ამერიკის ჰეგემონიის დასასრული
კადრები, თუ როგორ ცდილობენ სასოწარკვეთილი ავღანები გავიდნენ ქაბულიდან მას შემდეგ, რაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაეცა აგვისტოში, მიგვანიშნებდნენ მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ მომენტზე, როცა ამერიკა განუდგა მსოფლიოს. თუმცა სინამდვილეში ამერიკული ეპოქის დასრულება ბევრად ადრე მოხდა. ამერიკული სისუსტისა და მსოფლიოში მისი როლის შემცირების ხანგრძლივვადიანი მიზეზები უფრო საშინაოა, ვიდრე საგარეო. ქვეყანა დიდ ძალად დარჩება მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ ის, თუ რამდენად გავლენიანი იქნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს აშშ საშინაო პრობლემების, და არა საგარეო საკითხების გადაწყვეტას.
ამერიკის ჰეგემონობის პიკი 20 წელიწადზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, ბერლინის კედლის დაცემიდან, 1989 წელს 2007-2009 წლების ფინანსურ კრიზისამდე. ქვეყანა დომინანტი იყო ძალაუფლების ბევრ − სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ასპექტში. ამერიკული თავხედობის პიკი გახლდათ ერაყში შეჭრა 2003 წელს, როცა იგი იმედოვნებდა, რომ შეცვლიდა არა მხოლოდ ერაყსა და ავღანეთს (რომელშიც იგი ორი წლით ადრე შევიდა), არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთს. ამერიკამ ზედმეტად შეაფასა სამხედრო ძალის ეფექტიანობა ღრმა პოლიტიკური ცვლილების მოხდენის კუთხით და პირიქით − არასათანადოდ შეაფასა მისი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური მოდელის გავლენა მსოფლიო ფინანსებზე. ათწლეული დასრულდა ამერიკის ჯარების ორ რთულ და არაეფექტიან ომში ჩაფლობით, ფინანსური კრიზისით, რომელმაც წარმოაჩინა ის უთანასწორობა, რომელიც ამერიკის მიერ გავრცელებულმა გლობალიზაციამ მოიტანა.
იატაკის ტერმიტები
ერთპოლარულობის დონე, რომელიც აღნიშნულ პერიოდს ახლდა, იშვიათად უნახავს ისტორიას. მას შემდეგ მსოფლიო წავიდა უფრო ნორმალური მულტიპოლარულობისკენ, სადაც ჩინეთმა, რუსეთმა, ინდოეთმა, ევროპამ და სხვა ცენტრებმა გაზარდეს ძალა ამერიკასთან შედარებით. ავღანეთის გავლენა გეოპოლიტიკაზე სავარაუდოდ დიდი არ იქნება: ამერიკამ გადაიტანა ბევრად დამამცირებელი მარცხი ვიეტნამში 1975 წელს, მაგრამ შეძლო დომინანტობის დაბრუნება ათწლეულზე ცოტა მეტ ხანში. ამერიკის გლობალური როლისთვის ბევრად დიდი გამოწვევა გახლავთ საშინაო პოლიტიკა.
ამერიკის საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია და თითქმის ვერაფერზე ახერხებს საერთო ენის მონახვას. ეს პოლარიზაცია დაიწყო პოლიტიკის ტრადიციული საკითხებით, როგორიცაა გადასახადები და აბორტის გაკეთება, თუმცა შემდეგ გადაიზარდა კულტურული იდენტობის შესახებ მწვავე დაპირისპირებაში. ჩვეულებრივ დიდი საგარეო საფრთხე, როგორიცაა გლობალური პანდემია, უნდა იყოს მოქალაქეებისთვის მიზეზი, რომ გაერთიანდნენ საერთო პასუხის ირგვლივ. მაგრამ "კოვიდ-19“-ით გამოწვეულმა კრიზისმა პირიქით, კიდევ უფრო გააღრმავა ხიდჩატეხილობა. ბევრს მიაჩნია, რომ სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება და ვაქცინაცია არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებია, არამედ პოლიტიკური მარკერები. ეს კონფლიქტები გავრცელდა ცხოვრების ყველა ასპექტზე − სპორტიდან სამომხმარებლო პროდუქტების ბრენდებამდე, რომლებსაც ყიდულობენ "წითელი“ და "ლურჯი“ ამერიკელები.
პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია საგარეო პოლიტიკაზე. ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას რესპუბლიკელები აკრიტიკებდნენ დემოკრატებს რუსეთის მიმართ "რბილი“ დამოკიდებულებისა და ვლადიმირ პუტინის არასათანადოდ აღქმის გამო. დონალდ ტრამპმა სრულიად შეცვალა მიდგომა, ჩაეხუტა რა ბატონ პუტინს.
ჩინეთთან დაკავშირებით უფრო ერთიანი პოზიცია არსებობს: რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ იგი წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიული ღირებულებებისთვის. მაგრამ ამას ამერიკისთვის დიდი სარგებელი არ მოაქვს. ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ავღანეთზე ბევრად დიდი გამოწვევა იქნება ტაივანი, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი მას ღიად შეუტევს. მზად იქნება აშშ, რომ გასწიროს საკუთარი ვაჟები და ქალები იმისთვის, რათა შეინარჩუნოს კუნძულის დამოუკიდებლობა? ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე სერიოზული მსჯელობა გაიმართება იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ამერიკის ესა თუ ის მოქმედება შიდაპარტიულ ბრძოლაზე.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი ფიასკო პირველ წელს გახლდათ მის მიერ ავღანეთის ჩამოშლისთვის არაადეკვატური მომზადება. ბატონმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან გამოსვლა აუცილებელი იყო, რათა ამერიკა მზად ყოფილიყო უფრო დიდ გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი. იმედი მაქვს, რომ იგი ამაზე სერიოზულად ფიქრობს. ბატონმა ობამამ ვერ შეძლო აზიაში სერიოზული საყრდენის შექმნა, იმიტომ, რომ ამერიკა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებაში იყო ჩართული. 2022 წელს, ადმინისტრაციამ უნდა გადაანაწილოს რესურსები და ყურადღება, რათა შეაკავოს გეოპოლიტიკური მტრები და მჭიდრო თანამშრომლობა დაამყაროს მოკავშირეებთან.
აშშ დიდი ალბათობით ვერ შეძლებს დაიბრუნოს ადრინდელი ჰეგემონური სტატუსი და მან ეს არც უნდა სცადოს. იგი უნდა იმედოვნებდეს, რომ მასავით მოაზროვნე ქვეყნებთან ერთად შეინარჩუნოს დემოკრატიული ღირებულებებისთვის მეგობრული მსოფლიო წესრიგი. შეძლებს იგი ამას თუ ვერა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიბრუნებს ამერიკა ეროვნული იდენტობის განცდას და სულისკვეთებას შინ.
ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი