არჩევნები, არეულობები და პანაცეა
Covid-19 პოლიტიკას მღელვარებას შემატებს, − პროგნოზირებს რობერტ გესტი
მე-14 საუკუნეში, როცა შავმა ჭირმა ევროპელების მესამედი შეიწირა, მემამულეებს ძალიან მწირი მუშახელი დარჩათ თავიანთი მიწების დასამუშავებლად. ამან მუშებს საშუალება მისცა, უკეთესი პირობები მოეთხოვათ. 1918-1919 წლებში, როცა გრიპმა 20 მილიონი ინდოელი იმსხვერპლა (და კიდევ 30 მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში), უბედურების მასშტაბურობამ ხელი შეუწყო მაჰათმა განდის კამპანიის დაწყებას ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის დასასრულებლად. პანდემიას პოლიტიკის თავდაყირა დაყენება შეუძლია.
მოქალაქეების ნაწილი საკუთარი ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებს იმაში, რომ ვირუსის მართვა ვერ შეძლეს. ზოგიც მკაცრად და იძულებით განხორციელებულ, ეკონომიკურად დამანგრეველ "ლოკდაუნებს“ აპროტესტებს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვაქცინები, რომლის გაკეთებისკენ მთავრობები მოუწოდებენ, საზიანოა.
საპროტესტო აქციებს, რომლებმაც 2021 წელს იფეთქა, მრავალი მიზეზი ჰქონდა, თუმცა Covid-19, როგორც წესი, დამამძიმებელ როლს ასრულებდა. სამხრეთ აფრიკაში ამბოხებულები გაბრაზებულნი იყვნენ არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებით, არამედ პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის გამო. ბელორუსიასა და ტაილანდში მომიტინგეები გამოვიდნენ როგორც დემოკრატიის, ისე უკეთესი ჯანდაცვის მოთხოვნით.
მდიდარი მსოფლიო დიდწილად ვაქცინირებულია. უკიდურესად ღარიბ ქვეყნებს კი იმდენი განსაცდელი აქვთ, რომ კორონავირუსი, მათი გრძელი, ავბედითი სიიდან მხოლოდ ერთ-ერთია. მათგან განსხვავებით, საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების მოქალაქეებს გამართული საჯარო სერვისების მოლოდინი აქვთ და იმედგაცრუებულნი არიან. მათთვის ცნობილია, რომ უპირველესად შეძლებული ადამიანები აიცრნენ, მათ შორის ადგილობრივი ელიტა, რომლის წარმომადგენლებიც ვაქცინაციისთვის საზღვარგარეთ გადაფრინდნენ. მათი მოუთმენლობა გასაგებია, როცა ვაქცინაცია მილიონობით ადამიანისთვის გამაღიზიანებლად მიუწვდომელია.
არჩევნებმა შესაძლოა იმედგაცრუებული ხალხის მოთმინების ფიალა აავსოს. ბრაზილიაში, პოპულისტ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს რეაქცია Covid-19-ზე იყო უუნარო, უარყო რა ვირუსის სერიოზულობა, გაილაშქრა პირბადეების გამოყენების წინააღმდეგ, ვერ გაართვა თავი ვაქცინის დროულ მიწოდებას და ათასობით ადამიანის დაღუპვა დაუშვა. მისი არაპოპულარობა გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ოქტომბრის არჩევნებში იგი დამარცხდება. მაგრამ, ქვეყანა პოლარიზებულია. ბოლსონარომ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მათი ხმები გაყალბდება და ამტკიცებს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. არ არის გამორიცხული ტრამპის სტილის ბუნტი, ან უარესი.
ასევე დაძაბული იქნება აგვისტოში დაგეგმილი არჩევნები კენიაში. პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიაში სამუშაო ადგილები გაანადგურა. პოლიციამ კი კომენდანტის საათის დამრღვევები დახოცა. გაბრაზებული ბევრია და ერთ-ერთი კანდიდატი, უილიამ რუტო, მრისხანების ცეცხლზე ნავთს ასხამს. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარია, თავს წარმოაჩენს ხალხის ლიდერად ისეთი დინასტიების წინააღმდეგ, როგორებიც კენიატებისა და ოდინგების ოჯახები არიან. ბატონ რუტოს ბრალი ედებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, 2007-2008 წლების საარჩევნო ძალადობისთვის (ბრალდება მოიხსნა, მას შემდეგ, რაც მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს). მოსალოდნელია მეტი არეულობა.
ფილიპინებში შესაძლოა ყალიბდებოდეს პოპულისტური დინასტია, პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მეთაურობით, რომელიც პრესას ემუქრება და წაახალისა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი ათიათასობით კრიმინალის სამართალგარეშე მკვლელობა. მაისის არჩევნებში მას მეორე ვადით კენჭისყრა არ შეუძლია და პოლიტიკიდან წასვლის პირობა დადო. თუმცა კი, ასეთი დაპირებები წარსულში არაერთხელ დაურღვევია. დუტერტეს შეუძლია კანდიდატურა ვიცეპრეზიდენტის პოსტზე წარადგინოს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კი მისმა ქალიშვილმა მიიღოს.
ინდოეთის რეგიონული არჩევნებიდან ზოგი შესაძლოა ესკალაციის მიზეზი გახდეს. Covid-19-ის შედეგად მილიონობით გარდაცვლილსა და მთავრობის ხელით საკუთარი ინსტიტუციების ჩამოშლისგან ყურადღების სხვაგან გადასატანად, ხელისუფლებაში მყოფი ინდოეთის სახალხო პარტია 2022 წელს გააღვივებს სიძულვილს მუსლიმებისადმი, რომლებიც დაადანაშაულეს "სიყვარულის ჯიჰადის“ განხორციელებაში ინდუსი ქალების ცდუნებისა და მათი საკუთარ მრწამსზე მოქცევის მიზნით. პოლიცია ოპოზიციის აქციებს Covid-19-ის გავრცელებისგან დამცავი რეგულაციების მოტივით აკრძალავს, თუმცა დაუშვებს ინდოეთის სახალხო პარტიის მხარდამჭერთა დემონსტრაციებს და მათი მხრიდან ძალადობასაც კი.
ზოგ ქვეყანას არჩევნების ჩატარებაც კი გაუჭირდება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ეს არ მოხდება.
ნაციონალისტების გამოღვიძება
მდიდარ ქვეყნებში არჩევნები უფრო მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, თუმცა დაძაბული იქნება.
ზრდის წასახალისებლად, მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და არეულობის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე ჭკვიანური, რაც ნებისმიერ მთავრობას შეუძლია 2022 წელს გააკეთოს, ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ანტივაქსერები წინააღმდეგობას გასწევენ, მაგრამ საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მაგალითმა აჩვენა, რომ ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტების მოთხოვნას რესტორნებში შესვლისთვის, შეუძლია ხალხს აზრი სწრაფად შეაცვლევინოს. წესით, პოლიტიკაში პანაცეა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მასთან ძალიან ახლოსაა. l
რობერტ გესტი, უცხოეთის ამბების რედაქტორი, The Economist