გზავნილი საფრანგეთიდან − ელჩი დიეგო კოლასი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, პოლიტიკურ გამოწვევებსა და ომზე
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამ, შემდგომ ეტაპზე კი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თანამდებობიდან წასვლამ საფრანგეთს ევროკავშირის მთავარ ლიდერად ჩამოყალიბების საშუალება მისცა. ამ თვალსაზრისით ქვეყანას ხელი ევროპის საბჭოს პრეზიდენტობამაც შეუწყო, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა პრეზიდენტი მაკრონი უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. ქვეყანა ვეღარ გააგრძელებდა 2008 წლის ტაქტიკით მოქმედებას, რადგან 14 წლის შემდეგ უკვე აღარავისთვის იყო სიახლე რუსეთის ინტერესები. გაჩნდა მოულოდნელი მოთხოვნაც − კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. ამ და სხვა გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად ვესტუმრეთ საფრანგეთის ელჩს საქართველოში, ბატონ დიეგო კოლასს და გთავაზობთ ამ გამორჩეულ ინტერვიუს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა: ×ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინმა ისტორიული შეცდომა დაუშვა“. არ ფიქრობთ, რომ ეს განცხადება დამამცირებელია ქართველებისა და უკრაინელებისთვის?
იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ვუდგავართ უკრაინას გვერდით, შემიძლია ვთქვა, რომ არ ვფიქრობ ასე. რუსეთის მიერ ამ გაუმართლებელი და ენით აღუწერელი აგრესიული ქმედებების დაწყების დღიდან საფრანგეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ უცვლელია და ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა. ეს მხარდაჭერა გულისხმობს როგორც სამხედრო შეიარაღების მიწოდებას, ისე სანქციების დაწესებას. წელს საფრანგეთმა, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენა, დაითანხმა მოკავშირეები და უზრუნველყო რუსეთისთვის სანქციათა ექვსი პაკეტის შემოღება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის სანქციები აქამდე არასდროს დაწესებულა. თავის მხრივ, საფრანგეთი ეხმარება უკრაინას, მოამზადოს სამართლებრივი საქმე, რომლითაც მოგვიანებით წარდგება სასამართლოს წინაშე. სწორედ ამ მიზნითაა უკრაინაში მივლენილი ფრანგი ექსპერტი, რომელიც დაეხმარება იქაურ პროკურატურას სამხილების შეგროვებაში.
და რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც ასევე დაამცირა რუსეთმა?
2008 წელს საქართველოს თავს დიდი უბედურება დატრიალდა − იყო ომი. ჩვენ ვიცით, ჩვენ გვახსოვს ეს. მახსოვს, როგორ ეცადა საფრანგეთი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევასა და მშვიდობის დამყარებას. ამ რთულ ეტაპზე ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია შეგვენარჩუნებინა ქვეყნისთვის და, ამასთან, მოგვეპოვებინა მშვიდობა ისე, რომ ქვეყანას არ ეთქვა უარი საკუთარ პროდასავლურ ინტერესებზე. სწორედ ეს იყო ჩვენი მოვალეობა და, ვფიქრობ, მეტწილად შევასრულეთ კიდეც. ისიც კარგად ვიცით, რომ 2008 წლის შემდეგ ბევრი იმედგაცრუებულია, რადგან რუსეთი არ ასრულებს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოზიცია უცვლელია და მხარს ვუჭერთ საქართველოს. ისევ რომ მივუბრუნდე უკრაინის საკითხს და პრეზიდენტ მაკრონის განცხადებას, შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენი პოზიცია ასეთია − ჩვენ ვერიდებით მაქსიმალისტური რიტორიკის გამოყენებას, თუმცა სავსებით ვუჭერთ მხარს უკრაინას. შესაბამისად, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტის განცხადება დამამცირებლად უკრაინის, საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნისთვის.
გასულ წელს პრეზიდენტმა მაკრონიმ საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. წელს კი ევროპის პარლამენტმა მისთვის სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. არ გიქმნით ეს უხერხულობას?
ბიძინა ივანიშვილს ეს ჯილდო სწორედ იმიტომ გადაეცა, რომ მან და მისმა საქველმოქმედო ფონდმა ×ქართუმ“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოში ფრანგული სკოლისა და ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის დაფუძნებაში. ეს ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა.
რაც შეეხება სანქციების დაწესებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყნის მმართველებად მიიჩნევიან, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიდგომასა და იმ პოლიტიკას შორის, რომელსაც საფრანგეთი ატარებს საქართველოში, რადიკალური განსხვავებაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყანას და ამას ადასტურებს ჩვენი მხარდაჭერა უვიზო მიმოსვლისადმი, ასევე ასოცირების ამბიციური შეთანხმებისადმი − მსგავსი შეთანხმება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა შევცვალოთ ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკა.
აი, რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, როგორც ევროკავშირმა, ისე მე, საჯაროდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება ამ საკითხის მიმართ და არსებობს გზებიც, რომლითაც ამჟამად არსებული პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მხარდაჭერის პოლიტიკიდან სანქცირების პოლიტიკაზე გადასვლამ გააძლიეროს მედიის თავისუფლება.
ცხადია, მრავალი ვალდებულების შესრულება მოგვიწევს, თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, თუმცა როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, თუ ევროკავშირისგან უარყოფით პასუხს მივიღებთ?
რთულია იმის თქმა, რას გადაწყვეტს ევროკავშირი და მოვერიდები კიდეც ნაადრევად რაიმეს შეფასებას. გაწევრიანების პროცესი ნამდვილად ხანგრძლივია და მრავალი სტანდარტისა თუ პირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს. მე ყველას ვურჩევდი, შევხედოთ ამ საკითხს, როგორც განგრძობად პროცესს. თუმცა მესმის ისიც, რამდენად გამორჩეული მომენტია თქვენთვის, რადგან ქვეყანამ პირველად შეიძლება მიიღოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირს ხომ აქამდე არასდროს დაუდასტურებია ქართველთა მისწრაფებები იმისდა მიუხედავად, რომ ქართველები უკვე მკაფიოდ გამოხატავდნენ სურვილს. სწორედ ეს ხდის ამ პროცესს უნიკალურს. მაგრამ არ გვაწყენს იმის გაცნობიერება, რომ ეს ვრცელი პროცესია. შესაძლოა ახლა არ ვიყოთ იმით კმაყოფილი, რა შედეგიც გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ კიდევ დიდი გზაა და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. სწორედ ამიტომ გირჩევთ, შეხედოთ საკითხს განსხვავებულად.
ზოგი ოპოზიციური პარტია არჩეულ ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს და მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, იმისდა მიუხედავად, რომ თავად ევროკავშირს მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვს. თქვენ, როგორც საფრანგეთის ელჩი, რას ურჩევდით ამ ოპოზიციურ ძალებს?
მოდით, ამ რჩევას საქართველოს ყველა მოქალაქეს მივცემ: მე მომწონს და ვაფასებ ქართველთა უმრავლესობის სურვილსა და მისწრაფებას, იყვნენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. მსურს, ყველა ასე იქცეოდეს. გაიხსენეთ, როგორი იყო ურთიერთობა ქართველ და უცხოელ პარლამენტარებს შორის, თუნდაც ადვოკატებს ან ხელოვანებს შორის. ეს ყველაფერი პანდემიამ მოარყია და სწორედ იმ ძველი ურთიერთობის აღდგენისკენ მოვუწოდებ ყველას. ამას დიდი ზეგავლენა ჰქონდა ქართული ცხოვრების წესზე. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ძველ და მივიწყებულ ურთიერთობებს, გამოწვევებს ცოტა შორიდან შეხედოთ და გამონახოთ გზები, რათა ერთად გადაჭრათ პრობლემები და იაროთ წინ − ეს ძალიან მნიშვნელოვანია! l