ან ყველაფერი ან არაფერი

 

ფინანსები სულ უფრო ნაკლებად ხდება ძვირადღირებულ კოსტიუმებში გამოწყობილი ბანკირებისა და საკრედიტო ბარათების პროფესიონალთა სფერო. ნაცვლად ამისა, ადამიანების ჭრელი ჯგუფი სათავეში უდგას ინოვაციურ აფეთქებას, რომელიც ბაზარზე დამკვიდრებული ლიდერების გაძევებას ცდილობს. ტექნოლოგიური ფირმებიდან და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპებიდან დაწყებული, სხვადასხვა "დეცენტრალიზებული ფინანსური“ (DeFi) აპლიკაციების დეველოპერებით დამთავრებული, ისინი ციფრული ფინანსების რეფორმირებისკენ ისწრაფვიან.

აღნიშნული ციფრული რევოლუცია სამ ფართო ტენდენციას აერთიანებს. ერთი წარმოადგენს მცდელობას, საზოგადოებას ერთ პლატფორმაზე შესთავაზოს ფინანსური პროდუქტების გამუდმებით მზარდი სპექტრი. Facebook-ის ახალმა ციფრულმა საფულემ შესაძლოა სხვები გადაწონოს. ბანკები, გადახდის სერვისების პროვაიდერები და უფრო მსხვილი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები განაგრძობენ სტარტაპების გადაყლაპვას, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ სერვისების იმდენად ფართო სპექტრი, რომ ერთ პლატფორმაზე შეძლონ ყველაფრის კეთება.

მეორე ტენდენცია ფინანსების დეცენტრალიზაციის სულ ახალი მცდელობაა. ბლოკჩეინ-სისტემაზე დეველოპერები ავითარებენ სხვადასხვა სახის ფინანსურ აპლიკაციას, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სანდოობას ყოველგვარი შუამავლის საჭიროების გარეშე. მესამე Ð ცენტრალური ბანკები, რომლებიც, როგორც წესი, კონსერვატიზმის ბასტიონები არიან, ასევე ახლებურ გზებს მოსინჯავენ. რაც უფრო მეტად ინაცვლებს ეკონომიკური აქტივობა ონლაინსივრცეში და რაც მეტად კარგავს ფიზიკური ფულადი სახსრები პოპულარობას, მით უფრო ბევრი დგება საკუთარი ციფრული ვალუტის წამოწყების გზაზე.

სწრაფი და თავბრუდამხვევი ცვლილებები სრულ კონტრასტს ქმნის ძველ, რითეილ-ფინანსებთან, თავისი უსიცოცხლო მუშაობით, გადაჭარბებული გადასახადებითა და მომხმარებლებისთვის საშინელი სერვისით. ახალ ფინანსებს ბევრი რამ აქვს მოსაწონი. მომხმარებლებისთვის ეს უნდა იყოს სისტემა, რომელიც იყენებს ტექნოლოგიას, რათა უკეთ და უფრო იაფად მოემსახუროს მათ საჭიროებებს. ფინანსური ჩართულობა პრობლემაა მდიდარ სამყაროშიც კი: 2018 წლისთვის ყოველ მეხუთე ამერიკელს ბანკთან ურთიერთობა ან საერთოდ არ ჰქონდა ან მხოლოდ უმნიშვნელოდ. მცირე ფირმებს ფინანსებზე წვდომის მოპოვება სისტემატურად უჭირთ.

ასევე, კონკურენციამ თანდათან უნდა ჩამოშალოს ბაზარზე მოქმედი მოთამაშეების "მსუყე“ მარჟები (Visa-ს და Mastercard-ის მთლიანი მოგების მარჟა 65-80%-ს უტოლდება). ქვეყნებს შორის ფულის ტრანსფერი, ფულადი გზავნილების მეშვეობით, მაგალითად, მდიდარი ქვეყნებიდან ღარიბ ქვეყნებში, ჯერ ისევ ძალიან ძვირია. რამდენადაც ადამიანები ცხოვრების უფრო და უფრო დიდ ნაწილს ატარებენ ონლაინ, ბუნებრივია, რომ ფინანსები არა მხოლოდ ციფრული გახდეს, არამედ უკეთ იყოს ინტეგრირებული ისეთ ციფრულ აქტივობებში, როგორიცაა გართობა და შოპინგი.

თუმცა, მოცემული პოტენციალის გაცნობიერება მოითხოვს იმ საფრთხეებისგან თავდაცვას, რაც სწრაფ ცვლილებას სდევს. მაგალითისთვის, რისკი, რომლის წინაშე ინვესტორები დგანან. ფინანსურ-ტექნოლოგიური იდეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ დაიძვრება და მიაღწევს წარმატებას. დანარჩენი დაყვინთავს და ინვესტორები იზარალებენ. მსგავსი ბედი შესაძლოა გაიზიაროს კრიპტო-სპეკულანტთა მასობრივმა ჯგუფებმა. 1.3 მილიონი აშშ დოლარის გადახდა NFT-სურათში, რომელზეც ქვაა გამოსახული, როგორც მოიქცა ერთ-ერთი პერსონა 2021 წლის აგვისტოში, შესაძლოა კეთილგონიერი ინვესტიცია არ აღმოჩნდეს. მომხმარებლებისთვის რისკს წარმოადგენს ფინანსური პლატფორმების გაზრდილი წვდომა მონაცემებზე, რაც ალბათ საბაზრო ძალის ბოროტად გამოყენებას გამოიწვევს. შესაძლოა, ახალი ფინანსური პროდუქტები ნაკლებად იყოს დაცული თაღლითობისგან და დეცენტრალიზებულ სამყაროში რთულია გაარკვიო, დახმარებისთვის ვის და როგორ უნდა მიმართოთ.

ამგვარად, საქმე მიდის მარეგულირებლებამდე, რათა ერთი მხრივ შეინარჩუნონ პოტენციალი და მეორე მხრივ უზრუნველყონ რისკისგან  დაცვა. იმ რეალობაში, როცა ფინანსურ ფირმებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის გამყოფი ხაზი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება და მომხმარებლების მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობა იზრდება, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა პირველხარისხოვანი ამოცანა იქნება. თუმცა, ეს ყოველივე არ უნდა მოხდეს ე.წ. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო აუცილებელი მექანიზმების კომპრომისის ხარჯზე. ეს თანაბრად გავრცელდება როგორც ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებზე, ისე კერძო ფინანსურ სერვისებზე (სამწუხაროდ, ჩინეთის მხრიდან მისი ელექტრონული ვალუტის გამოცდა სახელმძღვანელოდ ნაკლებად გამოგვადგება, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა კონტროლს კონფიდენციალურობის დაცვაზე წინ აყენებს).

 

საქმისთვის შესაფერისი ადამიანი

რთულ ამოცანად ჯერაც რჩება ის, თუ როგორ მოხდება DeFi-ის მარეგულირებლების სივრცეში მოქცევა. შეიძლება ამ საქმისთვის სათანადო ადამიანი იყოს გარი გენსლერი, ამერიკის ფინანსების მთავარი მცველის Ð ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ერთ დროს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის კურსს ასწავლიდა.

ფინანსური პოტენციალის ზრდის პარალელურად, 2.5 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივებმა შესაძლოა უფრო ფართო ფინანსური სისტემა დააყენოს რისკის წინაშე. მიუხედავად ამისა, ეს ინდუსტრია ინარჩუნებს თითქმის იდეოლოგიურ წინააღმდეგობას რეგულაციის მიმართ და მისი ლობისტების გავლენა მზარდია. ციფრული ფინანსების მხარდამჭერები ინდუსტრიის მომავლის ხედვის თავიანთ გეგმაზე მუშაობენ. ახლა ჯერი მარეგულირებლებზეა, განმარტონ ინდუსტრიის მათეული ხედვა. 

  

რაჩანა შანბჰოგი, ფინანსური ამბების რედაქტორი, The Economist