თიბისის 30 წელი საქართველოსთან ერთად

აბანკო სექტორი

საქართველოს საბანკო სექტორის გამოწვევებს ორ ნაწილად დავყოფდი:  თუ მოკლევადიან პერიოდზე ვისაუბრებთ, უნდა ვახსენოთ გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ამ მხრივ საბანკო სექტორმა ყველაზე რთული ეტაპი უკვე გადალახა. ბანკებმა ჯერ კიდევ 2021 წლის მეორე ნახევარში წარმატებით დაიწყეს განვითარება, ხოლო 2022 წელს კიდევ უფრო დადებითი მოლოდინი გვაქვს. ამიტომ, ამ მხრივ გამოწვევები, შეიძლება ითქვას, დაძლეულია.

შორეულ პერსპექტივაში კიდევ ერთი გამოწვევა ისაა, რომ საბანკო სექტორის მზარდი პენეტრაციის გამო, მომავალში ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, ძირითადი გამოწვევა მსოფლიოში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებაა. განვითარება, რომელიც დიდ ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, ტექნოლოგიების განვითარებაში დასაბანდებელი ინვესტიციის მოცულობა კი − დიდი. ამავე დროს ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩამოვრჩეთ მსოფლიოში მიმდინარე დადებით პროცესებს, პირიქით − უნდა განვავითაროთ მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები თუ მომსახურება. მოგვიწევს, გავხდეთ ან პარტნიორები ან კონკურენტები იმ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისა, რომლებიც შემოდიან საბანკო სექტორში. მაგალითისთვის, ×თიბისი“ Apple Pay-ის პარტნიორია და საკუთარ საქმიანობაში მის საგადასახადო სისტემას იყენებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ასეთ კომპანიებს არა მარტო უნდა დავუახლოვდეთ, არამედ მათთან ერთად განვავითაროთ ტექნოლოგიები.

 

უკრაინის ომის გავლენა

რა თქმა უნდა, უკრაინაში ომმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ეკონომიკაზე, რადგან ორივე ქვეყანა − რუსეთიც და უკრაინაც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. თუმცა თუ გავითვალისწინებთ გასული 10-15 წლის ტენდენციას, როცა ქვეყანამ რუსეთზე დამოკიდებულება საგრძნობლად შეამცირა, დიდი ზეგავლენა ამ მოვლენას ქართულ ეკონომიკაზე ნაკლებად ექნება.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ ხელი შეგვიწყო ბაზრების დივერსიფიკაციამ. საქართველომ ჯერ კიდევ წლების წინ გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირსა და ჩინეთთან. მთავრობა კიდევ მრავალ ქვეყანასთან მუშაობს ამ მიმართულებით. ეს კი საქართველოს აძლევს საშუალებას, მისი ეკონომიკა უფრო ღია, დივერსიფიცირებული და თავისუფალი იყოს. მართალია, მოკლე პერიოდში ეს გამოწვევაა ქართული ეკონომიკისთვის, თუმცა მომავალში ამის დახმარებით ქვეყანა კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას.

 

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა

მართლაც სასიხარულოა, რომ წელს, ჩვენი პროგნოზით, ქართული ეკონომიკის რეალური ზრდა 10%-ზე მეტი იქნება. ეს, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამას, რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი აქვს − უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის მაჩვენებლის ზრდა. წელს გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმიდან შემოსავალი გადააჭარბებს ჯერ კიდევ პანდემიამდელ, 2019 წლის ნიშნულს, ეს კი ტურისტული მიმართულებების დივერსიფიკაციის დამსახურებაა. მართალია, ომმა რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა შეამცირა, თუმცა ამ დანაკლისის ჩანაცვლებას ისრაელიდან, სპარსეთის ყურეს ქვეყნებიდან და ევროპიდან შემოსული ტურისტების ხარჯზე მოვახერხებთ.

ქართული ეკონომიკის ასეთი წინსვლის კიდევ ერთი მიზეზი ექსპორტის ზრდაა, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატებამაც გამოიწვია. ჩვენთვის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მაისის თვე, როცა არა მარტო ფასები, არამედ მოთხოვნაც გაიზარდა ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე. წელს ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკამაც, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. მთავრობა აგრძელებს ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. სწორედ ამ სამი ფაქტორის დახმარებით წელს ეკონომიკური ზრდა 10%-ს გადააჭარბებს.

 

"თიბისი“ 30 წლის

"თიბისის“ თავისი არსებობის 30 წლის განმავლობაში, ერთი მთავარი მისია ამოძრავებს, რომლის შესრულებაზე ვზრუნავდით ადრეც, ვზრუნავთ ახლაც და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ეს მისიაა, გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, ხოლო ბიზნესს − საქმიანობა. თავის მხრივ, წარმატების 30-წლიანი ისტორია სწორედ იმ 10 000-მდე "თიბისელის“ დამსახურებაა, რომელთაც კარგად აქვთ გააზრებული ჩვენი მისია და ამას გამოხატავენ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ჩვენ მეოთხე ათწლეულში გადავდივართ, ეს განვითარების ახალი ეტაპია ×თიბისისთვის“. სამომავლოდ ვგეგმავთ, მნიშვნელოვნად გავცდეთ ქართულ ბაზარს და გავხდეთ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია. ამ სტრატეგიის ნაწილია ჩვენი მომხმარებლების რაოდენობის 10 მილიონამდე გაზრდა.

კიდევ ერთი მიზანი, რომლის მიღწევაზეც უკვე ვმუშაობთ, არის ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ როგორც ტექნოლოგიური კომპანია და მოვახდინოთ ჩვენი სერვისების ექსპორტი. ამის კარგი მაგალითი უზბეკეთია, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ციფრული ბანკი და გვყავს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ უზბეკეთში არ გაგვიხსნია არცერთი ფილიალი, არცერთი ბანკომატი, არ გვაქვს არც სალარო. ჩვენ მომხმარებელს ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განსახორციელებლად მობილურ აპლიკაციას ვთავაზობთ. მეოთხე ათწლეულში ×თიბისი“ სწორედ ამ ტექნოლოგიის სხვა ქვეყნებში შეტანას და სივრცულ განვითარებას ისახავს მიზნად. l