მჯერა, ამ ქვეყანას შეუძლია განვითარება, თუმცა ხელისუფლებამ წინდახედული და გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას
ამჟამად, ქართულ ბაზარზე რამდენიმე მიმართულებაა განსაკუთრებით გამოკვეთილი. მათ შორის უპირველესი პრემიუმსეგმენტზე მოთხოვნის ზრდაა. მიუხედავად პანდემიისა და ომისა, საზოგადოება მეტადაა დაინტერესებული, რომ ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, უფრო ჯანსაღ გარემოში შეიძინოს ბინა. ეს სიახლე სულაც არაა ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, სადაც წლებია, მსგავსი სეგმენტია მოთხოვნადი. ხალხს სურს მჭიდროდ დასახლებული უბნების დატოვება და უფრო ჯანსაღ, სასიამოვნო გარემოში გადასვლა. თუმცა ეს უკანასკნელი საკმარისი როდია! − ბინის შეძენის მსურველთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კეთილმოწყობილი გარემო, სისუფთავე, მრავალფეროვან საჭიროებებზე გათვლილი დაწესებულებების არსებობა და ისიც, თუ ვინ იქნება მათი მეზობელი. მოკლედ რომ ვთქვათ, მყიდველისთვის კარგი გარემო უმნიშვნელოვანესია და ალბათ, ბევრი ადამიანიც უკვე მზადაა, ამაში ფული გადაიხადოს.
მეორე გამოკვეთილი მიმართულება საკუთრების შეძენაზე გაზრდილი ფასებია და ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზებიც აქვს. 15%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალის ფასი. გარდა ამისა, რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა სურსათის მოწოდების პრობლემა შექმნა. აღარაფერს ვამბობ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში ფინანსური ინსტიტუტების მიერ დამკვიდრებულ აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკაზე, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია არსებულ ვითარებაზე. ფასები დაეცა საფონდო ბირჟებზეც, ამ ყველაფერმა კი საცალო ვაჭრობის სექტორით დაინტერესებულ ინვესტორებს გაუჩინა მოტივაცია, უძრავ ქონებაში მეტად დააბანდონ ფული. აღარცაა გასაკვირი, რომ დროთა განმავლობაში მიწის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და ამას განაპირობებს რესურსის სიმწირე, მათ შორის, თბილისსა და მის შემოგარენში.
აღსანიშნავია, რომ ომის მიუხედავად, უძრავი ქონების ბაზარი ფართოვდება. საკმაოდ მზარდია მოთხოვნა სასაკუთრე ფართებზე. არანაკლებ და, შეიძლება ითქვას, მეტადაც მზარდია დაინტერესება გასაქირავებელ საკუთრებაზე. სწორედ ამ მიმართულებით, გასულ წელთან შედარებით ფასები 80%-ით არის გაზრდილი და ეს დაადასტურა არაერთმა წყარომ თუ ბაზრის მკვლევარმა. რაც შეეხება დაგირავებას, ამ მიმართულებით მაჩვენებელი გაუარესდა. სწორედ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით შემიძლია ავხსნა, თუ რატომ გაიზარდა ბაზარზე ფინანსური რესურსების შემოდინება. ეს ცვლილება ჩვენ მარტის თვის შემდეგ ვიგრძენით, როცა განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. ადამიანებმა ბევრი რამ გადააფასეს და მიხვდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი უსაფრთხო და ღირებული ქონების შეძენა, როგორიც მიწის ნაკვეთი ან აპარტამენტია. ისინი კარგად ხვდებიან იმასაც, რომ მალე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ქართული ეკონომიკის მდგომარეობას, TBC კაპიტალის მიერ ბაზრის კვლევის ანალიზზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეკონომიკა არა მარტო ვითარდება, არამედ ექსპერტთა მოლოდინსაც აჭარბებს მისი შედეგები. ამის გამომწვევ მიზეზთა შორის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავასახელოთ მიგრანტთა დიდი ნაკადის შემოდინება. კიდევ მომიწევს ამის გამეორება, თუმცა ფაქტია, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებით ქართული ეკონომიკა ნამდვილად იღებს სარგებელს. მჯერა, ამ ქვეყანას ბევრი მიმართულებით შეუძლია განვითარება, თუმცა ამისთვის ხელისუფლებამ წინდახედული და გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას.
ჩემი შეფასებით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ლარი უკონტროლოდ უფასურდება და ამ მაჩვენებელმა უკვე ორნიშნა ნიშნულსაც მიაღწია. იმედიანად ვერ განგვაწყობს ვერც მაკროეკონომიკური პროგნოზი, რომლის მიხედვით, გაუფასურების დონე წლის ბოლომდე უცვლელი იქნება. რაღა დაგიმალოთ, გაუგებარია ჩემთვის, თუ რატომ იზრდება ფასები მაღაზიის დახლებზე, როცა ქვეყნის ცენტრალური ბანკი ასეთ აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს და ცდილობს ლარის გაძლიერებას. ბევრი ადამიანისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ისინი აცნობიერებენ, რომ არა მარტო ღარიბდებიან, არამედ მალე ვალებით მოუწევთ ცხოვრება. სწორედ ამის გამო ბევრი კომპანია იძულებული გახდება, გაზარდოს ხელფასები და ნაკლებად იფიქროს მოგებაზე. მართალია, ლარის გაუფასურებამ ჩვენს კომპანიას დიდი სარგებელი მოუტანა, თუმცა მომავალში ასე აღარ გაგრძელდება. l