MZA CHITILI-ის გენერალური დირექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ
MZA CHITILI პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ჩვეულებრივ და ნამყენ ნერგებს. ეს კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილ, მოქნილ მომსახურებას და მაღალი ხარისხის ბოსტნეულისა და ყვავილების ნერგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული კომპანია აწარმოებს ბოსტნეულისა და ყვავილის თესლებს, ასევე ახალ ბოსტნეულს თავის სათბურებში, შემდეგ კი ამ პროდუქციით ამარაგებს სუპერმარკეტების ქსელებს. MZA CHITILI-ის მიზანია საქართველოში დანერგოს უცხოური ტექნოლოგიები, რაც ადგილობრივ ფერმერებს დაეხმარება გააუმჯობესონ თავიანთი ცოდნა და უნარები ამ სფეროში და მიიღონ უფრო დიდი, ხარისხიანი მოსავალი დაბალ ფასად. კომპანიის, ქვეყანაში არსებული სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის მდგომარეობის შესახებ გვიამბო MZA CHITILI-ის გენერალურმა დირექტორმა, ერჰან ზორლუმ.
როგორ შეაფასებთ 2021 წელს თქვენი კომპანიისთვის?
ჩვეულებრივ, 2021 წელი იყო პრობლემური. ჩინეთიდან მასალების შეძენისას, გარკვეული პრობლემების წინაშე დავდექით, რადგან ტრანსპორტირება დროულად ვერ ხერხდებოდა და ყველაფერი ძალიან ძვირი იყო. ასე რომ, მიწოდების ჯაჭვის ამ პრობლემამ რამდენიმე ხარვეზი გამოიწვია ბაზარზე. პრობლემები წარმოიშვა თურქეთშიც, რადგან მისი ეკონომიკა ძალიან სუსტია, დოლარის კურსი ყოველთვის მერყევია, ამიტომ ეს ართულებს მუშაობას ამ ქვეყანაში. მათ ზოგჯერ აქვთ მიწოდების მხრივაც პრობლემები, ამიტომ ბაზარი ვერ მიიღებს საქონელს ისე იაფად და სწრაფად, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ასე რომ, ეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს და სტრატეგიულ ადგილს ანიჭებს, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აზიის ბაზართან, როგორიცაა უზბეკეთი და ყაზახეთი, რითაც ახლა აქ უკეთესი ვითარება გვაქვს.
შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი კომპანიის 2022 წლის პროგნოზები?
ზუსტად იმის თქმა, თუ რა იქნება მომავალში, ძალიან რთულია. ბევრი პრობლემაა ბაზარზე, მაგალითად, პლასტმასის მასალის ყიდვის დროს. თურქეთში ფასი მაღალია, რადგან მათ ევროპიდან გადასამუშავებელი მასალების შემოტანა შეწყვიტეს. ამ პრობლემის წინაშე სხვა ქვეყნის ბაზრებიც დგანან. ვინაიდან ჩვენ ვყიდულობდით უკრაინიდან და რუსეთიდან, ომის პარალელურად ყოველივე ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ვმუშაობთ ორიგინალურ მასალებზე და ჩვენი პროდუქციის ღირებულება იზრდება.
რას ფიქრობთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობაზე?
საქართველოში სოფლის მეურნეობა ვითარდება. აქ ექსპორტიც იზრდება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საქართველოში წელს სოფლის მეურნეობას ნაკლები ადამიანი ეწევა, ვიდრე შარშან. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობა შარშანდელზე ნაკლებია. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა ბევრად უკეთესი ხდება, რადგან ადამიანები სწავლობენ რა უნდა გააკეთონ და აქვთ ცოდნა. ვფიქრობ, მეტი ექსპორტი გვჭირდება, ვინაიდან რუსეთისა და უკრაინის ბაზარს პრობლემები აქვს.
თქვენი აზრით, ბიზნესსა და სოფლის მეურნეობას რა შესაძლებლობები აქვს საქართველოში?
საქართველო ძალიან კარგი ადგილია სოფლის მეურნეობისთვის. როგორც გითხარით, დღეს ბევრ ქვეყანაში მიწოდების ქსელს პრობლემები აქვს. თურქეთში პომიდორს არ აწარმოებენ, რადგან იქ ენერგიის ღირებულება ძალიან მაღალია. ასე რომ, ეს სოფლის მეურნეობას უკეთეს ბიზნესად აქცევს საქართველოში, რადგან ყველაფერი ძალიან ძვირია. ეს ნიშნავს, რომ მეტი რამ უნდა ვაწარმოოთ. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა მსოფლიოში უფრო და უფრო მომგებიანი ხდება, რადგან ფასები მაღალია.შესაბამისად, საქართველოში ბიზნესის ეს მიმართულება აუცილებლად უნდა განვავითაროთ, რადგან ამის ყველანაირი ბუნებრივი რესურსი გვაქვს.
რა არის MZA CHITILI-ის წარმატების მიზეზი?
MZA CHITILI, უპირველეს ყოვლისა, არის დიდი ინვესტიცია. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ამ სექტორში. MZA CHITILI-ის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი აგრეთვე არის ისიც, რომ ნორმალური და ჩვენი ნერგები განსხვავებულია. ჩვეულებრივ ნერგებს აქვს 6 კლასტერი, ჩვენს ნერგებს კი 12. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სათბური არ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება მეტი და უფრო დიდი სათბურები, რათა უკეთესი შედეგი გვქონდეს, რადგან გვაქვს საკმარისი რესურსი ამ ბიზნესის განვითარებისთვის.
შეგიძლიათ ისაუბროთ სამომავლო გეგმებზე?
ჩვენ გვინდა საქართველოში მეტი პროდუქციის წარმოება და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა აზიაში − სწორედ ეს გახლავთ ჩვენი სამომავლო გეგმა. ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ამას დრო სჭირდება, ყველაფერი სწრაფად არ მოხდება. მაგრამ მჯერა, ეს ბიზნესი გაიზრდება და უფრო წარმატებული გახდება. l