THE ECONOMIST − დეოლიგარქიზაცია და 6 თვე ევროკავშირის საბოლოო პასუხამდე − კორნელი კაკაჩიას ანალიზი
წელს პირველად გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის, სახელი ევროპარლამენტის რეზოლუციაში. როგორ ფიქრობთ, მათ აქამდე არ იცოდნენ ამის შესახებ, თუ ვივარაუდოთ, რომ განზრახ ხუჭავდნენ თვალს მის არაფორმალურ გავლენაზე?
ევროპამ კარგად დაინახა, რომ საქართველო ნელ-ნელა ხდება ერთპარტიული მმართველობის ქვეყანა, სადაც ფარდის უკან მდგარი ერთი ადამიანი ისე განაგებს ყველაფერს, რომ არაა პასუხისმგებელი არავის წინაშე. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედონ, თუ სურთ თანაბარი თამაშის წესების უზრუნველყოფა ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის. ამჟამად სწორედ ესაა მთავარი გამოწვევა − მმართველმა გუნდმა ერთპიროვნული ძალაუფლება მოიპოვა, მას დიდი გავლენა აქვს და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებს. ესაა მიზეზი, რატომაც წამოსწია დეოლიგარქიცაზიის საკითხი ევროპამ. ისინი ხვდებიან, რომ ქვეყანაში, სადაც მმართველ გუნდს ოლიგარქი უმაგრებს ზურგს, პოლიტიკურ პარტიებს შორის დემოკრატიული შეჯიბრებითობის ცნება ვერ იარსებებს. მართალია, ეს საკითხი მხოლოდ ქართული გამოწვევა არაა და ×დეოლიგარქიზაციის“ რეკომენდაცია უკრაინასა და მოლდოვასაც მიეცათ, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ამ პრობლემამ ძალიან უკან დახია დემოკრატია. თუ რაღაც ცვლილება არ განხორციელდა, საქართველო ვერ გახდება შემდგარი დემოკრატია.
დაუწესდება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს?
ევროკავშირში ყოველთვის რთული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეთანხმების მიღწევა. ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება აზრთა სხვადასხვაობა. აი, რომ ვსაუბრობდეთ შეერთებულ შტატებზე, მე უფრო ზუსტი პასუხის გაცემას შევძლებდი. თუ იქ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უპრობლემოდაც აღასრულებენ. ისევ ევროკავშირს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, პასუხი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეიცვლება ვითარება საქართველოში. თუ ხელისუფლება შეისმენს ევროპულ რეკომენდაციებს, გამოიჩენს ცვლილებების განხორციელების სურვილს და უზრუნველყოფს პლურალისტურ გარემოს, მაშინ დამოკიდებულებაც შეიცვლება. მაგრამ ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ მოლდოვური სცენარის განვითარება, როცა იქაურ ოლიგარქს სანქციები ევროკავშირმა და ამერიკამ ერთდროულად დაუწესეს. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მაქვს, შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით ევროკავშირში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე ყოყმანობენ. რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელთა დასახელებასაც მოვერიდები, ასეთი რამ განაცხადა: ×რატომ უნდა დავასანქციროთ მაინცდამაინც ივანიშვილი, როცა ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მყოფ ოლიგარქებს, იქ ხომ უარესი მოცემულობაა?“.
ჩვენ და ევროკავშირი სანქცირების საჭიროებას სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ. თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის ტრიოში ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროკავშირისთვის საქართველოზე მეტად ავტოკრატიული, მეტად რთულ ვითარებაში მყოფი ევროპული ქვეყნებიც არსებობენ. მათ არ სურთ, შერჩევითი დამოკიდებულება გამოიჩინონ − თუ გადაწყდება ერთის სანქცირება, იგივე უნდა მოხდეს ყველა სხვა შემთხვევაში. ეს კი მარტივი არ იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, სანამ გამოუსწორებელ შეცდომას არ დაუშვებს ხელისუფლება, მანამდე ევროკავშირი თავს შეიკავებს.
მოვახერხებდით თუ არა წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, განაცხადი 2024 წელს რომ შეგვეტანა?
ხელისუფლება ნამდვილად არ გეგმავდა 2024 წლამდე განაცხადის შეტანას, თუმცა ამ ომმა და საზოგადოებრივმა ზემოქმედებამ მათ ერთადერთი გზა დაუტოვა − მოლდოვას მსგავსად შეეტანათ განაცხადი წელს. ვიტყოდი, რომ გადამწყვეტი როლი მაინც საზოგადოებამ ითამაშა. გემახსოვრებათ, თავდაპირველად როგორი პოზიცია ჰქონდა მმართველ გუნდს, ვიდრე მრავალათასიანი მიტინგი არ მოეწყო პარლამენტის წინ. თავის მხრივ, უნდა ითქვას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში, ქვეყნის კურსის განსაზღვრაში. ახლა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოლიტიკური მზადყოფნა უნდა დაგვანახონ. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ევროპული მომავლისთვის ყველაფრის გვერდზე გადადება და ერთმანეთთან დიალოგის წამოწყება შეუძლიათ. თუ გვსურს ევროკავშირი, უნდა შევეჩვიოთ შეთანხმებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას. ამ მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ მზად არიან თავის კონკურენტებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, ბიზნეს და აკადემიურ სექტორებთან ერთად დიალოგის მაგიდასთან დასასხდომად. სხვა შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელება ძალიან გაჭირდება.
რა მოხდება 6 თვის შემდეგ, თუ ვერ მოვახერხებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას?
იმედს ვიტოვებ, საქართველო მოახერხებს პროცესის წარმატებულად წარმართვას, თუმცა თუ მიზანს ვერ მივაღწევთ, მჯერა, ამას არასასურველი შედეგები მოჰყვება. უპირველეს ყოვლისა, საქართველო შეიძლება ჩამოშორდეს ე.წ. ასოცირებულ ტრიოს. ამით კი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა. უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ერთ კალათაში აღმოჩენამდე ევროპა საქართველოს ყოველთვის სამხრეთკავკასიურ კალათაში ათავსებდა და გეოგრაფიულად სწორედ ასე განიხილავდა მის პერსპექტივას. თუ ×ასოცირებული ტრიოდან“ ამოვვარდით, საქართველოს ინტერესების დაცვა ევროკავშირში გართულდება. მეტიც − ჩვენ იზოლირებულები აღმოვჩნდებით დასავლეთისგან. ამას კარგად იაზრებს საზოგადოება და ამიტომაცაა ასეთი დიდი ზემოქმედება მისი მხრიდან. ჩვენ აღარ გვრჩება ბევრი დრო და თუ 6 თვეში ვერ მოვახერხებთ საერთო მიზნის გარშემო შეთანხმებას, რთულია შემდგომი ეტაპის მიმართ დადებითი მოლოდინი გვქონდეს. საქმეს ის ართულებს, რომ რაც დრო გავა, ევროპულ დედაქალაქებში განწყობები შეიცვლება. უკრაინის ომმა მართლაც გააჩინა შესაძლებლობების ფანჯარა, თუმცა რამდენ ხანს იქნება ის ღია, არავინ იცის. ამიტომ ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თორმეტივე მოთხოვნა დროულად შესრულდეს. l