USAID-ის პროგრამა ×დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა ×დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ($24 მილიონი აშშ დოლარი) მიზნად ისახავს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რათა დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს განივითარონ მზარდი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები. პროგრამის პრიორიტეტია უნარების განვითარების ეკოსისტემაში კერძო სექტორის აქტიური და მდგრადი ჩართულობის სტიმულირება. პროგრამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, ზეგავლენა განხორციელდეს ეკონომიკის სექტორის და არა მხოლოდ ცალკეული კომპანიის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს განხორციელებული ინვესტიციის მეტ ეფექტიანობას და მიღებული შედეგების მდგრადობას.
აღნიშნული პროგრამის კონტექსტი კომპლექსურია და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის; პროფესიული პროგრამების შემუშავება/გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის ჩართულობით, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებსა და პროექტის სამიზნე ჯგუფებში.
USAID-ის პროგრამის ×დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, პროგრამის დირექტორის მოადგილეს, საბა სარიშვილს ვესაუბრეთ.
რა მიზანს ემსახურება USAID-ის პროგრამა ×დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“?
პროგრამა ხელს უწყობს ადამიანურ კაპიტალზე არსებული მოთხოვნის თანხვედრას მიწოდებასთან, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. პროგრამა ეხმარება ბიზნესს, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის არსებობის პირობებში უფრო მეტად გაზარდოს, წარმატებით განახორციელოს საქმიანობა და ასევე, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის, კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე, სადაც ერთ-ერთ უპირატესობას სწორედ კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის არსებობა წარმოადგენს.
რა სახის ინტერვენციებს ახორციელებს პროგრამა უნარების განვითარების ეკოსისტემაში ჩართვისთვის?
საბა სარიშვილი აღნიშნავს, რომ უნარების განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კერძო სექტორის რეალური ჩართულობაა, რომელიც, მათი მხრიდან დაფუძნებული იქნება ბუნებრივ ინტერესსა და საჭიროებებზე.
×ჩვენი პროგრამის მიზანია, უნარების განვითარების სისტემის გაძლიერება მოხდეს სწორედ დამსაქმებლების აქტიური და მდგრადი ჩართულობით“, − აღნიშნავს საბა სარიშვილი.
×აღნიშნული პრაქტიკა შეიძლება დაკავშირებული იყოს დამსაქმებელთა ჩართულობასთან საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; ასევე, უნარების სასწავლო პროგრამების განხორციელებაში; ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დანერგვაში და პირდაპირი კავშირების დამყარებაში პროგრამასა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის. ამ ეტაპზე, პროგრამა უკვე თანამშრომლობს 17 დამსაქმებელთან და ბიზნესასოციაციასთან ინოვაციური მიდგომების შექმნაზე და კავშირების გაძლიერებაზე, უნარების განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის“.
მაგალითისთვის, პროგრამისა და კომპანია ×ტრანსფორდის“ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ასოციაციების დაკავშირებით ×ტრანსფორდთან“, პროგრამა ქმნის ადამიანურ კაპიტალს, რაც აუცილებელია საქართველოს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის ზრდისათვის.
პროგრამის პარტნიორი შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში − კომპანია ×პოსტრედი“, უზრუნველყოფს აუდიო-ვიზუალურ და იმერსიულ მედიამომსახურებას. კერძოდ, ხმა და მუსიკა ფილმისთვის, რეკლამისთვის და სხვა სატელევიზიო თუ ინტერაქტიული მედიისთვის. კომპანია თანამშრომლობს კინოინდუსტრიის ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Paramount Pictures, HBO, Netflix, BBC, Hulu, A24, Apple TV+, The Farm Group, Formosa Group და სხვები. ბოლო ორი წლის განმავლობაში მოთხოვნა სტუდიის სერვისებზე 70%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც გაიზარდა მოთხოვნა კადრებზე. სწორედ აქედან გამომდინარე, კომპანია ×პოსტრედი“ თანამშრომლობს პროგრამასთან სასწავლო ცენტრ POSTRED Academy-ის დაარსებაზე. პროგრამის მხარდაჭერით, ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა მიეცემათ აკადემიაში გაიარონ ხმის დიზაინისა და კინომუსიკის სასწავლო კურსები.
ინტერვენციების კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია პროგრამის პარტნიორობა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებულ კომპანიებთან − ×ევექსი ჰოსპიტლები“ და ×ჯეო ჰოსპიტალსი“, რომლებიც ცდილობენ გადაჭრან კვალიფიციური საექთნო პერსონალის მწვავე დეფიციტის პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებში. პროგრამის მხარდაჭერით, კომპანია ×ევექსი“ განახორციელებს ექთანი მენეჯერების სერტიფიცირებას ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით, რათა უზრუნველყოს დასაქმების უკეთესი პერსპექტივა, ხოლო ×ჯეო ჰოსპიტალსი“, კომპანიის სასწავლო ცენტრის ფარგლებში, უზრუნველყოფს საექთნო პერსონალის სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული უწყვეტი საექთნო განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას.
×პროგრამა ასევე ითვალისწინებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამების განვითარებას და არსებული სასწავლო პროგრამების რეპლიკაციას რეგიონებში იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომას ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე. პროგრამა მუშაობს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით და დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას საქართველოში“, − აღნიშნა საბა სარიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელდა კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა − ბიზნესლიდერთა საბჭოს ჩამოყალიბება. საბჭო დაეხმარება პროგრამას განსაზღვროს ის გამოწვევები, რომლებიც დგას კერძო სექტორის წინაშე უნარების განვითარების სისტემაში ჩართულობის პროცესში და ბაზრის საჭიროებებზე მორგებული რეაგირების მექანიზმების შემუშავებაში. ბიზნესლიდერთა საბჭო წარმოადგენს ბიზნესის ხმას უნარების განვითარების ინოვაციური პროგრამების შექმნის პროცესში.
×აქ საუბარია რეალურ ლიდერებზე სხვადასხვა ბიზნესსექტორიდან. საბჭოს მიზანია, დაეხმაროს პროგრამას წარმართოს თავისი საქმიანობა ისე, რომ გავიდეთ მაქსიმალურ შედეგებზე კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით და ასევე მოხდეს კერძო სექტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება. გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა უნდა ითამაშონ ჩვენი ელჩების როლი და თავიანთ ბიზნესწრეებში გაავრცელონ ინფორმაცია უნარების განვითარების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, და იმ სარგებელზე, რომელსაც ეს ჩართულობა მოუტანს უშუალოდ დამსაქმებელს“, − აღნიშნა საბა სარიშვილმა.
რა სახის ინსტრუმენტებს გამოიყენებს პროგრამა დასახული მიზნების მისაღწევად?
დასახული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია პროგრამის ინოვაციური მიდგომა თანადაფინანსებაზე დაფუძნებული გრანტების მიმართ. აღნიშნული მიდგომის საშუალებით შესაძლებელია კვალიფიციური კადრების მომზადება ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად და პარალელურად, ამ პროცესში სამიზნე ჯგუფების − ახალგაზრდების, ქალების, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ეთნიკური უმცირესობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების საჭიროებების დაკმაყოფილება.
პროგრამის ოპერირების ძირითად ინსტრუმენტს საგრანტო ფონდი წარმოადგენს, რომლის მოცულობა შეადგენს $13 მილიონ აშშ დოლარს. არსებობს ასევე ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რომელშიც იგულისხმება პროექტის პარტნიორებისთვის კონსულტაციების გაწევა საგრანტო პროექტების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის კუთხით. პროგრამის საგრანტო სქემა არის დივერსიფიცირებული და მოიცავს კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობას, რათა დაეხმაროს დამსაქმებლებს, გადადგან პირველი ნაბიჯები უნარების განვითარების სისტემაში ჩართულობისკენ.
რა პროფესიის შესწავლა შეუძლიათ მსურველებს?
პროფესიებისა და სექტორების განსაზღვრა ხდება საგრანტო წინადადების წარმდგენის მიერ შესაბამისი დასაბუთებით, რაც ადასტურებს მკაფიო თანხვედრას შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნასთან და პერსპექტივებთან. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ დამსაქმებლებთან ჯანდაცვის, მშენებლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა სწრაფად მზარდი ეკონომიკის სექტორებიდან. ინტერესი დიდია და ვფიქრობ, მომავალში სხვა მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან ჩვენს ინიციატივებს.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში რა როლს ითამაშებს USAID-ის პროგრამა ×დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“?
უპირველესად, პროგრამა ხელს შეუწყობს იმ დილემის გადაჭრას, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს − არის სამუშაო ადგილები და ამავდროულად, არის ბევრი უმუშევარი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ უმუშევარი ადამიანური რესურსის კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს დამსაქმებლის მოთხოვნას. ჩვენი პროგრამა ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაჭრას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება კერძო სექტორის ჩართულობის წარმატებული პრეცედენტები, რაც მომავალში რეპლიკაციის საგანი გახდება. როდესაც სხვა დამსაქმებლები დაინახავენ, თუ რა სარგებელი მიიღო მათმა პარტნიორმა თუ კონკურენტმა ამა თუ იმ სექტორში სწორედ უნარების განვითარების სისტემაში ჩართვით, ეს მათთვის უკვე დამაფიქრებელი და რეპლიკაციის საგანი გახდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ქვეყანა გახდება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე. ერთ-ერთი კრიტერიუმი ინვესტორისთვის, თუ რომელ ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიცია, არის კვალიფიციური კადრების არსებობა. ასევე, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი ნიშნავს ხარისხიან მომსახურებას და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების ექსპორტს.
რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნული პროგრამიდან?
USAID-ის ×დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად, 4800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს.
აღნიშნული ინიციატივების შედეგად, პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის არა მხოლოდ დასაქმების შესაძლებლობებს, არამედ მისცემს მათ სტიმულს მიაღწიონ წარმატებას და ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვაქვს ამბიცია შევქმნათ მაგალითი, თუ როგორ იქმნება და ხორციელდება თანამედროვე პროფესიული პროგრამები ბიზნესთან/დამსაქმებელთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პირდაპირი კავშირის დამყარება მომზადება-გადამზადების პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის, საქართველოს მოქალაქეებს დღესაც და მომავალშიც მისცემს დასაქმების საშუალებას და ბიზნესს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალით. l