არეულობა საზღვარზე

საზღვარი პოლიტიკურ ცხელ წერტილად დარჩება

 

პოლიტიკაში ცოტა რამ თუ არის პროგნოზირებადი, მაგრამ ნოემბრის არჩევნები, რომელსაც სხვანაირად "შემოდგომის ჩხუბს“ უწოდებენ და რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აუცილებლად იქნება დაკავშირებული ამერიკის სამხრეთ საზღვრის თემასთან. რესპუბლიკელები, რომლებმაც 2016 წელს წარმატებით მოახდინეს უკანონო იმიგრაციის თემის პოლიტიზება და მოწმე გახდნენ დონალდ ტრამპის გამარჯვებისა, იმავე თემაზე აპელირებას აპირებენ. მოელოდეთ მათგან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის "ღია საზღვრის პოლიტიკაზე“ საუბარს. მოსალოდნელია, რომ "წითელი“ შტატები, მათ შორის არიზონა და ტეხასი, ახალ საკანონმდებლო ბრძოლებს გააჩაღებენ ფედერალურ მთავრობასთან, სასაზღვრო პროგრამებთან და მათ აღსრულებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკურ რიტორიკას რომ თავი დავანებოთ, ბატონი ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი გასაოცარი ნიშან-თვისება გახლავთ ბატონი ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გაგრძელება ნებსით თუ უნებლიეთ. მაგალითად, ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა ბატონი ტრამპის "მიგრანტების დაცვის პროტოკოლების“ (MPP) პროგრამის გაუქმება, რომლის მიხედვით იმიგრანტები ვალდებული არიან დარჩნენ მექსიკაში, ხშირად ძალიან ცუდ პირობებში, ვიდრე მოხდება მათი საქმის განხილვა სასამართლოში. მაგრამ იურიდიულმა სირთულეებმა განაპირობა ის, რომ ბატონმა ბაიდენმა ვერ მოახერხა აღნიშნული პროგრამის გაუქმება, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს პირობა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დააფიქსირა.

ასეთივე იურიდიული ჩახლართულობაა "42-ე თავთან“ დაკავშირებით. ეს გახლავთ ტრამპისდროინდელი წინააღმდეგობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრძანება, რომელიც დღესაც მოქმედია. ბრძანების მიხედვით აძევებენ იმ იმიგრანტებს, რომლებიც ამერიკის საზღვარს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მიადგებიან.

ბაიდენის ადმინისტრაცია განიცდის ზემოქმედებას იმიგრანტების დამცველთა მხრიდან "42-ე თავის“ გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე სასამართლო სარჩელიც კი არის შეტანილი ამერიკის სამოქალაქო უფლებების კავშირის (ACLU) მიერ, თუმცა მოქმედი ადმინისტრაცია არ ამჟღავნებს დიდ სურვილს, გააუქმოს ეს ბრძანება. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბატონი ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ძალიან გაზრდილია საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რაოდენობა. მოსალოდნელია, რომ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ცდილობენ ამერიკის სამხრეთ საზღვრიდან ქვეყანაში მოხვედრას, მაღალი იქნება 2022 წელს. 2021 წელს ეს რაოდენობა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რეკორდულად მაღალი იყო, თუმცა 20 წლის წინანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, როცა საზღვრის გადაკვეთის მსურველთა უმეტესი ნაწილი მექსიკელი იყო, ახლა ძალადობით, ბუნებრივი კატაკლიზმებითა და სიღარიბით შეწუხებული მიგრანტები ჩამოდიან ცენტრალური ამერიკიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

ამერიკაში მოხვედრის მსურველთა რიცხვს წელს შეუერთდება ის ხალხი, ვინც აქამდე ამ გზას არ გადიოდა. ესენი არიან ბრაზილიისა და ვენესუელას მოქალაქეები. ამის გათვალისწინებით, ამერიკის სამხრეთ საზღვრის საკითხის მოგვარება კიდევ უფრო რთული და კომპლექსური იქნება, − აცხადებს კვლევითი ორგანიზაცია "მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ენდრიუ სელი.

ის, თუ როგორ შეიძლება გახადოს იმიგრაციის აღსრულება ბატონმა ბაიდენმა უფრო ჩქარი და სამართლიანი, ისე, რომ არ უბიძგოს კიდევ უფრო მეტ ადამიანს სახიფათო გზის გავლით მიადგნენ აშშ-ის სამხრეთ საზღვარს, გახლავთ საზღვრის საკითხის მოგვარების მთავარი გამოწვევა. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ნაწილია თავშესაფრის ახალი სისტემის შექმნა. თუ თავშესაფრის ოფიცრებს ექნებათ მეტი უფლებამოსილება, რომ თვითონ გადაწყვიტონ თავშესაფრის მიცემა-არმიცემა და ეს არ მოხდეს ისედაც გადატვირთულ სასამართლოებში, საქმეების გადაწყვეტა მოხდება უფრო სწრაფად და ადამიანებს არ მოუწევთ იურიდიულ გაურკვევლობაში დიდი ხნით ყოფნა.

ბატონი ბაიდენის მიერ შეცვლილი თავშესაფრის სისტემა 2022 წელს ამოქმედდება. ღირს მას ყურადღებით დავაკვირდეთ, რადგან წარმოადგენს ცვლილებას, რომელიც ამერიკის გადატვირთულ საიმიგრაციო სისტემას სჭირდება. ამერიკა და თავშესაფრის მაძიებლები თავშესაფრის პროცესს საჭიროებენ, რომელიც იქნება პროგნოზირებადი, სწრაფი და სამართლიანი.

ალექსანდრა ზუიჩ ბასი, უფროსი კორესპონდენტი პოლიტიკის, ტექნოლოგიისა და საზოგადოების დარგში, The Economist, Dallas