სისტემის ფიასკო
მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წელს ისეთივე ჩიხში მოექცევა, როგორც მისი წინამორბედები
მწარე რეალობაა ის, რომ 2022 ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ბოლო შედეგიანი წელი იქნება. ამერიკული სისტემისთვის დამახასიათებელია ჩიხში შესვლა. იგი სათავეს იღებს კონსტიტუციურ მოწყობაში, რომელიც დაფუძნებულია კონსენსუსზე. ამ უკანასკნელის მიღწევა კი სულ უფრო რთული ხდება ჰიპერპოლარიზაციის ეპოქაში, როცა სენატში გადაწყვეტილებების მიღებას სუპერუმრავლესობა სჭირდება, რაც დემოკრატებს არ გააჩნიათ. თითქოს დემოკრატებს იდეალური პირობები აქვთ: ისინი აკონტროლებენ თეთრ სახლს და კონგრესის ორივე პალატას. მაგრამ სერიოზული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება მათთვის უაღრესად რთულია. შემთხვევითი არაა, რომ ბარაქ ობამამ და დონალდ ტრამპმა ყველაზე მნიშვნელოვანი კანონები − ჯანდაცვის რეფორმა პირველის შემთხვევაში და გადასახადების შემცირება მეორეს შემთხვევაში − თავიანთი პრეზიდენტობის პირველი ორი წლის განმავლობაში მიიღეს. ორივე მათგანმა განიცადა მნიშვნელოვანი მარცხი შუალედურ არჩევნებში, დაკარგა ერთი საკანონმდებლო პალატის კონტროლი და შესაბამისად მნიშვნელოვანი კანონების მიღების შესაძლებლობა.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც იმავე გზას ადგას. მან შეძლო და პრეზიდენტობის დასაწყისში დაამტკიცა ეკონომიკის სტიმულირების კანონი. მისი მთავარი წინადადება Build Back Better, რომელიც გულისხმობს კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შემცირებას და ევროპული სტილის უსაფრთხოების პროგრამების შემუშავებას, სადაც მდიდრებს უწევთ მნიშვნელოვნად მაღალი გადასახადების გადახდა, 2021 წელს საკანონმდებლო ჭაობში ჩაეფლო. ჩვენი ჟურნალის დაბეჭდვამდე დემოკრატიული პარტია ვერ ახერხებდა აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევას. შესაძლოა საბოლოოდ გარკვეული შეთანხმება მიღწეულ იქნას, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი იქნება გაცილებით ნაკლებ ბიუჯეტზე, ვიდრე ბატონი ბაიდენის მიერ ნავარაუდევი $4 ტრილიონი. ეს მაინც ჩაითვლება ნაწილობრივ წარმატებად იმასთან შედარებით, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ.
არჩევნებში წარუმატებლობა ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ ორ წელიწადს დიდ შედეგებს არ უქადის (მინიმუმ საკანონმდებლო დონეზე). წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა შესაძლოა აიტანონ ხუთი ადგილის დაკარგვა, მაგრამ ისინი ვერ დაუშვებენ ვერცერთი ადგილის დაკარგვას სენატში. 1938 წლის შემდეგ მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ გაიუმჯობესა სიტუაცია წარმომადგენელთა პალატაში. ორივე შემთხვევაში პრეზიდენტის რეიტინგი 60%-ზე მაღალი იყო. ბატონი ბაიდენისთვის საუბედუროდ, მისი რეიტინგი მხოლოდ 44%-ს შეადგენს. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ეს მოასწავებს დაახლოებით 33 ადგილის დაკარგვას წარმომადგენელთა პალატაში, რაც პალატაზე კონტროლის ხელიდან გაშვებას ნიშნავს. დემოკრატების მდგომარეობა სენატში შედარებით უკეთესია, ვინაიდან აქ ორ წელიწადში ჩატარებული არჩევნები ადგილების მხოლოდ ერთ მესამედს ეხება და ისტორიულად მმართველი პარტიის მიერ ადგილების დაკარგვის სტატისტიკა უფრო დაბალია (იხილეთ შემდეგი სტატია). ამერიკული სისტემა მოითხოვს ორივე პალატის თანხმობას, ამის მიღწევა კი დემოკრატებისთვის ძალიან რთული იქნება ერთ-ერთ პალატაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირონ დემოკრატების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაჟღერებულ პრიორიტეტებს.
ოპტიმისტებს სჯერათ, რომ დემოკრატებს შეუძლიათ ბევრი რამის გაკეთება 2022 წლის ნოემბრის არჩევნებამდე, მიუხედავად იმისა, რომ მათი შანსი არჩევნებში საუკეთესო არაა. შეიძლება ეს ასეც მოხდეს. მაგრამ თუ ბატონი ბაიდენის მიერ წამოყენებული საკანონმდებლო ინიციატივები საკამათო იქნება, მათ დამტკიცებაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რესურსი დაიხარჯება. დანარჩენ რესურსს მომავალი არჩევნებისთვის მზადება წაიღებს. მცირე უმრავლესობების პრობლემა ისაა, რომ თითქმის ნებისმიერი შიდა უთანხმოება საკმარისია გატანილი წინადადების ჩასაგდებად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატები მიაღწევენ ერთსულოვნებას კონგრესში, მათ შესაძლოა მაინც ვერ მიიღონ ესა თუ ის კანონი სენატის ფარული წესების გათვალისწინებით. სენატს შეუძლია შეაფერხოს კანონპროექტის განხილვა, თუ მას 60-ზე ნაკლები სენატორი უჭერს მხარს. ვიდრე ეს წესი არსებობს, სენატი არ დაამტკიცებს ცვლილებებს სერიოზულ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, საარჩევნო უფლებების წესები, მინიმალური ხელფასის ზრდა და საიმიგრაციო სისტემის რეფორმა. თუ გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები მაინც იქნა დამტკიცებული, ეს იქნება შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები.
თანამედროვე პრეზიდენტობის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ კანონების მიღების ერთადერთი გზა არ არის ჭირვეულ კონგრესთან თანამშრომლობა, თუმცა ეს მეთოდი უკეთესია. მისი წინამორბედების მსგავსად, რომლებიც ჩიხში შევიდნენ პრეზიდენტობის პირველი ორი წლის შემდეგ, ბატონი ბაიდენი შეიძლება გადავიდეს რეგულაციების გატარებაზე ადმინისტრაციული ორგანოების გავლით (ეს განსაკუთრებით ეხება გარემოს დაცვას) ან დიდწილად ცალმხრივი ძალაუფლების გამოყენებაზე სავაჭრო შეზღუდვების დაწესების კუთხით.
ბატონმა ბაიდენმა უკვე გამოაჩინა გარკვეული იზოლაციონისტური მიდრეკილებები, როგორიცაა, მაგალითად, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან აირჩიოს ამერიკის სხვა პრეზიდენტების კიდევ ერთი მეთოდი ცვლილებების განხორციელებისა − ომი. ნაცვლად ამისა, სავარაუდოდ ბაიდენი დიდ დროს დაუთმობს სამიტებში მონაწილეობას. ეჭვგარეშეა, რომ იგი დიდი სიამოვნებით იმოქმედებდა იმავე სტილში, როგორც მისი კერპი − ფრანკლინ რუზველტი. მაგრამ ბაიდენს გაუჭირდება რუზველტისეული ტრანსფორმაციების განხორციელება რუზველტისეული უმრავლესობის არქონის პირობებში.
იდრეეს კალუნი, ვაშინგტონის კორესპონდენტი, The Economist, Washington, DC