კლასის მაჩანჩალები

ნაკლებ სავარაუდოა, რომ საჯარო სკოლებში დასწრება ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდეს

 

,,კოვიდ-19“-ის შედეგად საჯარო სკოლებში დასწრება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. 1940-იანი წლების დასაწყისში სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი ან საბრძოლველად წავიდა ან სამუშაოდ. მაგრამ დღეს უცნობია, სად წავიდნენ სკოლის მოსწავლეები და რატომ არ ბრუნდებიან სკოლაში.

2020 წლის დასაწყისში პანდემიამ აიძულა სკოლები მთელ მსოფლიოში დაკეტილიყო. მარტში ამერიკის 50 მილიონზე მეტი სკოლის მოსწავლე შინ იქნა გაშვებული. იმ მომენტში ცოტას თუ წარმოედგინა, რომ ამგვარი ვითარება ასე დიდხანს გაგრძელდებოდა. როცა განათლების სისტემამ სცადა მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნება შემოდგომაზე, დასწრება 2020-2021 აკადემიური წლისთვის 3%-ით შემცირდა. მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ ოჯახებს და შინაც კი აკითხავდნენ მოსწავლეებს, რათა ისინი სკოლაში დაებრუნებინათ ან ონლაინგაკვეთილებზე მაინც დაეთანხმებინათ.

დასწრების შემცირების უმეტესი ნაწილი ყველაზე უმცროს მოსწავლეებზე მოვიდა: საბავშვო ბაღში მოსიარულეთა რაოდენობა (ხუთი წლის ბავშვების შემთხვევაში) 9%-ით შემცირდა, ხოლო საბავშვო ბაღის ასაკამდე ბავშვთა რაოდენობა (ოთხი წლის ბავშვების შემთხვევაში) 22%-ით. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ყველაზე რთული უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის აღმოჩნდა. ადრეულ ასაკში გაკვეთილები მიმართულია ცხოვრებისეული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა საპირფარეშოს გამოყენება და თანატოლებთან ურთიერთობა. მათი "ზუმის“ მეშვეობით სწავლება ძალიან რთულია. ბევრმა ოჯახმა გადაწყვიტა თავისი შვილების შინ დატოვება.

2021-2022 სასკოლო წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, დასწრების ზემოთ მოყვანილი შემცირებული ციფრები 2022 წელსაც შენარჩუნდება. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ოლქმა გამოაქვეყნა დასწრების სტატისტიკა. ჰავაიში, მაგალითად, ფიქსირდება შემცირება. პანდემიამდე (2019-2020 წლებში) ჰავაის სასკოლო ოლქში 179,331 მოსწავლე ირიცხებოდა. 2020-2021 სასწავლო წელს მოსწავლეების რიცხვი 4,627-ით, ხოლო 2021 წელს ეს რიცხვი კიდევ 3,104 მოსწავლით შემცირდა, რაც პანდემიამდელ რიცხვთან შედარებით 4%-იანი შემცირებაა.

ზოგიერთმა ბავშვმა უბრალოდ დატოვა საჯარო სკოლა. ზოგიერთი კერძო სკოლაში გადავიდა (თუმცა ასეთი მოსწავლეების რიცხვი არც ისე მაღალია, როგორც მედია გადმოსცემს). შინ სწავლება უფრო პოპულარული გახდა. მიჩიგანის შტატის იმ ადგილებში, სადაც სწავლა პანდემიის დროს მხოლოდ დისტანციურად მიმდინარეობდა, უფრო მეტად გაიზარდა კერძო სკოლებში შესვლა, ხოლო იმ ადგილებში, სადაც არადისტანციურად ხდებოდა სწავლა, გაიზარდა შინ სწავლების შემთხვევები. ვირუსთან დაკავშირებით ოჯახებში არსებული სხვადასხვა დამოკიდებულება მათ განსხვავებულ გადაწყვეტილებებში აისახა.

ბევრი მოსწავლე არატრადიციულ საჯარო სკოლებში გადავიდა. გასულ წელს მასაჩუსეტსში გაიზარდა ბავშვების რაოდენობა ვირტუალურ (მხოლოდ დისტანციურ), ჩარტერულ (დამოუკიდებელი მმართველობის მქონე) და პროფესიულ (კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე) სკოლებში. მართას ვენახებში და სხვა დასასვენებელ ადგილებში გაიზარდა ტრადიციულ საჯარო სკოლებში დასწრება, სავარაუდოდ იმიტომ, რომ შეძლებულმა ოჯახებმა გადაწყვიტეს პანდემიის პერიოდის დასასვენებელ სახლებში გატარება.

ზოგიერთი მოსწავლე შესაძლოა დაბრუნდეს თავის ყოფილ სკოლაში პანდემიის დამთავრებისა და ნორმალური სასწავლო პროცესის დაბრუნების შემდეგ. მაგრამ ამა თუ იმ ოჯახს არ ენდომება ახალი სკოლების დატოვება, თუ იქ თავს კარგად გრძნობს. მოსალოდნელია, რომ კერძო და არატრადიციულ საჯარო სკოლებში დასწრება მაღალი იქნება. მაგრამ ზოგიერთი ბავშვი ×გამქრალია“. მაგალითად, ნაწილი ბავშვებისა, რომლებმაც დატოვეს ჰავაის სასკოლო სისტემა 2020-2021 აკადემიურ წლებში, გადავიდნენ სხვა შტატში ან დაიწყეს შინ სწავლა. უფრო მცირე ნაწილი გადავიდა კერძო სკოლებში. მაგრამ უცნობია, რა ბედი ეწია 2,665 მოსწავლეს, − ამბობს მანოას ჰავაის უნივერსიტეტის განათლების პროფესორი მარკ მერფი.

2022 წელს მოსწავლეთა დასწრების შემცირება კვლავაც პრობლემად დარჩება, განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებში. წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ბევრი ბავშვი გადაახტა საბავშვო ბაღს და პირდაპირ პირველ კლასში შევიდა 2021 წელს (საბავშვო ბაღში სიარული უმეტეს შტატებში ნებაყოფლობითია). ამას სავარაუდოდ ხანგრძლივვადიანი გავლენა ექნება: ხარისხიანი სწავლის მიღება ადრეულ ასაკში დაკავშირებულია მაღალ კლასებში კარგ შედეგებთან, უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებასთან და შემდეგ ხელფასთან. ასეთმა ბავშვებმა შესაძლოა საკუთარი თავი წლების განმავლობაში აღმოაჩინონ უფრო უკან, თანატოლებთან შედარებით.

კიდევ ერთი პრობლემა იქნება დაფინანსება. ამერიკაში დაფინანსების მიღება ეფუძნება მოსწავლეთა რაოდენობას და შესაბამისად, თითოეული მოსწავლის დაკარგვა ნაკლებ დაფინანსებას ნიშნავს სკოლებისთვის. ზოგიერთი შტატი ნებას რთავს მოსწავლეს, კუთვნილი დაფინანსება იმ სკოლაში წაიღოს, სადაც მას მოესურვება (საჯარო იქნება იგი თუ კერძო). 2022 წელს მოსალოდნელია ამგვარი სავაუჩერო სქემების უფრო ფართოდ განხილვა.

არასაკმარისმა დაფინანსებამ შესაძლოა გამოიწვიოს მასწავლებლების რეკრუტინგის შეჩერება და სხვა რესურსების, როგორიცაა საგანმანათლებლო მასალები, კლასგარეშე აქტივობები, სოციალური პროგრამები, კადრები, შემცირება. პანდემიის დასაძლევად მხარდაჭერის ფინანსები ამ ეტაპზე უნარჩუნებს სკოლებს სიცოცხლისუნარიანობას, მაგრამ ეს არ გაგრძელდება სამუდამოდ. როგორც ბიუჯეტის შეკვეცამ შეამცირა ტესტის შედეგები და სკოლის კურსდამთავრებულთა რაოდენობა ამერიკაში 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ისე ×კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომი გავლენა განათლებაზე პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

თამარა გილკეს ბორი, აშშ, პოლიტიკის კორესპონდენტი, The Economist, Washington, dc