ერის მდგომარეობა

2022 წლის საზეიმო ღონისძიებები ბრიტანეთის წარსულსა და მის გაურკვეველ მომავალს უსვამს ხაზს

 

ბრექსიტის პოლიტიკური მღელვარებისა და "კოვიდ-19“-ის გახანგრძლივებული გასაჭირის შემდეგ, ბევრი ბრიტანელი 2022 წელს კარგი ამბებისა და განწყობის მოლოდინში იქნება და სამეფო კარიც არ დააყოვნებს. ექვს თებერვალს დედოფალი ელისაბედ მეორე პირველი ბრიტანელი მონარქი გახდა, რომელიც უკვე 70 წელია მეფობს. პლატინის იუბილეს აღნიშვნის მთავარი ნაწილი სამეფო ოჯახის წევრების მიერ წლის განმავლობაში ქვეყანაში მოგზაურობაა (პანდემიამ "ლენტის გაჭრის“ ჩვეული ღონისძიებების დიდ ნაწილს ხელი შეუშალა). ასევე, ღონისძიებების შუაგულს დამატებით დასვენების დღეები გამოცხადდა: ოთხდღიანი საიუბილეო უიკენდი ივნისში. ღონისძიებების განრიგმა სამხედრო აღლუმები, საზეიმო სანახაობები და ბუკინგემის სასახლეში პოპკონცერტი მოიცვა.

წითელი მუნდირები და ბეწვის კივერები, მათ თავზე რეაქტიული თვითმფრინავების ღმუილი, აივნიდან ხელის დაქნევა, ცნობილი სტუმრები და კილომეტრებზე გადაჭიმული ალმები ინგლისის ნამიანი ცის ქვეშ − ყოველივე ეს ნაცნობი "ლუკმა“ იყო ტელევიზიის მაყურებლებისთვის, რომლებიც 1977 წლის ვერცხლის იუბილეს შემდეგ რეგულარულად ×იკვებებოდნენ“ სამეფო ქორწილებითა და იუბილეებით. ამ ღონისძიებების დროს ხეივანში დგომა საათივით აწყობილ სატელევიზიო შოუში მონაწილეობას ნიშნავს, ისეთში, რომელიც მუსიკის ინდუსტრიის ნებისმიერ შოუს გაუწევდა კონკურენციას. სწორედ ამის შედეგია მონარქია, რომელიც ერთდროულად ახლობელიცაა, მიუწვდომელიც და უნივერსალურიც.

2022 წლის საზეიმო ღონისძიებებს სევდიანი ელფერიც დაჰკრავდა. აპრილში დედოფალი 96 წლის გახდა და, ზოგადად, კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მას მცირე სირთულეების გადატანა მოუხდა. ამიტომაც მათ, ვინც საზეიმო ღონისძიებებს შინ, ტელევიზორში ადევნებდნენ თვალს, აუცილებლად გაიფიქრეს, რომ ეს მისი მმართველობის ბოლო გრანდიოზული სანახაობა იყო. მცველების მარშის პარალელურად საზოგადოება ჩაფიქრდებოდა იმაზე, თუ როგორი იქნება მონარქია, რომელსაც ერთ დღესაც დედოფალი დატოვებს. მას შესაძლოა აღარ შერჩეს ისეთივე ავტორიტეტი და სიყვარული. მისი მემკვიდრე − პრინც ჩარლზი დედაზე გაცილებით ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ტახტზე ასვლის შემდეგ შეიძლება ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალოს. დედოფალი პოლიტიკურად ამოუცნობი და მორალურად უზადოა. პრინც ჩარლზს კი საკუთარი მოსაზრებები ყველა საკითხზე აქვს გაჟღერებული და მისი ქორწინებაც საჯაროდ ჩამოიშალა. "ნეტფლიქსის“ სერიალ "გვირგვინის“ მეხუთე სეზონი, რომელიც პრინცესა დაიანასთან მის განქორწინებას ასახავს, 2022 წელს გავა ეთერში. ამ დრომდე სერიალში იგი მიუტევებლად იყო წარმოჩენილი.

ბრიტანელები შეიძლება, იმაზეც დაფიქრდნენ, რომ დაისს უახლოვდება მათი ეპოქა: რასაც 1945-1951 წლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კლემენტ ეტლი "ახალი ელისაბედის ხანას“ უწოდებდა − რეაქტიული თვითმფრინავების, ტელევიზიისა და კონტრაცეფციის აბების ხანა. ეს იქნება პარალელებით სავსე წელიწადი, განსაკუთრებით ხაზგასმული მთავრობის მიერ ორგანიზებულ კულტურულ ფესტივალზე. როგორც 1951 წლის ბრიტანეთის ფესტივალის დროს, ახლაც იქნება იმის მცდელობა, რომ ქვეყნის არსი მეცნიერებაში, მათემატიკასა და ინჟინერიაში გადმოიცეს, რასაც ცინიზმის ტალღა მოჰყვება. იმ ეპოქის პოლიტიკაც განმეორდება: სტაბილურობის პერიოდი ორპარტიული დომინირების პირობებში; უკეთესი სკოლების, საავადმყოფოებისა და საცხოვრებელი პირობების ინტენსიური მოთხოვნის შესასრულებლად ბრძოლა; და მღელვარება საერთაშორისო არენაზე ბრიტანეთის ადგილის თაობაზე.

იუბილე ისე მხიარულად არავინ იზეიმეს, როგორც ჩრდილოეთ ირლანდიელმა იუნიონისტებმა, ვისთვისაც სამეფო ტახტის ერთგულება პოლიტიკური იდენტობის ღერძია. უმსხვილეს იუნიონისტურ − "დემოკრატიული იუნიონისტების პარტიას“ ბრიტანეთის მთავრობის ×ბრექსიტ“-შეთანხმების გაუქმება სურს. "ბრექსიტმა“ ირლანდიის ზღვაში ახალი სავაჭრო საზღვარი გააჩინა. ამის გამო მათ შეიძლება უარი თქვან პირველი მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებაზე, რასაც ხელისუფლების გადანაწილების შეთანხმების კოლაფსი მოჰყვება. ეს კი ჩრდილოეთ ირლანდიის უფლებამოსილი ხელისუფლების მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ამის შედეგად კვლავ საჯარო მოხელეებს მოუწევთ ხელისუფლების გაძღოლა, როგორც 2017-იდან 2020 წლამდე პერიოდში იყო.

2022 წელს კიდევ ერთი იუბილეა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ნაკლებად აღინიშნება: თანამედროვე ირლანდიის რესპუბლიკის წინამორბედი − ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს დაარსების ასი წლისთავი. 1922 წელს ეგვიპტემაც მოიპოვა დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან. ის წელი ბრიტანეთის იმპერიის პიკი აღმოჩნდა და ამავდროულად მისი ჩამოშლის ათწლეულების დასაწყისი. რამეთუ ის, რაც მყარი ჩანს, შეიძლება, ძალიან მალევე მყიფე აღმოჩნდეს.

მეთიუ ჰოულჰაუსი, ბრიტანეთის კორესპონდენტი პოლიტიკის საკითხებში, The Economist