როცა ყველაფერი უქმდება
ნელთბილი ტაში "გაუქმების კულტურას“, − აცხადებს ლეო მირანი
ისტორიკოსებისთვის, რომლებიც 2020-იანი წლების გადმოსაცემად მოქნილ ფრაზას ეძებენ, "გაუქმების კულტურა“ ცუდი ვარიანტი ალბათ არ არის. ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუქმდა თითქმის ყველაფერი, რის გაუქმებაც შეიძლებოდა: მოგზაურობა, ქორწილები, კონფერენციები, სპორტული ღონისძიებები, არჩევნები, ცნობილი სახეები, ინტელექტუალები, შედარებით მცირე კალიბრის საზოგადო მოღვაწეები და ისეთი ადამიანებიც კი, რომელთა შესახებ აქამდე არავის სმენოდა. პანდემიამ გააუქმა ყველაფერი, რაც რეალურ სამყაროში ადამიანურ კონტაქტს უკავშირდებოდა. სხვა დანარჩენი კი გააუქმეს აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა და მათ, ვინც ყველაფრით ადვილად ნაწყენდება.
მაშინ, როცა პანდემიის პიკი ნელდება, ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციას დაქვემდებარებული მოსახლეობის უმეტესობა აიცრა, ღონისძიებების გაუქმება თანდათან მცირდება. მოქალაქეები ხმას საარჩევნო კაბინებში აძლევენ. სპორტის ვარსკვლავები მაყურებლის წინაშე გამოდიან.
არადა, დასანანია. შინიდან მუშაობა, ნაკლები ფრენა აუცილებლობის გარეშე თუ კერძების მომზადების შესწავლა იმ რამდენიმე ჩვევათაგანია, რომლებიც პანდემიამ გამოგვამუშავებინა და რომლის შენარჩუნებაც ღირს. ზოგი რამის და თუნდაც, ვინმეს გაუქმებაც, მათ შორისაა.
მაგალითისთვის ოლიმპიური თამაშები ავიღოთ. მსოფლიომ თავი შეიკავა მისთვის ბოძებულ შესანიშნავ შესაძლებლობაზე, როცა ინფიცირების მზარდმა შემთხვევებმა და ვაქცინაციის ნელმა ტემპმა იაპონიაში ღონისძიების გაუქმების წინაპირობა შექმნა.
მაგრამ რატომ შევჩერდეთ ოლიმპიური თამაშების მხოლოდ განყენებულ შემთხვევაზე? შეიძლება თამაშების სამუდამოდ გაუქმება რიგი მიზეზების, მათ შორის ჩატარებასთან ასოცირებული ფინანსური ხარჯების და გარემოსდაცვითი ზიანის გამო, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი გახდა. დოპინგის პრობლემა არაერთ შედეგს აუფასურებს, ისევე, როგორც ფაქტი, რომ ადამიანის სხეულს, როგორც ჩანს, ზედა ზღვარი აქვს. მსოფლიო რეკორდი, მამაკაცებში 100 მეტრზე სპრინტში, ათ წელზე დიდი ხნის წინ დაფიქსირდა. თუ მხედველობაში გლობალურ დათბობასაც მივიღებთ, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს შესაძლოა დიდი დღე მაინც არ ეწეროს.
"გამაუქმებლებს“ სპორტული ვარიანტების ზღვიდან შეუძლიათ შეარჩიონ გასაუქმებელი ვარიანტები. კატარის გამარჯვებულ განაცხადს, 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით, დაღი დაასვა კორუფციისა და მუშათა ექსპლუატაციის ბრალდებებმა. ქალთა კრიკეტის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თანდათან უფრო არარელევანტური, ერთდღიანი საერთაშორისო ფორმატის მაგალითად იქცა, ხოლო ამერიკის "სუპერ ბოულს“ ყოველი სათამაშო წუთისთვის დაახლოებით ათწუთიანი შემავსებელი კონტენტი ერთვის, რომელსაც არავინ მოისაკლისებდა, თუ ერთ დღესაც გაქრებოდა.
მიუხედავად ამისა, აუცილებელი არ არის, გაუქმების კულტურის მოყვარულებმა ძალისხმევა მასშტაბური სპორტული ღონისძიებებით შეიზღუდონ. დავოსის ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, სადაც ბიზნეს და პოლიტიკური ლიდერები ჩაფრინდებიან, რათა ერთმანეთი მსოფლიოს გადარჩენისთვის აქონ, გაუქმებას მოითხოვს. ყოველდღიურობაში ასეთი სამიზნეები თავზესაყრელადაა. სამსახურში Ð აუნაზღაურებელი სტაჟირებები, გუნდის გაძლიერების სავარჯიშოები, საოფისე წვეულებები Zoom-ში, ჰალსტუხები (თუმცა კი, პანდემიამ ალბათ უკვე მოუღო ბოლო) და თითქმის ყველა თათბირი.
თვალსაჩინო მაგალითებს მიეკუთვნება ასევე ფოთოლსასრუტი, ლიფტის მუსიკა, ავტომობილის სიგნალიზაცია და მასწავლებლების მშობლებთან ერთი-ერთზე შეხვედრები, რაც პანდემიის დროს გაუქმდა და ასეც უნდა დარჩეს უსასრულოდ. ონლაინსივრცეში "მომსახურების გადასახადი“ ვირტუალური ჯავშნებისთვის, თხოვნები "შეაფასეთ ჩვენი მუშაობა“ და cookie-ბანერები დიდი ხანია გასაუქმებელია. ისევე, როგორც, ბედის ირონიით, გაუქმების საშინლად მაღალი საფასური. გარდა ამისა, წარსულს შეიძლება ჩაბარდეს სასტუმროების შემაწუხებელი ტექსტები პირსახოცების თაობაზე, რაც თითქოს პლანეტის გადარჩენას ეძღვნება, სინამდვილეში კი მხოლოდ დასუფთავების ხარჯების შემცირებას ემსახურება.
ჯანდაცვის ორგანოებმა უნდა გააუქმონ საკარანტინო მოთხოვნები სრულად ვაქცინირებული და ტესტირებული მოგზაურებისთვის. უნდა გაუქმდეს ამერიკის ფილიბასტერის წესი, ისევე, როგორც ნერვების მომშლელი აცდენა ევროპისა და ამერიკის მიერ, წელიწადში ერთხელ, საათების რეგულირების თარიღებს შორის. პრინციპში, საათის გადაწევის იდეა უნდა გაუქმდეს, მუდმივად ზაფხულის დროზე გადასვლის სასარგებლოდ. გზებზე უზარმაზარი SUV-ავტომობილები იმსახურებს გაუქმებას, იმ გულისგამაწვრილებელ მოტოციკლებთან ერთად, ძალზე ხმაურიანი გამონაბოლქვის მილები რომ აქვთ. გაუქმების კამპანიისთვის უმნიშვნელო გამაღიზიანებელი ფაქტორი არ არსებობს! დაე, გაუქმდეს ყველაფერი!
გაუქმებისთვის დააწკაპუნეთ აქ
თითქმის ასეა. ზოგი რამის გაუქმება რთული იქნება. სოციალური მედიის პლატფორმები პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაზე, საზიანო დეზინფორმაციის გავრცელებასა და ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლების შესუსტებაზე, ბევრ სხვა რამესთან ერთად. შესაბამისად, წესითა და რიგით, Facebook-ი, Instagram-ი, Twitter-ი და Youtube-ი − ყველა მათგანი უნდა გაუქმდეს.
მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა − აღნიშნული სერვისები არის პლატფორმები, რომელზეც დამოკიდებულია ნებისმიერი წარმატებული გაუქმების კამპანიის ბედი. მათი გაუქმება თავად "გაუქმების“ გაუქმება გამოვა. და ეს, ალბათ, ძალიან შორს შეტოპვა იქნება. l
ლეო მირანი, აზიის ამბების რედაქტორი, The Economist