იასემინ ბედირი: ,,ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ქვეყანას, გაძლიერდეს ციფრული ეკონომიკის მიმართულებით და გახდეს გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში“
გვიამბეთ Mastercard-სა და USAID-ს შორის ახლახან გაფორმებული მემორანდუმის შესახებ. რა მიზანს ისახავს და რა შედეგებია მოსალოდნელი?
უპირველესად, გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავს ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებას, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) განვითარებას, ციფრული ეკონომიკის ზრდასა და ფინანსური ჩართულობის უზრუნველყოფას ტექნოლოგიების, ციფრული აქტივებისა და სერვისების გამოყენებით.
აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების (SMEs) პროცესს და მათთვის აფართოებს ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებს. ასევე, ეს პროგრამა, ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, მოიცავს მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებას და დამატებით, ავითარებს არსებულ ეკოსისტემას − უკეთესი ფინტექ-გადაწყვეტილების მისაღებად.
მისი ერთ-ერთი მიზანი ციფრული ეკონომიკის გაძლიერებაა. განგვიმარტეთ უფრო დეტალურად, რას მოიცავს აღნიშნული?
Mastercard, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სამწლიანი ციფრული პარტნიორობის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას გეგმავს. ეს მოიცავს მრავალ ინიციატივასა და აქტივობას, რომელიც როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში განხორციელდება.
ამ პარტნიორობის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესს უკეთესი, ეფექტიანი ბიზნესოპერაციების შემუშავებასა და განვითარებაში, ბაზრის მოთამაშეებთან კავშირების შექმნასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დავეხმარებით. Mastercard-ი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა იმუშავებენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარებას ხელი შეუწყონ და დამწყებ, პერსპექტიულ კომპანიებს საერთაშორისო გაფართოების საშუალება მისცენ.
კონკრეტულად რა სახის აქტივობებია დაგეგმილი თანამშრომლობის ფარგლებში და რა პერიოდს მოიცავს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუბარია სამწლიან პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, ×ციფრული გადახდის გამოცდილების“ შემუშავებით Mastercard ხელს შეუწყობს უნაღდო ტრანზაქციებს ქვეყნის მასშტაბით. ბარათების მიმღები ქსელის განვითარების მიზნით, კომპანია საქართველოში ინვესტიციების დაბანდების გაგრძელებას გეგმავს. მათ შორისაა Tap on Phone-სისტემა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას აძლევს, იგი მობილური ტელეფონის მიმღებ მოწყობილობად გარდაქმნან.
ასევე, ელექტრონული კომერციის აკადემიის მხარდასაჭერად Mastercard-ი და USAID-ი სასწავლო პროგრამის შემუშავების კომიტეტში მონაწილეობენ. აკადემიის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისა და დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარება და გაძლიერება, რათა მათ ეფექტიანად გამოიყენონ ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები როგორც საკუთარი ბიზნესის ასაშენებლად, ასევე არსებული ბიზნესის დაგეგმვისა და მართვისთვის.
დამატებით, პარტნიორობის ფარგლებში, მხარეები სტარტაპებსა და დიდი პოტენციალის მქონე ფინტექ-კომპანიებს მხარს დაუჭერენ და მათ საერთაშორისო დონეზე გაზრდისა და გაფართოების საშუალებას მისცემენ. ისინი მათ ფინანსურ ტექნოლოგიებს, ასევე ტრენინგსა და თეორიული ცოდნის მიღების სხვა შესაძლებლობებს შესთავაზებენ. Mastercard-ისა და USAID-ის ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება ქართულ ფინტექ-კომპანიებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
ქართული ეკონომიკის რომელ სფეროებს გააძლიერებს აღნიშნული თანამშრომლობა?
თანამშრომლობა კონკრეტულად შეეხება ტურიზმის სფეროს, ელექტრონულ კომერციასა და ფინტექ-ეკოსისტემას. მაგრამ ფართო ხედით, თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ქვეყანას, გაძლიერდეს ციფრული ეკონომიკის მიმართულებით და გახდეს გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში. ჩვენ შევეცდებით გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორის პარტნიორებთან და შედეგად, გავზარდოთ ტურიზმის ინდუსტრია, დავეხმაროთ ბიზნესებს გაფართოებაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. l