ახალი შოტლანდიური ავტორიტარიზმი

შოტლანდიის ახალი აქტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ სიტყვის თავისუფლებაზე შემბოჭავ ეფექტს მოახდენს

  

"თავისუფლებაზე“, სიტყვის თავისუფლების უდიდეს დამცავ ტექსტში, რაც კი ოდესმე დაწერილა, ჯონ სტიუარტ მილი, შოტლანდიელი ფილოსოფოსისა და ეკონომისტის შვილი, გმობდა "შეუცდომლობის დაშვებას“ − როცა ისეთი დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში, რომ საკუთარ თავზე იღებ საკითხის მოგვარებას ყველას ნაცვლად და "საშუალებას არ აძლევ მათ, მოისმინონ, მოწინააღმდეგე მხარე რას იტყვის“. ნეტავ ახლა უსმენდნენ მას შოტლანდიელი პოლიტიკოსები. ქვეყნის ახალი აქტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ, გარკვეულ პოლიტიკურ არგუმენტებზე შვიდ წლამდე ციხის სასჯელს ითვალისწინებს. იგი სიძულვილის "გამოწვევის“ სამართალდარღვევას აწესებს და კრიმინალიზებას უწევს ისეთ შემთხვევებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი და წამქეზებელია, მაგრამ რეალურად არანაირი ზიანი არ მოაქვს და კონკრეტული ქმედების გამოწვევას არ ისახავს მიზნად. ამასთან, იგი კერძო საუბრებსაც მოიცავს, მათ შორის შინ.

როგორც შოტლანდიის პარლამენტში ამ საკითხზე გამართული დებატებიდან გახდა ცხადი, იგი მნიშვნელოვანწილად იმ ქალების დადუმებისკენ იყო მიმართული, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ერთი სქესისთვის განკუთვნილ ადგილებსა და სერვისებზე წვდომა ბიოლოგიური სქესის მიხედვით უნდა განისაზღვრებოდეს და არა თვითგამოცხადებული გენდერული იდენტობის მიხედვით. საუბარი, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანისთვის, რომლის იდენტობაც დაბადებისას მის სქესს არ შეესაბამება, შეურაცხმყოფლად მიიჩნევა, კრიმინალიზებულია; ხოლო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება მათი სქესის გამო − არა. შემოთავაზება ფაქტობრივი განცხადებებისთვის დაცვის გამოკვეთის შესახებ, როგორიცაა ის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მათი ბიოლოგიური სქესის შეცვლა, ჩაიშალა.

ინგლისსა  და უელსში "წამქეზებელი“ სამართალდარღვევები, რომლებიც რასას, რელიგიასა და სექსუალობას ეხება, ვიწროდ გაწერილია და იშვიათად თუ გამოიყენება. ამის საპირისპიროდ, ახალი შოტლანდიური სამართალდარღვევების საწინააღმდეგო დევნა დიდი მიზანდასახულობითაა მოსალოდნელი. 2021 წელს მარიონ მილარი ფემინისტური ჯგუფიდან "ქალებისთვის შოტლანდია“, არსებული კანონების მიხედვით იდევნებოდა მას შემდეგ, რაც ტრანსფობიური ტვიტების გაგზავნაში დაადანაშაულეს. საბოლოო ჯამში, ეს საქმე შეჩერდა, თუმცა, დიდი დანახარჯებისა და სტრესის შემდეგ. ახალი აქტი მსგავს დევნას უფრო გააადვილებს.

ეს შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ყველაზე ბოლო ავტორიტარული ნაბიჯია. ეს პარტია უკვე ათი წელია შოტლანდიის პარლამენტში დომინირებს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი აქცენტი შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე, რამაც მას პარლამენტში თითქმის უმრავლესობა მოუტანა, საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს თანმიმდევრული პოლიტიკური ფილოსოფიის მიყოლას ან კრიტიკოსების ნათქვამის გათვალისწინებას. 2012 წელს პარტიამ მიიღო კანონი, რომელიც ფეხბურთის მატჩებზე ფანატიკოსების სიმღერის კრიმინალიზაციას ახდენდა. 2018 წელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების გამო, ეს კანონი გააუქმეს. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გეგმა პირადი სივრცის უფლებას არღვევდა, პარტია აიძულეს, გაეუქმებინა ×სახელობითი პირების“ სქემა, რომელიც საჯარო მოხელეს პასუხისმგებლობას აკისრებდა ყველა ბავშვზე. მარტში მიღებული ამ ბოლო აქტის აღსრულების დაყოვნება შესაძლოა თავდაჯერებულობის სიმცირის ნიშანი იყოს. ცვლილების არმიღების შემთხვევაში შესაძლებელია, იგი საკანონმდებლო გამოწვევების წინაშე დადგეს, − ამბობს ჯოანა ჩერი, ხარისხის კონტროლის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც პარტიის წარმომადგენელია ვესტმინსტერში და საკუთარი პარტიული მიკუთვნებულობის მიუხედავად მის მილარის წარმომადგენელი იყო.

"სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კანონები ხშირად საბოლოო ჯამში უმცირესობების კრიმინალიზებას ახდენს“, − ამბობს ბეტ გროსმანი, ადვოკატი, რომელიც მედიასამართლის მიმართულებით მუშაობს, − "მათ შორის ისეთების, რომელთა დაცვაც ამ კანონების მთავარ მიზანს წარმოადგენს“. "და მათ "შემბოჭავი ეფექტი“ აქვთ“, − ამბობს ის, რადგან ხალხი ბოროტი განზრახვით დასმენის შიშის გამო თვითცენზურას ეწევა. მილის თქმით: "გაუზომავი გაკიცხვა, მეტად გავრცელებული აზრის სასარგებლოდ, ნამდვილად არ აჩერებს ხალხს იმისგან, რომ საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოხატონ, და იმისგანაც, რომ მოუსმინონ მათ, ვინც ამ მოსაზრებებს აჟღერებს“.  

ჰელენ ჯოისი, ბრიტანეთის რედაქტორი, The Economist