რეალობისათვის თვალის გასწორება
დეფიციტი და "გრინფლაცია“ დაასრულებს ენერგეტიკული პოლიტიკისადმი იდეალიზმის ხანას, − პროგნოზირებს პატრიკ ფული
პოლიტიკოსები, მომხმარებლები და კომპანიები კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული ბიზნესის აღმოჩენის გზას ადგანან. 2010-იანი წლების დასაწყისში ამ პროცესის პირველ ეტაპს გულგრილობა ახასიათებდა. მეორე ფაზა, გასული წლების განმავლობაში, გულისხმობდა გამონაბოლქვის შემცირების იდეალისტური მიზნების დასახვას შორეული მომავლისთვის, რაც დღეს მცირე ხარჯებთან ასოცირდება. 2022 წელს ენერგორესურსებზე სახიფათოდ არასტაბილური ფასების, "გრინფლაციის“ შიშისა და მზარდი გეოპოლიტიკური რისკ-ფაქტორების ფონზე, პროცესის მესამე ეტაპი დაიწყება. ყოველივე ეს წამოჭრილი ამოცანისადმი რეალისტურ მიდგომას მოითხოვს.
2021 წელს სამყარო მარტივმა დაპირებებმა წალეკა. დაახლოებით 70 ქვეყანას, რომლებზეც ნახშირბადის გლობალური გამონაბოლქვის ორი მესამედი მოდის, განსაზღვრული ჰქონდა წმინდა ნულოვანი სამიზნეები, რომლისთვისაც საუკუნის შუა პერიოდისთვის უნდა მიეღწიათ. მდიდარ ქვეყნებში მცხოვრებთა უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-ში, გამოხატა შეშფოთება კლიმატის ცვლილების გამო. კომპანიები ამბიციურ დაპირებებს აკეთებდნენ ნახშირბადნეიტრალურობის თაობაზე Ð განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დიდი მოცულობით გამონაბოლქვს ისედაც არ გამოყოფდნენ. ×მწვანე“ ტექნოლოგიების ვენჩურული კაპიტალის ბუმი იმის მაუწყებელი იყო, რომ თანხები სათანადო ოდენობით გადანაწილდებოდა, ხოლო მდგრადი ინვესტიციები, სუბსტანდარტული სესხის შემდეგ, ფინანსების ერთ-ერთ ყველაზე წამყვან ტენდენციად იქცა.
საქმე საქმეზე მიმდგარი რეალობა სასტიკი აღმოჩნდა. 2021 წლის შუა პერიოდისთვის, მზარდი ეკონომიკის პირობებში, ენერგიაზე მოთხოვნამ იმატა. ოქტომბრისთვის წიაღისეული საწვავის კალათის ფასი წლიდან წლამდე 95%-ით გაიზარდა. პოლიტიკოსებმა წარსულისკენ გაიხედეს. ჩინეთმა და ინდოეთმა ქვანახშირის მოპოვება გაზარდეს, ბრიტანეთმა ისევ აამუშავა თავისი ყველაზე დაბინძურებული ელექტროსადგურები და რადგან ნავთობის ფასმა ბარელზე 80 აშშ დოლარს მიაღწია, თეთრმა სახლმა OPEC-ს ექსპორტის გაზრდისკენ მოუწოდა.
2022 წელს ყურადღება გადავა იმაზე, რომ ენერგეტიკული სისტემა ნაკლებად მყიფე გახდეს. ყველაზე მარტივი მხარე საკმაოდ ტექნიკურია. ქსელების უმეტესობას უჭირს გამკლავება განახლებადი წყაროების (როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია) არარეგულარულ ბუნებასთან, ამიტომ, საჭიროა საბაზო დატვირთვის უფრო საიმედო ენერგია, რომელიც წვისას ქვანახშირს არ მოიხმარს. ბუნებრივი აირი მოდაში ისევ შემოვა და მოხდება ატომური ენერგიის გლობალური რეაბილიტაცია, რომელიც სათბურის აირებს არ გამოყოფს.
ამასობაში, ურთიერთსაპირისპირო სიგნალების ქაოსი - სტიგმა, ღირსების დემონსტრირება, სუბსიდიები, სამართლებრივი საქმეები და რეგულაციები ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციები ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ხორციელდება 5 ტრილიონი აშშ დოლარის ნახევარზე ნაკლები ოდენობით რაც საჭიროა, რათა მიღწეულ იქნას საუკუნის შუა პერიოდისთვის დასახული წმინდა ნულოვანი სამიზნე ნიშნული.
ამის საპასუხოდ, მთავრობები უფრო მეტად დაეყრდნობიან ნახშირბადის გამონაბოლქვზე ფასების გამოყენებას, რაც მოქმედებს, როგორც გამონაბოლქვზე ბერკეტის მექანიზმი ეკონომიკის მასშტაბით. მთავრობები მიმართავენ ექსპერიმენტებს გრძელვადიანი ფასების დაწესების მიმართულებით, რათა ინვესტორებს მისცენ პროგნოზის მეტი საშუალება ენერგოპროექტების სასიცოცხლო, 20-30-წლიანი ციკლის განმავლობაში. ამერიკა დარჩება განყენებული, ნახშირბადზე დადგენილი ფედერალური ფასის გარეშე, მაგრამ მეტი რესპუბლიკელი მიხვდება, რომ ფასების დაწესება არის ენერგეტიკული ბიზნესის რეფორმირების კაპიტალისტური გზა.
იყო "მწვანე“, ადვილი როდია
2022 რეალიზმის წლის ყველაზე რთული ნაწილი საზოგადოებასთან გულწრფელობა იქნება. ვინაიდან ენერგოინვესტიციები მსოფლიოს მშპ-ის 2%-5%-მდე უნდა გაიზარდოს, კანონპროექტებმა და გადასახადებმა უნდა იმატოს. გარდაუვალი უკმაყოფილების თავიდან არიდების მიზნით, პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ნახშირბადზე დაწესებული გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გაჭირვებულთა დასახმარებლად გამოიყენება სცადონ. თუ 2022 წელს ელექტროენერგიის ფასები ზრდას განაგრძობს, მივიღებთ პროტესტს როგორც ქუჩებში, ასევე საარჩევნო ურნებთან. თუმცა, თუ ფინანსური წნეხი შემსუბუქდება, მაშინ წელი შეიძლება უფრო მყარ საფუძველზე აგებული ენერგოპოლიტიკით დასრულდეს. შანსი, რომ მსოფლიომ გამონაბოლქვის წმინდა ნულოვან ნიშნულს მიაღწიოს, კვლავაც შორეული დარჩება, მაგრამ ქსელების მოწყობა, საინვესტიციო სტიმულები და ფისკალური გეგმები შესაძლოა გაუმჯობესდეს.
თუმცა, მასშტაბური პრობლემები არსად წავა. გამონაბოლქვის დაახლოებით მეხუთედი ისეთ ინდუსტრიულ მომხმარებლებზე მოდის, როგორიცაა ცემენტის მწარმოებლები. ხშირად არ არსებობს ჩანაცვლების მყისიერი ეკოლოგიური ალტერნატივა. წიაღისეული საწვავის მომაკვდავი ეკონომიკის პირობებში გაიზრდება გეოპოლიტიკური რისკ-ფაქტორები. ამასთან, ზოგიერთი ახალი "ელექტროსახელმწიფო“ შეიძლება უფრო არასტაბილური აღმოჩნდეს, ვიდრე ძველი "ნავთობსახელმწიფოები“: ელექტრომობილებში გამოყენებული კობალტის დაახლოებით 70% კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე მოდის, ქვეყანაზე 90-მილიონიანი მოსახლეობით, რომლის მშპ თითქმის უტოლდება Tesla-ს ელექტრომანქანების მწარმოებელი ლიდერის, შემოსავლებს.
განვითარებად სამყაროზე ენერგიასთან დაკავშირებული ნახშირბადის გამონაბოლქვის ორი მესამედი მოდის, თუმცა ამ უკანასკნელს არ გააჩნია ფულადი სახსრები და ინოვაციური საფუძველი, განახორციელოს ინვესტიცია ან მიაგნოს გზას, უფრო ეკოლოგიური ენერგოსისტემის მისაღწევად. 2022 წლიდან დაწყებული, გაცნობიერება იმისა, რომ საბოლოო ჯამში, ეს მდიდარი მსოფლიოს პრობლემაცაა, იქნება კლიმატის კამპანიის მეოთხე სტადიის მთავარი თემა. l
პატრიკ ფული, ბიზნესამბების რედაქტორი, The Economist