ჰოლივუდის მიწისძვრა
კრისტოფერ ნოლანის ბოლო ტრილერი − ,,პრინციპი“ (Tenet) იმ სირთულეებს აჩვენებს, რომლებსაც რეჟისორები და კინოსტუდიები პანდემიისას წააწყდნენ. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ფილმი გაქირავებაში 2020 წლის 17 ივლისს უნდა გამოსულიყო. თარიღი ჯერ 31 ივლისისთვის გადაიტანეს, შემდეგ 12 აგვისტოსთვის. სტუდია Warner Brothers-მა განაცხადა, რომ ფილმის გამოსვლა კიდევ ერთხელ, აგვისტოს ბოლომდე გადაიწევდა, თან ჩვენება მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის კინოთეატრებში მოეწყობოდა. შეერთებული შტატების პრემიერა სექტემბრისთვის ჩაინიშნა, ისიც − რამდენიმე ,,შერჩეული“ ქალაქის პრიორიტეტით (რბილი შეზღუდვების მქონე). ფილმის შემქმნელების თქმით, ყოველი ასეთი გადადება ფინანსურ დანაკარგებს უკავშირდება.
COVID-19-მა კინოინდუსტრიას დიდი ზიანი მიაყენა. გადასაღები მოედნები თვეობით დაიკეტა. პრომოციული ტურები შეწყდა. გააუქმეს ან ონლაინფორმატში გადაიტანეს ფესტივალები, სადაც გახმაურებული საპრემიერო ჩვენებები უნდა გამართულიყო (მაგალითად, კანის კინოფესტივალი). ბევრმა დისტრიბუტორმა დიდი ბლოკბასტერები 2021 წლისთვის გადაიტანა, როდესაც გაქირავებიდან შემოსავლების მიღების შანსი უკეთესი იქნება. შედეგად, 2021-ში მაღალბიუჯეტიანი ფილმების სიჭარბე იქნება. დროის მცირე მონაკვეთში ყველა მათგანის ხილვა კინოს თავგადაკლულ მოყვარულებსაც კი გაუჭირდებათ.
აუდიენციის შინ გამოკეტვამ სტრიმინგ-სერვისები გააძლიერა. 2020 წლის მეორე კვარტალში, გლობალური მასშტაბით, Netflix-მა 10.1 მილიონი ახალი აბონენტი დაიმატა (პროგნოზი 8.3 მილიონს შეადგენდა). Ofcom-ის მონაცემებით (მედიარეგულირების ორგანო), აპრილის თვეში, ბრიტანელები ყოველდღიურად 6 სთ-სა და 258 წუთს ტელევიზორისა და ონლაინკონტენტის ცქერაში ატარებდნენ. ეს საათნახევრით მეტია, ვიდრე 2019 წლის შესაბამისი მაჩვენებელი. ერთ დროს, ინტერნეტსივრცეში, კინოსტუდიები სუსტი შინაარსის ნაწარმს განათავსებდნენ, ახლა კი ონლაინრეჟიმში მათი პრემიუმპროდუქტიც გამოჩნდა. სექტემბერში, Disney-ის სტუდიამ 200 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ფილმი-რიმეიქი − ,,მულანი“ საკუთარ სტრიმინგ-პლატფორმაზე განათავსა (ფილმის სანახავად, აბონენტებს დამატებითი თანხა უნდა გადაეხადათ).
ექსკლუზიურ უფლებებთან დაკავშირებით, ზოგ კინოთეატრს დათმობა მოუწია. ,,ტროლების მსოფლიო ტურის“ (Trolls World Tour) ონლაინგაქირავებაში გაშვების გამო, სტუდია Universal-მა ამერიკის კინოთეატრების გაერთიანებასთან (AMC) ახალი კონტრაქტი გააფორმა (კინოთეატრებში საპრემიერო ჩვენებებისა და ციფრული გაქირავების შესახებ). Universal-ის ფილმების ხილვა გამოშვებიდან 90 დღის განმავლობაში, ინტერნეტსივრცეში განთავსებამდე, მხოლოდ კინოეკრანებზე იყო შესაძლებელი. ახლა, ეს პერიოდი 17 დღით განისაზღვრა.
ყოველივე ეს დაჯილდოების ცერემონიალებზეც უაღრესად ნეგატიურად აისახება. 2021 წლის აპრილის კინოაკადემიის ცერემონიალის წესებში, ,,დროებითი გამონაკლისი“ დაუშვეს − კონკურსზე სტრიმინგ-სერვისებზე გასული პრემიერებიც დაიშვება. სტრიმინგ-კომპანიებმა ამ ძველი წესიდან თავის დაძვრენის გზა დიდი ხნის წინ ისწავლეს. ისინი საპრემიერო ჩვენებებს საკუთარ კინოთეატრებში მართავდნენ. 2020 წელს, დისტრიბუტორებს შორის ყველაზე მეტი ჯილდო Netflix-მა მოიპოვა, თუმცა 2021 წელი მისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
2021 წელსაც, კინოსტუდიებმა და ონლაინკინოს პლატფორმებმა ლოკდაუნის გრძელვადიანი შედეგები უნდა გაითვალისწინონ. თვეობით შეწყვეტილი გადაღებების გამო (ჰოლივუდში ერთი ფილმის გადაღებას საშუალოდ 106 დღე სჭირდება), ახალი ქონთენთის დეფიციტს უნდა ველოდოთ. აუდიენციის მოსაზიდად, მჭიდრო გრაფიკის მქონე სტრიმინგ-კომპანიებს აბონენტების შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევთ. სავარაუდოდ, კინოთეატრებისთვის, ეს დარბაზებში უფრო მეტ ცარიელ ადგილს უნდა ნიშნავდეს.
რეიჩელ ლოიდი, რედაქტორი, Prospero-ს ბლოგი, The Economist