ერთი პოლიციელი ყველას დასაკავებლად
ევროკავშირის ახალი პროკურორი თაღლითების წინააღმდეგ ბრალდებების წაყენებას დაიწყებს
2021 წელს ევროკავშირმა შეიძინა ის, რაც ძალიან აკლდა − სააგენტო, რომელიც დაედევნება ხალხს, ვინც მის ფულს იპარავს. ევროპის ახალ საჯარო პროკურატურას (EPPO) შეუძლია გაასამართლოს ნებისმიერი, ვინც მონაწილეობს ევროკავშირის სახსრების − 100 000 ევროს (116 000 აშშ დოლარი) ან მეტი თანხის თაღლითურად მითვისებაში. ბლოკს დიდი ხანია აქვს თაღლითობის გამოსაძიებელი ოფისი (OLAF), მაგრამ საქმეების გასამართლებლად მას უნდა გადაეცა დამნაშავე წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივ ათავისუფლებდნენ მათ. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში EPPO-მ დაიწყო 300-ზე მეტი გამოძიება, რომელიც მოიცავს 4,5 მილიარდი ევროს ღირებულების ჯამურ ზარალს. 2022 წელს სააგენტო ელის, რომ დაიწყება ბრალდებულებისა და მსჯავრდადებული ადამიანების დასჯა.
EPPO-ს მრავალი გამოძიება მიზნად ისახავს ევროკავშირის სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაფლანგვას ან არამიზნობრივად ხარჯვას. სექტემბერში EPPO-მ შეატყობინა იტალიის ხელისუფლებას Covid-19 ვირუსისგან დამცავი იმპორტირებული ხელსაწყოების დღგ-ის თავიდან აცილების სქემის შესახებ და დაიბრუნეს თაღლითურად არიდებული 11 მილიონი ევრო ბრალდებული კომპანიების მფლობელებისგან. ვაჭრობის რიცხვებში არსებული გადაცდომები ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ დღგ-ის თაღლითობამ შეიძლება შეადგინოს ათობით მილიარდი ევრო წელიწადში მთელი ევროკავშირის მასშტაბით.
ყალბი კონტრაქტორები და საგადასახადო თაღლითები EPPO-სთვის ორჯერ ორივით მარტივი საქმეებია, მაგრამ მისი ყველაზე რთული საქმეა კორუმპირებული პოლიტიკოსების დაკავება, რომლებიც ჯიბეში იდებენ ევროკავშირის თანხებს ან იყენებენ მათ თაღლითური სქემის "მეგობრების“ დასაჯილდოებლად. ასეთი სისტემური კორუფცია განსაკუთრებით ხშირია ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და ბულგარეთი, სადაც მთავრობამ მოიპოვა კონტროლი სასამართლო სისტემაზე. EPPO-ს პროკურორები დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ მათი საქმეები უნდა განიხილონ წევრი ქვეყნების სასამართლოებმა.
ერთ-ერთი საყურადღებო შემთხვევა იქნება ანდრეი ბაბისი − მილიარდერი, რომელიც ჩეხეთის პრემიერმინისტრია. მის წინააღმდეგ აღძრული ინტერესთა კონფლიქტის საქმე ჩეხი მაგისტრატების მიერ წლების განმავლობაში ჩერდებოდა. საქმე ეხება ათობით მილიონი ევროს ღირებულების სუბსიდიებს, რომლებიც მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებსაც ის ადრე ფლობდა. ეს საქმე ახლა გამოსაძიებლად გადასცეს EPPO-ს. ცალკე საკითხია ×პანდორას დოკუმენტების“ გამოძიების საქმე, რომელმაც აჩვენა, რომ ბატონმა ბაბისმა ფარულად 22 მილიონი დოლარი გადაიტანა ოფშორული კომპანიების მეშვეობით, რათა ეყიდა ვილა კანთან ახლოს. ბატონი ბაბისი უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას ამ საქმესთან დაკავშირებით.
EPPO განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტი მკვეთრად იზრდება. კავშირის Covid-19-ის შემდგომი ეკონომიკის აღდგენის ფონდი 2027 წლამდე 800 მილიარდ ევროს გაანაწილებს, რაც შექმნის დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე გაჩნდება ახალი ფინანსური მაქინაციების შესაძლებლობები თაღლითებისთვის. EPPO-ს ერთ-ერთი მიზანია ევროკავშირის დონორ ქვეყნებში ჩამოაყალიბოს მისდამი ნდობა, რომ მათ მიერ საერთო ბიუჯეტში შეტანილი თანხები სათანადოდ დაიხარჯება.
მეთ სტეინგლასი, ევროპის კორესპონდენტი, The Economist, ამსტერდამი