დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლა
მემარჯვენეების დიდ ნაწილს თავისი ყოფილი ლიდერი უფრო უყვარს, ვიდრე დემოკრატია
ყოფილი პრეზიდენტების მიღებული ქცევის წესია ყურადღების ცენტრის მიღმა ყოფნა, თავიანთი შემცვლელის კრიტიკისგან თავის შეკავება და ბიბლიოთეკის აშენება. მაგრამ დონალდ ტრამპი არ მიეკუთვნება იმ ყოფილ პრეზიდენტებს, რომლებიც კულისებში ყოფნას ამჯობინებენ, დელიკატურობით გამოირჩევა და წიგნები უყვარს. მხარდამჭერებთან შეხვედრების დროს, ინტერვიუებისას და ფლორიდაში, საკუთარ მამულ Mar-a-Lago-ში გამართულ ქორწილებზე სიტყვით გამოსვლისას, ბატონი ტრამპი დაუნდობლად აკრიტიკებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მედიასა და იმ რესპუბლიკელებს, რომლებმაც აღიარეს დამარცხება 2020 წლის არჩევნებში. მან არაერთხელ მიანიშნა, რომ არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მონაწილეობას.
როგორც ჩანს, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება თუ იქნება მიზეზი იმისა, რომ ბატონმა ტრამპმა კიდევ ერთხელ არ სცადოს ამერიკის პრეზიდენტად გახდომა. რესპუბლიკელების მხარდამჭერთა უმეტეს ნაწილს კვლავაც სურს მისი ხილვა პრეზიდენტად. მხოლოდ იმის მინიშნებით, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ტრამპმა $100 მილიონზე მეტი მოიზიდა. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ დონალდ ტრამპი კვლავ აღმოჩნდეს იმ ყველაზე წონიან და პოპულარულ კანდიდატად, ვისაც რესპუბლიკელების ისტებლიშმენტი აირჩევს.
ტრამპის გულშემატკივრები, როგორიცაა ლინდზი გრეჰემი, დღიდან მისი წასვლისა, მოუწოდებენ მას, რომ შეინარჩუნოს პარტიის ლიდერობა. ტრამპს ჰყავს მხოლოდ ორი სერიოზული მოწინააღმდეგე რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინაციის კუთხით. ესაა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და მაიკ პომპეო − ტრამპის ყოფილი სახელმწიფო მდივანი. ორივე მათგანი ტრამპის იმიტატორები არიან. არსებობს ყველა მინიშნება, რომ რესპუბლიკელები ყველაზე სერიოზულ კანდიდატს, ანუ ტრამპს მიანიჭებენ უპირატესობას.
როგორც ჩანს, ბატონმა ტრამპმა უკვე იზრუნა მისი დაბრუნების გეგმაზე, როცა განაცხადა, რომ მისი დამარცხება ბაიდენთან კორუფციული გარიგების შედეგია. რესპუბლიკელი ამომრჩევლების 80% ამბობს, რომ მათ სჯერათ ამ ტყუილის. ეს კარგად ხსნის, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა კაპიტოლ ჰილზე 6 იანვრის ამბოხის სერიოზულ გამოძიებას და რატომ დასცინეს იმ რამდენიმე რესპუბლიკელს, როგორიცაა ლიზ ჩეინი, რომელმაც თანხმობა განაცხადა გამოძიების ჩატარებაზე. ამავე დროს რესპუბლიკელი კანონმდებლები და კანდიდატები ყველა დონეზე გამოდიან და განგაშის ტონით აცხადებენ, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი. მრავალ შტატში, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, არსებობს აზრი, რომ დემოკრატებს არ შეუძლიათ არჩევნებში გამარჯვება ლეგიტიმური გზით და რომ შესაბამისად საჭიროა სპეციალური ზომების მიღება, რათა მათ საერთოდ ვერ გაიმარჯვონ.
მინიმუმ 18 შტატის საკანონმდებლო ორგანომ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მიიღო საარჩევნო კანონმდებლობა, რომლის მიხედვით რთულდება ხმის მიცემა. არის ნიშნები, რომ მიღებული კანონებიდან ბევრი მიმართულია აფრიკელ-ამერიკელებზე და სხვა ტრადიციულად დემოკრატიულ ჯგუფებზე. ამაზე უარესი ისაა, რომ ბევრმა ასეთმა საკანონმდებლო ორგანომ ხელში ჩაიგდო შტატების მიერ არჩევნების ჩატარებაზე კონტროლი.
ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბატონი ტრამპის მიზანმიმართულ მცდელობას მოეპარა 2020 წლის არჩევნების შედეგები. რომ არა შტატების საარჩევნო ხელისუფლებების სიმტკიცე, ტრამპს შესაძლოა მეტი ქაოსი გამოეწვია და თავის სასარგებლოდაც კი დაესრულებინა არჩევნები. ამგვარი მტკიცე ოფიციალური პირების რიცხვი უკვე შემცირებულია. მაგალითად, ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელი სახელმწიფო მდივანი ბრედ რაფენსპერგერი, რომელსაც ბატონი ტრამპი დაბეჯითებით სთხოვდა ×მოეძებნა 11,780 ხმა“, ვეღარ შეძლებს დემოკრატიის სადარაჯოზე დგომას. შტატის რესპუბლიკურმა საკანონმდებლო ორგანომ მის ოფისს უფლებამოსილება შეუჩერა.
რესპუბლიკური პარტიის წინასწარი საკონგრესო არჩევნები, რომელიც უმეტესად 2022 წლის პირველ ნახევარში ჩატარდება, გამოაჩენს, თუ რამდენად დაექვემდებარა პარტია ტრამპისეულ ექსტრემიზმს. წარმომადგენლობითი პალატის 212 რესპუბლიკელი წევრიდან ათმა ხმა მისცა ბატონი ტრამპის იმპიჩმენტს ამბოხთან დაკავშირებით. მათგან ორმა უკვე განაცხადა იმის შესახებ, რომ ისინი აღარ მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ არჩევნებში. დანარჩენი რვა, რომელთა შორისაა ქალბატონი ჩეინი, შეერკინება ტრამპის მიერ მხარდაჭერილ რესპუბლიკელ კანდიდატებს. თუ მათი უმეტესობა დამარცხდება, რაც მოსალოდნელია, ბატონი ტრამპის კონტროლი რესპუბლიკურ პარტიაზე გაიზრდება. ასევე გაიზრდება არჩევნების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, როგორც ტრამპის საარჩევნო სტრატეგია.
2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანი ბარომეტრის როლს შეასრულებს. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა ტრამპის რესპუბლიკელებისთვის, მოახდინონ საარჩევნო შეთქმულებების შესახებ საკუთარი აზრების გავრცელება ამომრჩეველზე. თუ ბატონი ტრამპი საარჩევნო კამპანიაში წამყვან როლს შეასრულებს, მაშინ სხვა რესპუბლიკელებიც მას მიბაძავენ ამ სტრატეგიის შესრულებაში. მთავარი შეკითხვა ამ შემთხვევაში იქნება ის, თუ რა დამოკიდებულება ექნებათ ცენტრისტულ-მემარჯვენე ამომრჩევლებს ამ სტრატეგიის მიმართ.
თუ ისინი არ მოიწონებენ ბატონი ტრამპის ამ რიტორიკას, მაშინ მისი გაპრეზიდენტების შანსი ძლიერ დაზარალდება. მაგრამ როგორც ჩანს, ამის საფუძველი არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ 75 მილიონი ადამიანიდან, რომლებმაც ხმა ბატონ ტრამპს მისცეს 2020 წელს, უმეტესობას არ შეუცვლია აზრი, მიუხედავად კაპიტოლ ჰილზე მომხდარი ძალადობისა და ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებისა. თუ ისინი არ იზიარებენ მის ავტორიტარულ ინსტინქტებს, ისინი ყოველ შემთხვევაში სერიოზულად არ აღიქვამენ ამას. ამერიკამ ეს შესაძლოა ძალიან ინანოს.
ჯეიმს ასტილი, ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი და Lexington-ის მიმომხილველი, The Economist, Washington, DC