მაკრონი და კიდევ?
საფრანგეთში მშფოთვარე პოლიტიკური წელია, რადგან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება
ემანუელ მაკრონი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადით აირჩიეს და ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ხელახლა მოიპოვა ქვეყნის პირველი პირის პოსტი.
საფრანგეთმა საკმაოდ კარგად გაუძლო პანდემიას 2021 წელს: სკოლები თითქმის არ დახურულა, ბიზნესი და ხელფასები თითქმის იმავე დონეზე იყო შენარჩუნებული და ვაქცინები ფართოდ გავრცელდა. მომავალ წელს, ეკონომიკური აღმავლობა გააგრძელებს კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ქვეყანა ნაკლებად იბეგრება, გადასახადები ტექნოლოგიურად უფრო მეგობრული და ბიზნესზე მორგებულია, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო. თეორიულად, ეს ბატონი მაკრონისთვის კარგია. მაგრამ მან უნდა აჩვენოს, რომ ის არა მხოლოდ კომპეტენტურია, არამედ შეუძლია მოსმენაც.
ფრანგებს წინასწარ დაწერილ სცენარზე მეტად არაფერი ეზიზღებათ. გამოკითხვები მუდამ ცვალებადია, რადგან ამომრჩევლები კონკურენტი კანდიდატების ნერვებზე თამაშობენ. მათ არ სურთ 2017 წლის გამეორება − ბატონი მაკრონი მარინ ლე პენის წინააღმდეგ. ეროვნული მარშის ლიდერი (ყოფილი ნაციონალური ფრონტი) თავის კამპანიას და სიტყვით გამოსვლებს მიმართავს მაკრონის მოწინააღმდეგე gilets jaunes-სკენ ("ყვითელი ჟილეტები“). ულტრამემარჯვენე ლიდერი იყენებს Brexit-ის პოპულარულ ფრაზებს, როგორიცაა "დაიბრუნე კონტროლი“, თუმცა ის აღარ მოუწოდებს Frexit-ის რეფერენდუმის ჩატარებას და არც ევროზონიდან გასვლისკენ. მაგრამ, პრეზიდენტობის მესამე მცდელობისას, მას ინოვაციურობა და სიახლეები დააკლდება.
პარტიებს გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა ექნებათ, ვიდრე ხალხსა და გამოკითხვებს. დამღუპველი პოპულისტისგან არაა გამორიცხული მოულოდნელი შედეგების მიღება, როგორც ეს ამერიკასა და ბრაზილიაში მოხდა. ერიკ ზემური ფრანგული ვერსიაა, 63 წლის ანტიემიგრანტი და ანტიისლამისტი პოლემიკოსი, რომელიც ქალბატონ ლე პენს ზედმეტად რბილად, მისაღებად წარმოაჩენს და დებატებს კიდევ უფრო მეტ "ტოქსიკურობას“ შესძენს. მას შეუძლია მემარჯვენე ამომრჩევლის ხმების გაყოფა და ლე პენისთვის მეორე ტურში გზის ჩახერგვა.
თუ კონკურენტები ერთი კანდიდატის გარშემო შეჯერდებიან და გაერთიანდებიან, მემარჯვენე-ცენტრისტი რესპუბლიკელები მაკრონის საპირწონედ უძლიერეს ალტერნატივას შექმნიან. ყურადღებით დააკვირდით სამ კანდიდატს: ქსავიერ ბერტრანი − ჩრდილოეთ ჰოტ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელი, თავის თავს წარმოაჩენს, როგორც მაკრონის ზომიერ ანტიპარიზულ ანტიდოტად, მაგრამ მას პარტიაში ნაკლები ნდობა აქვს; ვალერია პეკრესი, პარიზის გარშემო არსებული ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელი, უფრო მეტად პოლიტიკის კეთებაზე ორიენტირებული და გუნდური მოთამაშე, მაგრამ მას დასცინიან იმის გამო, რომ ზედმეტად მედიდურად და მდიდრულად გამოიყურება; მიშელ ბარნიე, ბრექსიტის ყოფილი მომლაპარაკებელი ევროკავშირის მხრიდან, უფრო ცნობილია ბრიტანეთში, ვიდრე საფრანგეთში, მაგრამ ის მოსწონთ პარტიის წევრებს. თუ ბატონი ბერტრანი დამარცხდება, არ გამორიცხოთ არჩევნებში მისი დამოუკიდებელი და მეამბოხური საპრეზიდენტო კამპანია. თითოეული ეს კანდიდატი ამომრჩეველს დაჰპირდება, რომ ფრანგებს მეტ "პატივს სცემს“ − ამპარტავნების გამო ბატონი მაკრონის რეპუტაციას "მუჯლუგუნსაც უთავაზებენ“.
მემარცხენეების პერსპექტივები, პირიქით − სუსტი ჩანს, თუ კონკურენტები არ გაერთიანდებიან ერთი კანდიდატის გარშემო. სოციალისტების კანდიდატი ენ ჰიდალგო (პარიზის მერი) და მწვანეთა პარტიის კანდიდატი იანნიკ ჯადოტი ძირითადად მიმართავენ ქალაქში მცხოვრებ ველოსიპედისტებს, მაგრამ არ აქვთ უფრო ფართო სეგმენტისთვის მიმართვა. მემარცხენე მხარის კანდიდატები, მათ შორის ჟან-ლუკ მელენშონი, კიდევ უფრო დაანაწევრებენ მემარცხენეების ხმებს.
იანვარში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ექვსთვიან პოსტს საფრანგეთი დაიკავებს. მისგან უნდა ველოდოთ, რომ აქცენტს "ევროპის სუვერენიტეტზე“ გაამახვილებს, რომელიც იქნება პასუხი ჩინეთის მზარდ როლსა და ამერიკის ნაკლებ ჩართულობაზე. ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზების ქვეყნებში ანგლოფონების მიერ "დაჟეჟილი“ ბატონი მაკრონი, ვიდრე ოდესმე, კიდევ უფრო მეტად ეცდება გააძლიეროს თავისი ქვეყნის სტრატეგიული კავშირები და იმოქმედოს, როგორც დომინანტური ძალა მერკელის შემდგომი ეპოქის ევროპაში.
სოფი პედერი, პარიზის ბიუროს უფროსი, The Economist, პარიზი