საიახტო ბიზნესი საქართველოში

Azimut-Benetti Group-ის საიახტო ინდუსტრიის ისტორია 1969 წლიდან იწყება, როცა პაოლო ვიტელიმ იახტების დაქირავებისა და ფრანგული სანაპიროების შესწავლის შემდეგ, მეგობართან ერთად, ტუნისში კომპანია დააარსა. მან მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, დღეს კი თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ Azimut Benetti Group მთელ მსოფლიოში განსაზღვრავს საიახტო ინდუსტრიის სტანდარტს.

მუდმივად განახლებად პროცესებში Azimut Georgia-ს წარმომადგენლობა აქტიურადაა ჩართული. მისი საქართველოში შემოყვანის იდეა დაახლოებით 7 წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი ჩიკვაიძე, მოხვდა Azimut Benetti-ის აკადემიაში. კომპანიის მოთხოვნები ძალზე დიდი იყო. სამწუხაროდ, ჩამონათვალიდან საქართველო ბევრ ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა, როგორიცაა ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური, ასევე საკანონმდებლო მოთხოვნები. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, უშუალოდ Azimut Benetti Group-ის მფლობელისა და დამფუძნებლის, ჯოვანა ვიტელის მიერ, მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 2017 წელს საქართველო ოფიციალურად გამოჩნდა მსოფლიო საიახტო რუკაზე, როგორც Azimut Yachts-ის ოფიციალური წარმომადგენელი.

როგორც შემდგომში, 2018 წლის 31 ივლისს თბილისში გამართულ კომპანიის პრეზენტაციაზე Azimut-ის გლობალურმა ბრენდმენეჯერმა, ფრანჩესკო ბორომეიმ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უშუალოდ გიორგი ჩიკვაიძის ევროპაში მუშაობის შედეგების გათვალისწინებით და საქართველოს პოტენციური მზარდი ბაზრის იმედად. ამასთანავე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი Azimut Yachts Georgia-სა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის, ქართული საზღვაო დროშის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით.

ფასები...

კომპანიაში განმარტავენ, რომ Azimut Benetti იყოფა ორ ნაწილად: Benetti Yachts (ინდივიდუალური მეგა-იახტები 35 მეტრს ზემოთ) და Azimut Yachts (10-იდან 35 მეტრამდე). Azimut Yachts-ის ნაწილში არსებობს მოდელების 5 ხაზი, ასეთებია: Atlantis, Flybridge, Magellano, S Collection და Grande. ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია კომპლექტაციებზე. იგი საშუალოდ მერყეობს 250 000 ევროდან 7 000 000 ევრომდე, ხოლო Benetti-ის ნაწილში, მოდელების ხაზები ინდივიდუალურია და შესაბამისად, ფასიც განსხვავებულია.

საქართველოში კომპანიის კიდევ 6 შვილობილი ბრენდია წარმოდგენილი, სადაც შეხვდებით კატერებს, დღის კრუიზერებს და შედარებით პატარა ზომის იახტებს. მათი ღირებულება მერყეობს 30 000-იდან 800 000 დოლარამდე.

ხშირია დაინტერესება მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ მათ შეიძინონ კატერები ან იახტები და განათავსონ აჭარის ტერიტორიაზე.

ახალი იახტებისა და კატერების გარდა, კომპანია ფლობს მეორადი იახტებისა და კატერების საერთაშორისო ბაზას. ამ უკანასკნელის ნაწილში ხშირია თანამშრომლობა თურქეთთან და საქართველოს ოფისიდან შესაძლებელია რეალიზება დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

2020-2021 წლებში საქართველოში დაფიქსირდა რეკორდული გაყიდვები. პანდემიის პირობებში იახტებზე ასეთი მოთხოვნა მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ პერიოდში საქართველოში გაყიდულია 11 იახტა და კატერი.

რაც შეეხება მოდელების პოპულარობას, პირველ ეტაპზე მოთხოვნადი იყო უფრო კატერები და პატარა ზომის იახტები, თუმცა ნელ-ნელა იკვეთება ტენდენცია საშუალო და დიდი ზომის იახტებზე, რაც ლოგიკურია, თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოში ისეთი ქვეყნების ისტორიას, სადაც საიახტო ინდუსტრია ვითარდებოდა.

გიორგი ჩიკვაიძე:  ×მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში საიახტო ბიზნესისა და ინდუსტრიის განვითარება პირდაპირპროპორციულად ასოცირდება Azimut Yachts Georgia-სთან, რადგან პირველები ვართ, რომლებმაც თანამედროვე, ევროპული საიახტო მიმართულება არსებული არცთუ სახარბიელო რეალობის მიუხედავად, დავნერგეთ საქართველოში და ყოველწლიურად ჩვენი აქტივობები, გარდა იახტებისა და კატერების რეალიზაციისა, მიმართულია მეტი სამუშაო ადგილის შექმნისკენ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტიპის კატერებსა და იახტებს სჭირდებათ კარგად გადამზადებული ეკიპაჟი, რადგან თანამედროვე სანავიგაციო სისტემა და ძრავის მართვის ტექნოლოგიები რადიკალურად განსხვავდება ძველი არსებულისგან.

წარმოიდგინეთ, ჩვენს ქვეყანაში, სანამ შემოვიყვანდით ახალ კატერებსა და იახტებს, ბევრი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ძველი ტიპის სარეკრეაციო კატერები არსებობდა, ამიტომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ ახალი კადრების გადამზადებას და ვმუშაობთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით.

აღსანიშნავია სახელმწიფოს როლი და გადადგმული ნაბიჯები ამ დარგის განვითარებისთვის, რაც გამოიხატება იმაში, რომ იახტები და საწყალნაოსნო სპორტი გათავისუფლებულია განბაჟებისაგან, რაც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ახალი კატერებისა და იახტების შემოყვანაში.

კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო: რომ არა პანდემია, არსებობდა მოლაპარაკება, რომ კანის იახტების ფესტივალიდან გამოყოფილიყო იახტების დიზაინერთა დაჯილდოების ნაწილი და ჩატარებულიყო ბათუმში, რაც ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა პრესტიჟი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

გვჯერა, რომ ეს კონტრაქტი განახლებული ვადებით აუცილებლად გაცოცხლდება.

Azimut Yachts Georgia გახდა ×გოლდენ ბრენდის“ მფლობელი.

დიდი პატივია ეს ჯილდო, რადგან იგი დასტურია იმისა, რომ ეს ურთულესი გზა და შენს ქვეყანაში, ნულიდან დაწყებული დარგის განვითარება, არ რჩება ყურადღების მიღმა. ამ სახის ყურადღება კომპანიას უფრო მეტ სტიმულს აძლევს, რათა კიდევ უფრო დიდი შემართებითა და სიახლეებით გააგრძელოს განვითარება“. l