელობაც შეიცვლება. "მეოთხე არხი“ საჯარო მფლობელობაში არსებული არხია, რომელიც რეკლამებით ფინანსდება და 2022 წელს ასევე მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს − 40 წლის იუბილეს, რომელიც სულ რამდენიმე კვირით ადრე აღინიშნება, ვიდრე BBC-ის დიდი დაბადების დღე. "მეოთხე არხის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე, ჩარლზ გურასა, მაუწყებლის პრივატიზაციის სამთავრობო გეგმას ეწინააღმდეგება. მისი შემცვლელი, რომელსაც კომუნიკაციების სამსახური და მთავრობა ერთობლივად დანიშნავენ, ალბათ უფრო გახსნილი იქნება ამ იდეის მიმართ. დაუნინგ სტრიტიდან წამოსული ყველა გამოწვევა არაფერია იმასთან შედარებით, რაც BBC-ის საზღვარგარეთიდან ემუქრება. ვიდეოსტრიმინგი ნიშნავს, რომ BBC პირდაპირ კონკურენციაშია ჰოლივუდთან და სილიკონის ველთან. "ნეტფლიქსმა“ თავის ხელში აიღო BBC-ის IPLAYER, როგორც ბრიტანეთის ყველაზე ხშირად გამოყენებული სტრიმინგსერვისი იგი არცთუ მცირე მნიშვნელობის მოვლენაა, რადგანაც IPLAYER-ი ლიცენზიის გადამხდელთათვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. თვრამეტ წლამდე ასაკის ახალგაზრდებში "ნეტფლიქსი“ ორჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე IPLAYER-ი, რომელიც თავის მხრივ ჩამორჩება "ამაზონ პრაიმ ვიდეოსა“ და YouTube-ს. გლობალურ სტრიმინგპლატფორმებს ისეთი მასშტაბის ეკონომიკა აქვთ, რომ BBC მათ ვერ შესწვდება. თუკი IPLAYER-ს 11 ათასი საათის ხანგრძლივობის კონტენტი აქვს, "ნეტფლიქსსა“ და "ამაზონს“ 40 ათასი აქვთ თითოეულს. თანაც, სტრიმინგის სივრცე სტაბილურად უფრო ხალხმრავალი ხდება (იხ. კულტურის სექცია).

ამ წნეხის პარალელურად, BBC ხაზს უსვამს მის როლს საჯარო სამსახურში. 2020 და 2021 წლის "ლოკდაუნების“ დროს მან სწრაფად შექმნა ონლაინრესურსები, მაშინ, როცა "ნეტფლიქსი“ და YouTube-ი სასაცილო და დეზინფორმაციულ კონტენტს სთავაზობდნენ მაყურებელს, შესაბამისი თანმიმდევრობით. BBC-ის იმედი აქვს, რომ ამ უპირატესობას კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს 100 წლის იუბილეზე, რისი ნაწილიც სკოლებში შეღწევა იქნება.

"მეოთხე არხის“ მსგავსად, მისი კიდევ ერთი საკვანძო უპირატესობა ბრიტანეთში სატელევიზიო ინდუსტრიის განვითარება იქნება. ჰოლივუდის სტრიმინგსერვისების გაფართოება კონტენტის ადგილობრივ შემქმნელებს ნაკლებად დამოკიდებულს ხდის ბრიტანულ მაუწყებლებზე (ამჟამად "ნეტფლიქსია“ ევროპაში ახალი სცენარით შექმნილი კონტენტის ყველაზე მსხვილი დამკვეთი). თუმცა, სტრიმინგპლატფორმები ქმნიან მხოლოდ იმას, რაც გლობალურ მაყურებელზე იმუშავებს და არა კონკრეტულად ბრიტანულ კონტენტს, რაც მოიცავს ისეთ ჯანსაღ სერვისებს, როგორიცაა "ალბა“ − BBC-ის გალურენოვანი არხი შოტლანდიაში, და "ხრინწიან ჰიტებს“, როგორიცაა "მეოთხე არხის“ "დერის გოგოები“.

ეს მაგალითები ხაზს უსვამს საზოგადოებრივი მაუწყებლების კიდევ ერთ სიძლიერეს: გაერთიანებული სამეფოს დანაწევრებული ერების საზიარო კულტურის შენარჩუნებას. ჯონ რეიტი − BBC-ის პირველი გენერალური დირექტორი აღწერდა, თუ როგორ ×ერთ კაცად ქმნიდა ერს“ მაუწყებლობა, რაც ფრიად გასათვალისწინებელია ბატონი ჯონსონისთვის, რომელიც დაფლეთილი გაერთიანების შენარჩუნებას ცდილობს.

ტომ უიენვრაიტი, მედიარედაქტორი, The Economist