ისინი ზურგს არ გიმაგრებენ!
მთავრობას ყველაზე სერიოზულ ოპონირებას "ტორები“− პარლამენტის კონსერვატორი წევრები გაუწევენ
წესით, ბორის ჯონსონისთვის 2022 წელი მარტივი უნდა იყოს. მთავრობა პარლამენტში უმრავლესობითაა წარმოდგენილი, 80 წევრით, რაც მარგარეტ ტეტჩერის პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალი რიცხვია. მინისტრთა კაბინეტი ×მოღიმარი პუდელებითაა“ სავსე. სერ კეირ სტარმერი ისევ ცდილობს ×წიხლითა და წიოკობით“ ლეიბორისტული პარტიის ამოთრევას მემარცხენე "ყამირიდან“. მისტერ ჯონსონმა კი გამოწვევებითა და მგზნებარებით სავსე დღის წესრიგი დააწესა − რეგიონულად და სოციალურად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დანაწევრებული ქვეყნის "ფეხზე წამოყენება“. თუმცა, პრემიერმინისტრს მაინც საკმაოდ მძიმე წელი ელოდება, რადგან ხიფათი არა სერ კეირის ოპოზიციური პარტიიდან, არამედ მისი "უკანასკამელებისგან“ [გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრები, რომლებიც არც მმართველ და არც ოპოზიციურ პარტიას არ წარმოადგენენ და თემთა პალატის წარმომადგენელთა უკან სხედან] მომდინარეობს.
კონსერვატიულ პარტიას ყველაფერი აქვს, რაც დიდი ხათაბალის შექმნისთვის სჭირდება: მტკიცე მეამბოხეთა ჯგუფი; შიდა დანაწევრება ყველა საკითხზე − საბიუჯეტო ხარჯვიდან დაწყებული, საგარეო პოლიტიკით დამთავრებული; "დაუნინგ სტრიტის“ სუსტი ოპერაცია; და ამბოხების ჩვეულება. პარტიის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ მზარდი წინააღმდეგობის წყალობით, მთავრობის არსებული უმრავლესობა არა 80, არამედ 20 უფროა − დაახლოებით იგივე რიცხვი, რაც ჯონ მეიჯორის პრემიერმინისტრობის დროს იყო, რა პერიოდიც მუდმივი ამბოხითა და შეთქმულებით, და უკიდურესად განუსაზღვრელი მხარდამჭერი ხმებით ხასიათდებოდა.
რატომ ხდება ძალაუფლების წყურვილით ცნობილი პარტია ასეთი დაუმორჩილებელი? ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ იგი პარლამენტში 2010 წლიდანაა წარმოდგენილი, ან მარტო, ან როგორც კოალიციის წევრი. ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი წელი კი ზრდის პარლამენტის წევრთა რაოდენობას, რომელთა დისციპლინირება ძნელია, რადგანაც მათ უკვე აქვთ პარლამენტში ყოფნისა და ყურადღების მიღმა დარჩენის გამოცდილება (როგორც ტერეზა მეის და დევიდ დევისის შემთხვევაში), ან რადგანაც მათ ხელი ჩაიქნიეს იმაზე, რომ ოდესმე დაწინაურდებიან. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ პარლამენტის წევრები უფრო და უფრო ხშირად იქცევიან ისე, როგორც პოლიტიკური ანტრეპრენერები, და არა როგორც პარტიის მექანიზმის შემადგენელი ნაწილები: მათი წარმატების გზა მათ ინდივიდუალურ ბრენდზე გადის, რასაც მედიაში წარმოჩენით ქმნიან.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იდეოლოგიაში მდგომარეობს: კონსერვატიული პარტია შუაზეა გაყოფილი, მის ტრადიციულ მხარდამჭერებს, შეძლებულ საგრაფოებსა და ინდუსტრიულ სამხრეთში მოპოვებულ ახალ მხარდამჭერებს შორის. როგორც საგრაფოს კონსერვატორები ამტკიცებენ, არავინ ხდება კონსერვატიული პარტიის წევრი იმის გამო, რომ გადასახადები გაზარდოს და სახელმწიფო გააფართოოს. თუმცა, "ბრექსიტის“ მიერ გამოწვეულმა რყევებმა "ტორებს“ მუშათა კლასის წარმომადგენელ ამომრჩეველთა კლასტერი შეუქმნა, რომელიც უფრო მეტადაა დამოკიდებული სახელმწიფოზე, ვიდრე მისი ტრადიციული ამომრჩევლები. მან პარტიას ასევე ახალი დღის წესრიგი დაუწესა − მდგომარეობის გაუმჯობესება უკეთესი შესაძლებლობების შექმნით მათთვის, ვინც მანამდე ყურადღების მიღმა იყო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უფრო მაღალ გადასახადებსა და მიწისა და განაშენიანების სფეროში უფრო მსუბუქ კანონებს ნიშნავს.
სერ გრემ ბრეიდი, 1922 კომიტეტის − "უკანასკამელების“ პროფკავშირის თავმჯდომარე, პოლიტიკაში ცენტრალური ფიგურა იქნება: იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, არსებული მდგომარეობით, ვიდრე მთავრობის კაბინეტის მინისტრთა უმეტესობა. ალბათ, იმაზე მნიშვნელოვანიც, ვიდრე ოპოზიციის ოფიციალური ლიდერი.
ადრიან ვულდრიჯი, "ბეიგჰოთის“ სვეტის ავტორი, The Economist