გაჯანსაღება, გაგრძელება

ამერიკის ეკონომიკა დაუბრუნდება "კოვიდამდელ“ მდგომარეობას

  

ერთი შეხედვით, ამერიკის ეკონომიკური ზრდა 2021 წელს საოცარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. მისი მშპ 6%-იანი ზრდის ტრაექტორიაზეა მას შემდეგ, რაც 2020 წელს 3.5%-ით შემცირდა. ეს ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ცვლილებაა აშშ-ის ეკონომიკაში. თუმცა ამ ზრდის უკან საგანგაშო დეტალები იმალება. ინფლაცია გაიზარდა, კომპანიებს უჭირთ მუშახელის მოძიება და ყველაფერი, ჰიგიენური საფენებიდან ავტომობილებამდე, დეფიციტშია. 2022 წელი ბევრ რამეს შეცვლის: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ნაკლებად შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ ზედაპირის ქვეშ ამერიკის ეკონომიკური ძრავა უფრო ჯანსაღად იმუშავებს.

2021 წლის დიდი გაჯანსაღების შემდეგ, 2022 თითქმის გარანტირებულად უფრო ნელი ზრდის წელი იქნება. ანალიტიკოსების უმეტესობა პროგნოზირებს დაახლოებით 4%-იან ზრდას, რომლის ტენდენცია თანდათან შემცირდება, თუმცა ამან არ უნდა დააკნინოს ამერიკის ეკონომიკის ზრდის შედეგი ფართო გაგებით. გასული ათწლეულების სტატისტიკის გათვალისწინებით, 4%-იანი ზრდა საკმაოდ კარგ შედეგად ჩაითვლება. ამერიკის ეკონომიკის ზომა წლის ბოლოს ისეთი იქნება, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო 2019 წელს.

2022 წლის ადრეულ თვეებში ყურადღების ცენტრში იქნება ფედერალური რეზერვი. ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე ცენტრალური ბანკი დაასრულებს ულტრათავისუფალ სამონეტო პოლიტიკას, რომელიც პანდემიის პიკის დროს იქნა ჩაშვებული. ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ ფაუელმა მიანიშნა, რომ ფედერალური რეზერვის მიერ ბონდებისა და სხვა აქტივების ყოველთვიური შესყიდვა 2021 წლის ბოლოდან შემცირდება და 2022 წლის შუაში დასრულდება. ეს საფინანსო ბაზრებისთვის "ზურგის ქარი“ იქნება, თუმცა ფედერალური რეზერვის მიერ თავისი გეგმების აქტიურად აფიშირებამ ინვესტორებს საკმარისზე მეტი დრო მისცა იმისათვის, რომ ეს ცვლილება საკუთარ ფასწარმოქმნაში გაითვალისწინონ.

ამის შემდეგ ფოკუსი გადაინაცვლებს იმაზე, თუ როდის დაიწყებს ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთების გაზრდას. მისი საპროცენტო განაკვეთების განმსაზღვრელი კომიტეტის მცირე უმრავლესობა ფიქრობს, რომ პოლიტიკის ნაწილობრივი გამკაცრება საჭიროა 2022 წლის ბოლომდე. ამგვარი ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ეკონომიკის მდგომარეობაზე და განსაკუთრებით ინფლაციაზე. ფედერალური რეზერვი დიდ "ფსონს დებდა“ იმ იდეაზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ფასებზე ზემოქმედება გარდამავალი მოვლენა იყო და მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებზე არსებულ გართულებულ მდგომარეობას ასახავდა. ამ აზრს იზიარებს ბევრი ანალიტიკოსი და ელის, რომ 2022 წელს ინფლაცია 3%-მდე შემცირდება იმ პირობებში, რომ მსოფლიო ეკონომიკა გააგრძელებს გახსნას. "კოვიდ-19“-ის შესუსტების ფონზე, მეტი ამერიკელი დაუბრუნდება სამსახურს და დაეხმარება ეკონომიკას დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია გაგრძელდა, ფედერალურ რეზერვზე მოიმატებს ზემოქმედება საპროცენტო განაკვეთების უფრო სწრაფად გაზრდის მოთხოვნით.

ფისკალური პოლიტიკისთვის 2022 წელი მნიშვნელოვანი ღერძი იქნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული "კოვიდ-19“-ის შემსუბუქების უზარმაზარი პაკეტების დასრულება ფედერალურ დეფიციტს, მშპ-ს 13%-იდან 5%-მდე შეამცირებს. ნორმალურ ვითარებაში ეს ნიშნავს ფისკალური პოლიტიკის მყისიერ გამკაცრებას. მაგრამ ოჯახებს აქვთ 2 ტრილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დანაზოგი, რაც გარკვეულწილად იმ მხარდაჭერის პაკეტების დამსახურებაა, რომლებიც მათ "კოვიდის“ დროს მიიღეს. შესაბამისად, მოხმარება სტაბილურ ნიშნულზე დარჩება.

2022 წელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბატონი ბაიდენის მიერ გამოცხადებული პროგრამის "ავაშენოთ უკეთესად“ განხორციელება დაიწყება. ამ პროგრამას ორი ნაწილი აქვს: ამერიკის გაუარესებული ინფრასტრუქტურის განახლება და სოციალური უსაფრთხოების ბადის ხელახლა შემუშავება (ბავშვიანი ოჯახებისთვის მეტი დაფინანსებით). ინვესტიციის ჯამური ოდენობა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ბატონ ბაიდენს და დემოკრატების უმრავლესობას სურდათ. თუმცა ასეთია კონგრესში კანონმდებლობის გატანისა და დამტკიცების რეალობა.

მიუხედავად ამისა, იმედისმომცემია იმის დანახვა, რომ ამერიკის მთავრობას ჯერაც შეუძლია იმგვარი დაფინანსების დამტკიცება, რომელიც ხანგრძლივვადიან პრიორიტეტებს უნდა მოხმარდეს. მომავალში ამგვარი ამბიციური ინიციატივების იმედი შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები დაკარგავენ სენატისა და წარმომადგენელთა პალატის კონტროლს ნოემბრის შუალედურ არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში ბატონ ბაიდენს შეზღუდული მოქმედების არეალი დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მზარდი ეკონომიკის პრეზიდენტი იქნება.

საიმონ რაბინოვიჩი, აშშ, ეკონომიკის რედაქტორი, The Economist, Washington dc