მანიქეისტური და არაორგანიზებული
ამერიკასა და ჩინეთს შორის არსებული მეტოქეობა განსაზღვრავს პოსტკოვიდურ მსოფლიოს, − ამტკიცებს ზენი მინტონ ბედოუსი
პელოპონესის ომის კლასიკურ მიმოხილვაში თუკიდიდემ დაასკვნა, რომ კონფლიქტი გამოიწვია ათენის მზარდმა გავლენამ, რამაც სპარტელებში შიში ჩანერგა. 2015 წელს გამოქვეყნებულ ნარკვევში ×თუკიდიდეს მახე“, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა გრემ ალისონმა შეისწავლა, იგივე დინამიკა ამერიკა-ჩინეთის შემთხვევას ხომ არ მიესადაგებოდა. მან გამოავლინა 16 ისტორიული ეპიზოდი, როდესაც გაბატონებული ძალის პოზიციები მეტოქემ შეარყია. ამათგან 12 შემთხვევაში ცვლილება ომით დასრულდა. მისი დასკვნით, დღეს იგივე შეიძლება გარდაუვალი არ იყოს, მაგრამ მახისთვის თავის არიდება "უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს“.
ბატონი ალისონის ანალიზს ყურადღებით გაეცნენ ვაშინგტონსა და პეკინში. თუმცა, მიუხედავად ამისა, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიო ზესახელმწიფოსა და მის აზიურ მეტოქეს შორის ურთიერთობის ასეთი გაუარესება იმაზე მეტყველებს, რომ ისტორიულ გაკვეთილებს ცოტა თუ ითვალისწინებს. სი ძინპინის ჩინეთი საზღვრებს გარეთ უფრო აგრესიულად აქტიური, შინ კი მეტად ავტორიტარული გახდა. ჯერ დონალდ ტრამპის და ახლა ჯო ბაიდენის დროს, ჩინეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკა თავდაჯერებული რწმენიდან, რომ შესაძლებელი იქნებოდა მისი ინტეგრირება ამერიკის ნაკარნახევ არსებულ მსოფლიო წესრიგში, შეიცვალა პოლიტიკით, რაც უფრო ახლოსაა პარანოიდულ თავშეკავების პოლიტიკასთან, რომლისთვისაც ნიშანდობლივია ჩინეთის ზრახვებისადმი ეჭვი და შიშნარევი ორპარტიული კონსენსუსი, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების გლობალურ ლიდერობას საფრთხე ემუქრება.
ამ მზარდმა ანტაგონიზმმა უკვე მოიტანა დიდი ზიანი, სატარიფო ომიდან დაწყებული ტაივანში გამწვავებული დაძაბულობით დამთავრებული. ამან შეასუსტა მსოფლიოს რეაგირება COVID-19-ის გლობალური კლიმატის ცვლილების საკითხებზე.
ბატონმა ბაიდენმა სწორედ ასე დაახასიათა და განაცხადა, რომ დასავლური დემოკრატია "კონკურენციაშია“ ავტოკრატიულ ხელისუფლებებთან, თუ რომელი სისტემაა უფრო ეფექტიანი სწრაფად ცვალებად 21-ე საუკუნეში. მსგავსია სი ძინპინის ფორმულირებაც, რაზეც უამრავი ფაქტი მეტყველებს: იგი არაერთგზის აცხადებს, რომ კოლექტიური სახელმწიფო კონტროლი აშკარად ჯაბნის უუნარო დასავლურ დემოკრატიას.
2022 წელს გლობალურ პოლიტიკურ სცენაზე განვითარებული მოვლენები ამ შეხედულებებს გააძლიერებს. თებერვალში, ზამთრის ოლიმპიური თამაშებით დაწყებული და მოგვიანებით, ამავე წელს, კომუნისტური პარტიის 20-ე ყრილობით დამთავრებული, ჩინეთი განახორციელებს მჭიდროდ ორკესტრირებული ღონისძიებების სერიებს, რომლის მიზანიც იქნება პარტიული მმართველობის კომპეტენტურობის, ძალაუფლებისა და ყოვლისმომცველი უპირატესობის წარმოჩენა და ბატონი სის სახელმწიფოს სათავეში გაფორმება იმ ათწლიანი ვადის მიღმა, რაც აქამდე ნორმად მიიჩნეოდა.
სი, რომელსაც უნდა დაემორჩილო
პარტია ყოველ ღონეს მიმართავს, არასტაბილურობის ან რაიმე სახის კრიტიკის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, სინძიანში, ჩინეთის "საგანმანათლებლო-გადამზადების“ ბანაკებით აღშფოთებული დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეების პროტესტის უხერხული რისკი ოლიმპიადაზე მოგვარდა იმით, რომ დაწესდა მკაცრი "კოვიდ-ბაბლი“, რაც უცხო ქვეყნების მაყურებლებს თამაშებზე დასწრებას უკრძალავს. საშინაო ფრონტზე, პარტიის რიგებში ნებისმიერ მღელვარებას ბატონი სის მხრიდან მისი მმართველობის ვადების ლიმიტის უგულებელყოფის გამო, პარტია უშეღავათო წმენდით შეხვდება. ოფიციალური პირები იზეიმებენ "ახალი ეპოქის“ განთიადს: როცა ბატონი სი სრულად გააკონტროლებს პარტიას, სადამდეც მოესურვება.
ამავდროულად, დასავლური დემოკრატია მთელ თავის იმედისგამაცრუებელ ქაოსურობას წარმოაჩენს.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება თავად შეერთებული შტატები იქნება. შუალედური არჩევნების წლები, როგორც წესი, არის პერიოდი, რომლის დროსაც საკანონმდებლო გზებით ცოტა რამ მიიღწევა და პარტია, რომელიც დღეს თეთრ სახლში მასპინძელია, კონგრესში წარმომადგენლობას კარგავს. 2022 წელი ამ შუალედური წყევლის განსაკუთრებით ექსტრემალური მაგალითი იქნება. მაშინაც კი, თუ ბატონი ბაიდენი ინფრასტრუქტურისა და სოციალური ხარჯების პაკეტის "ხელახალი უკეთესი აღმშენებლობის“ (Build Back Better) რაიმე ვარიანტის მიღებას მოახერხებს, იგი 2022 წელს კვლავაც მზარდი ინფლაციისა და მიწოდების დეფიციტით შერყეული პოპულარულობით იწყებს. წარმომადგენელთა პალატაში 8-ადგილიანი სხვაობით, სენატში კი 50/50-ზე დაყოფით, დემოკრატები ორივე მიმართულებით კონტროლის დაკარგვის სერიოზული რისკის წინაშე არიან, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც სრულად ბატონი ტრამპის გავლენის ქვეშაა, გადმოიღო ამ უკანასკნელის ცრუ ნარატივი, რომ 2020 წლის არჩევნები მოიპარეს და უამრავ შტატში, სადაც საკანონმდებლო პარტია საკანონმდებლო ორგანოებს აკონტროლებს, ცვლის კანონებს, რათა არჩევნებზე ზედამხედველობა მათ სასარგებლოდ გადაიხაროს.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს წელი, თითქმის გარდაუვალია ფაქტი, რომ ბატონი ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება 2024 წლისთვის, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის პოლიტიკურ დებატებს გადაფარავს სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საკონსტიტუციო კრიზისის შიში. ამერიკის საზღვრებს მიღმა კი ყველას, ვინც ბატონ ტრამპს საშინელ შეცდომად მიიჩნევდა, მისი დაბრუნების პერსპექტივაზე გააჟრჟოლებს.
ამავდროულად ეკონომიკურ ასპარეზზე...
მაშინ, როცა პოლიტიკის თეატრი დასავლურ დემოკრატიას, ჩინურ ავტოკრატიასთან შედარებით, უუნაროდ წარმოაჩენს, შესაძლოა 2022-მა წელმა ეკონომიკური მმართველობის ყველაზე კომპეტენტური სისტემის განსხვავებული ვერდიქტი შემოგვთავაზოს − იქნება ეს ტექნოლოგიური კომპანიების საკითხი თუ პოსტპანდემიურ რეალობაში საქმიანობის აღდგენა, ანალოგიური გამოწვევებისადმი ჩინეთი და ამერიკა მკვეთრად განსხვავებულ მიდგომებს მიმართავენ. ბოლო წლების განმავლობაში კი პირველად, შესაძლოა ჩინეთმა მეტი შეცდომა დაუშვას.
ბატონმა სიმ დაიწყო შეუზღუდავი ზომების გატარება ჩინეთის კაპიტალისტური ტიტანების მასშტაბების შესამცირებლად, რომლის ფარგლებშიც მოხდა 1.5 ტრილიონი აშშ დოლარის სააქციო ღირებულების განულება, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საქმიანობის აკრძალვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესებით ყველაფერზე, რაც "საყოველთაო კეთილდღეობისათვის“ საზიანოდ მიიჩნევა − იქნება ეს ვიდეოთამაშები თუ კერძოდ სწავლება. ამერიკაში, ორპარტიული აჟიოტაჟი Facebook-ისა და სხვა ტექნიკური გიგანტების მავნებლური ზემოქმედების გარშემო, იმაზე შორს წავა, ვიდრე კონგრესში საქმეზე მოსმენებია. თუმცა, ბაზარზე მოქმედი ძალები ცვლილებებს გაცილებით უკეთ გაართმევენ თავს, რადგან ახალგაზრდა მომხმარებლები ახალ პლატფორმებს ეძებენ, დიდი ტექნიკური ფირმები კი ერთმანეთის ტერიტორიებზე შეჭრას იწყებენ.
ამერიკა და დანარჩენი დასავლეთი "კოვიდ-19“-თან თანაცხოვრების რეჟიმში გადავა. დაავადება კი არ გაქრება, არამედ ენდემურ სახეს მიიღებს (იხ. ლიდერი). ბუსტერ-დოზები ნორმა გახდება, მოგზაურობაზე დაწესებული დარჩენილი შეზღუდვები შემსუბუქდება, ხოლო ლოკდაუნები წარსულს ჩაბარდება. ამის საპირისპიროდ, 2022 წელს ჩინეთი ნულოვანი "კოვიდის“ პოლიტიკას განაგრძობს. ამ დაავადებით საკუთარი მოქალაქეების დაშინებისა და პრინციპული მიდგომის, როგორც მათი უპირატესობის, პოზიციონირების შემდეგ, ჩინეთის მთავრობა კურსს ადვილად ვერ შეიცვლის. ქვეყანა კვლავ დარჩება დანარჩენი მსოფლიოსგან გამიჯნული, ხანგრძლივი კარანტინებითა და მოგზაურობაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით.
ორივე ამ შემთხვევაში, ჩინეთის ხისტი მიდგომები, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ ზიანს მოიტანს. არაპროგნოზირებადი რეგულაციები და ქვეყნის ყველაზე წარმატებული კაპიტალისტების უკმაყოფილება დაწესებული შეზღუდვების მიმართ, ხელს შეუშლის ანტრეპრენერულ საქმიანობას და ინოვაციას შეაფერხებს, ხოლო ნულოვანი კოვიდპოლიტიკის შენარჩუნება მსოფლიოში, რომელშიც დაავადება ენდემურია, დესტრუქციული დახურვების საჭიროებას გამოიწვევს.
ეს ყოველივე გაართულებს ჩინეთის ისედაც პრობლემატურ მაკროეკონომიკურ გარემოს. მათ, ვინც ჩინეთს თვალს ადევნებს, წლებია აწუხებთ უძრავი ქონების მასშტაბური ბუმი და ვალის შოკისმომგვრელი დონე, რომელიც ამას ახლავს. უზარმაზარი დეველოპერის Evergrande-ის, კრიზისი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ რთული გარდამავალი პერიოდი უკვე დაიწყო. ეს უკანასკნელი, 2022 წელს ლიდერის პოზიციას დაიკავებს მაშინ, როცა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ფირმები მარცხს განიცდიან. ამას დაუმატეთ სტრუქტურული გამოწვევები, სამუშაო ძალის შემცირებიდან დაწყებული, დასრულებული ხანდაზმულთა პროცენტული წილის სწრაფი ზრდით და ეკონომიკური წნეხი ანგარიშგასაწევი ხდება. შესაძლოა, მშპ-ის წლიური ზრდა 5%-მდე დაეცეს.
ჩინეთში ზრდის შედარებით ნელი ტემპი გლობალურ ეკონომიკას დაჩრდილავს. თუმცა, პარადოქსულად, სასაქონლო ფასების შემცირება ხელს შეუწყობს ამერიკის მთავარი მაკროეკონომიკური გამოწვევის შემსუბუქებას: მდგრადი მაღალი ინფლაციის რისკს (იხ. ლიდერი). ეს საშუალებას მისცემს ფედერალურ რეზერვს, უფრო ხანგრძლივი ვადით შეინარჩუნოს შერბილებული პოლიტიკა. უკან მოტოვებული Covid-19-ის პირობებში, ფისკალური გამკაცრების ზომები დიდწილად დასრულდა (იმის გათვალისწინებით, რომ ბაიდენის კანონპროექტის რაიმე ვერსია მიღებული იქნება) და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების ზომებით Ð რომლებიც, დიდი ხანია დაგვიანებულია ამერიკის ეკონომიკა, პოლიტიკური არეულობების მიუხედავად, შესაძლოა გონივრულად განვითარდეს. მშპ-ის 4%-იანი ზრდა, რაც ჩინეთისგან არც ისე შორსაა, საკმაოდ რეალისტურია.
2022 წლის პუბლიკაციების სათაურები გაჯერებული იქნება ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკური და ეკონომიკური მაჩვენებლებით. განა არ დააზიანებს ეს ამერიკისა და ჩინეთის შანსს, გასწიონ "უზარმაზარი ძალისხმევა“ სამუშაო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად? მთლად ასეც არაა. არასტაბილური საშინაო ეკონომიკის პირობებში, ბატონი სი შესაძლოა დაინტერესებული იყოს ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებით, ხოლო ბატონ ბაიდენს, რომელსაც მტრულად განწყობილი საშინაო ვითარება აქვს, შესაძლოა სურდეს, საგარეო პოლიტიკური წარმატება შუალედური არჩევნების დადგომამდე. თეორიულად, ორ მხარეს შეუძლია მიაღწიოს პროგრესს უამრავ სფეროში, როგორიცაა გონივრული შეთანხმება ვაჭრობისა და ტექნოლოგიების კუთხით, რათა შეიცვალოს ტრამპის ეპოქისდროინდელი ტარიფები; საერთო მიდგომებზე შეჯერება კიბერუსაფრთხოების, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ან კოსმოსის მილიტარიზაციის მიმართულებით; ან გლაზგოში გამართული კლიმატის შეხვედრის COP26-ის შემდეგ, სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების გზების გამონახვა.
სამწუხაროდ, ეს ყოველივე ნაკლებ სავარაუდოა. ღრმად პოლარიზებულ ამერიკაში, იმ მცირე საკითხებიდან ერთ-ერთი, რაზეც ორივე პარტია თანხმდება, ჩინეთისადმი მკაცრი მიდგომაა. ბატონი ბაიდენი არ გარისკავს რესპუბლიკელების თავდასხმებს იმის თაობაზე, რომ გარიგებებზე წასვლით სისუსტეს იჩენს, რაც უნდა გონივრული იყოს ეს ქმედება. ჩინეთი კი, რომელიც მისტერ ბაიდენს განიხილავს, როგორც გარდამავალ ფიგურას უუნარო დემოკრატიაში, დიდი ალბათობით, მეტად გააძლიერებს ნაციონალისტურ პროპაგანდას, ქვეყნის ეკონომიკური სისუსტისგან ყურადღების გადასატანად. კარგი ამბავი არის ის, რომ 2022 წელს სამხედრო დაპირისპირება, სავარაუდოდ, არ მოხდება. პარტიის ყრილობის წინ, სტაბილურობის შენარჩუნების უპირველესი აუცილებლობის გამო, ჩინეთი თავს შეიკავებს ავანტიურიზმისგან და გადაჭარბებული სამხედრო რიტორიკისგან, იქნება ეს ტაივანის ირგვლივ თუ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ცუდი ამბავი კი არის ის, რომ "თუკიდიდეს მახე“ არსად გაქრება.
ზენი მინტონ ბედოუსი, მთავარი რედაქტორი, The Economist