ოლაფ, ჩამოდი ქვემოთ

ახალი კოალიციური მთავრობა შეეცდება იპოვოს კომფორტის ზონა

 

2022 წელს გერმანია დანერგავს ინოვაციას მმართველობაში და იმიტომ არა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში, როდესაც ანგელა მერკელის გარდა სხვა ვინმე იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე. ექვს ათწლეულზე მეტია გერმანიას მართავს ორმხრივი კოალიციების სერია. ანგელა მერკელის მმართველობის ოთხი ვადიდან სამის განმავლობაში, მისი კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი (CDU/CSU) ხელმძღვანელობდა ცენტრისტულ "დიდ კოალიციებს“ სოციალ-დემოკრატებთან (SPD) ერთად. თუმცა, გერმანიის ელექტორატი დაქუცმაცდა და მთავრობა, რომელიც 2021 წლის სექტემბრის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა, შედგება სამი პარტიისგან. ესაა SPD-ის ხელმძღვანელობით შექმნილი ე.წ. "შუქნიშნის“ კოალიცია, სადაც მწვანეთა პარტია და ბიზნესის მომხრე თავისუფალი დემოკრატები (FDP) უმცროსი პარტნიორები არიან.

იმუშავებს თუ არა სამმხრივი პარტიის კოალიციის ექსპერიმენტი? ოპტიმისტები იმედოვნებენ, რომ "შუქნიშანთა კოალიცია“ შესაძლოა უფრო წარმატებული აღმოჩნდეს, ვიდრე მისი ცალკეული რომელიღაც წევრების ჯამი. მწვანეთა პარტიას შეუძლია კლიმატის ცვლილებაზე მოქმედებას ბიძგი მისცეს; FDP გერმანულ ბიუროკრატიასა და დიჯიტალიზაციაზე იმუშავებს. ორ პატარა პარტიას შეეძლო გამოენახა საერთო ენა სამოქალაქო თავისუფლების სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად, მარიხუანას ლეგალიზება და გერმანიის მოქალაქეობის შესახებ კანონების გადახედვა. იმავდროულად, ოლაფ შოლცი − SPD-ის კანცლერი, გამოიყენებდა თავის გავლენას გერმანიის ინდუსტრიის ახალ ეტაპზე გადასაყვანად და ევროპელი პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ შეინარჩუნებს წინამორბედის ინსტინქტს კონსენსუსების მიღწევის შესახებ. ქალბატონი მერკელის რამდენიმეწლიანი მენეჯერული მიდგომების შემდეგ, პარტიები შეეცდებიან წარმოაჩინონ თავი, როგორც საერთო ძალის ნაწილი მოდერნიზაციის საკითხში.

თუმცა, მათი ორმხრივი უნდობლობა ასევე იწვევს ქმედებების არათანმიმდევრულობას და პარალიზებას. თუ ვალებისადმი მწყრალად განწყობილი FDP მოახერხებს ფინანსთა სამინისტროს მისაკუთრებას, მაგალითად, მწვანეებს დასჭირდებათ დარწმუნება, რომ მათი ხარჯვითი ნაწილის ამბიციები ყოველ ჯერზე არ იქნება უგულებელყოფილი. მხარეებს ასევე განსხვავებული შეხედულებები აქვთ ევროკავშირის ფისკალურ წესებსა და ვალებზე დაფუძნებული ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით. ასეთი განსხვავებულობები გამოიწვევს ზედმეტად დეტალურ კოალიციურ შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავს მთავრობის მოქნილობას. ფისკალურ საკითხებზე კოალიციას ასევე შესაძლოა შეექმნას დაბრკოლებები ბუნდესრატში − გერმანიის ზედა პალატაში, სადაც მისი შემადგენელი პარტიები უმრავლესობას არ ფლობენ.

უთანხმოებებით სავსე მთავრობა შეიძლება არ იყოს კარგად მომზადებული გერმანიის მრავალი გამოწვევის წინაშე. ეს მოიცავს უახლოეს პერიოდში სამუშაო ძალის სავარაუდო შემცირებას, ნახშირბადის ემისიის სწრაფი შემცირების დაგეგმვას და მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღებას, საერთოდ, კი თუ არა, და თუ კი, მაშინ როგორ უნდა განახლდეს "ტორნადოს“ ტიპის თვითმფრინავების მოძველებული ფლოტი, რომელსაც ამერიკა მიიჩნევს იმ ბირთვული იარაღის გადამზიდად, რომელიც გერმანიაშია დისლოცირებული. ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება კლიმატის საკითხები და ციფრული ინვესტიციები, რომლებსაც ასობით მილიარდი ევროს გამოყოფა დასჭირდება. გერმანიის კონსტიტუციური შეზღუდვით ვალის აღების ლიმიტებია დაწესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ მთავრობას მოუწევს ჭკვიანური გზის მოფიქრება, რათა ზოგიერთი რამ ბიუჯეტის მიღმა დაფინანსდეს.

"ქამრების შემოჭერა“ კიდევ უფრო მძიმე იქნება, მას შემდეგ, რაც "შვიდი მოუსავლიანი წელი“ გაიარა გერმანიამ. ქვეყანამ პანდემიის დროს 400 მილიარდი ევრო (465 მილიარდი აშშ დოლარი) ვალად მიიღო და FDP-ის მერყეობა, გაზარდოს გადასახადები ან შეეხოს ვალის შეზღუდვას, ნიშნავს ზემოქმედებას ხარჯებზე. თავდაცვის მწირი ბიუჯეტი, რომელიც NATO-ს მოკავშირეებთან დიდი ხნის განმავლობაში განხილვის საკითხია, არც ისე სწორი სამიზნეა ხარჯების შესამცირებლად.

გერმანიის პოლიტიკა გაცილებით ცოცხალი იქნება. ახალი მოწვევის პარლამენტი უფრო ახალგაზრდა და "ფერადია“, ვიდრე მისი წინა მოწვევა და მოიცავს ახალ ამბიციურ სახეებს მემარცხენე SPD და "მწვანე“ დეპუტატებში. 2022 წლის განმავლობაში ამომრჩევლები გერმანიის ოთხ მიწაზე გამოიტანენ თავიანთ ვერდიქტს გერმანიის ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტთან დაკავშირებით. მათ შორისაა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია, მათ შორის ყველაზე დიდი. ამ მიწაზე არჩევნები, რომელიც მაისშია, იქნება პირველი დიდი გამოცდა ყველა ძირითადი პარტიისთვის.

ეს მოიცავს CDU-ს, რომელიც პირველად 2005 წლის შემდეგ ეროვნულ ოპოზიციაშია. პარტია ჩაებმება გაცხარებულ ბრძოლაში, თუ როგორ წარმოაჩინოს საკუთარი თავი ხელახლა, პოსტ-მერკელის ეპოქაში. მისი დიდი მოთამაშეები − მათ შორის ნორბერტ როტგენი, საგარეო საქმეთა სპეციალისტი და ფრიდრიხ მერცი, პარტიის მემარჯვენეების ფავორიტი − იბრძვიან იმისთვის, რომ ხელახლა "გამოჭედონ“ პარტია, რომელიც სექტემბრის არჩევნებით დაქუცმაცებული ამომრჩევლით მიყენებულ ჭრილობას იშუშებს. ქალბატონი მერკელის ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, მისი პარტიის ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება აღნიშნულ პოლიტიკურ ექსპერიმენტს საკმაოდ დიდ წონას შემატებს.

თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის ხელმძღვანელობებს მოუწევთ მეტწილად მემარცხენე პარლამენტის წევრების ამბიციური ახალი სახეების მართვა.

ტომ ნატალი, ბერლინის ბიუროს უფროსი, The Economist, ბერლინი