ჩინეთის გააზრება
2006 წელს ცაო ფეი ფოშანში Osram-ის ნათურების ქარხანაში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. საწარმო მის მშობლიურ ქალაქ გუანჯოუში მდებარეობს. ცაო ფეის ეს სამუშაო Siemens-ის არტპროგრამის ნაწილი იყო. ,,ვისი უტოპია“ − ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელიც მისი კლასიკური ნამუშევარია. ცაო ფეიმ (ალბათ სხვებზე მეტად) თავისი სახელოვნებო კარიერა ჩინური ოცნებისა და იმ ადამიანების შესწავლას მიუძღვნა, რომელთა ცხოვრებაზე ეს ოცნება მოქმედებს. ,,ის არის მისი თაობის არქეტიპი“, − ამბობს ფილიპ თინარი, პეკინის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (UCCA) დირექტორი. სწორედ ამ ცენტრში მოეწყობა ქალბატონ ცაოს ნამუშევრების ჩვენება 2021 წლის მარტში.
,,ვისი უტოპია?“ ჰიპნოზური თანმიმდევრობით იხსნება, რომელიც საუკუნის წინანდელ ჩარლი ჩაპლინის სურათ ,,ახალ დროებას“ გვაგონებს. კონვეიერზე ნათურები ცეკვა-ცეკვით გადაადგილდება, ერთი ჩარხიდან მეორემდე, სარჩილავი ცეცხლის, კონვეიერის ლენტისა და სევდიანი მუშების გავლით. საამქროში მუშაობის დროსაც, მომუშავე გოგონებს სახეებზე ტუჩსაცხი და ლაინერი ემჩნევათ. მომდევნო სცენაში ქარხანაში მომუშავეებს თავიანთ საოცნებო ტანისამოსებში გამოწყობილებს ვხედავთ. ერთი მათგანი ბალერინაა, ანგელოზის ფრთებით. სხვები სტეპის მოცეკვავეები, გიტარისტები ან ტაი-ცის ოსტატები არიან. ქალბატონო ცაო ღია კრიტიკოსი არ არის, მაგრამ კაპიტალიზმისა და გლობალიზაციის ბნელი მხარეების მიმართ ეჭვის შეგრძნება მთელ მის ნამუშევრებს გასდევს. ,,ვისი უტოპია?“-ს საუნდტრეკში სიმღერის სიტყვები ისმის: ,,შენი ცხოვრება ნაწილ-ნაწილ ინავლება, მაგრამ ვის ეკუთვნი ასე ლამაზად...“
ცაო ფეი − ცნობილი მოქანდაკის შვილი, რომელიც სამხრეთ ჩინეთის გუანჯოუს სახვითი ხელოვნების აკადემიაში ასწავლიდა, 1978 წელს დაიბადა. იმავე წელს დენ სიაოპინმა ეკონომიკური რეფორმები წამოიწყო, რომელიც ქვეყნის აღზევების საწინდარი უნდა გამხდარიყო. გუანგდონგის პროვინციაში აღზრდილი სიაოპინი ადრეული ასაკიდან ჩინეთის სამხრეთ საზღვრისთვის ტიპური კულტურული გავლენების ქვეშ იყო: ტელევიზია და კანტოპოპი ჰონკონგიდან, იაპონური ანიმე, ამერიკული ჰიპ-ჰოპი. ცაო ფეის შემოქმედება, ასევე ეხმიანება ჩინეთის ახალგაზრდულ კულტურას − უტოპიას და დისტოპიას, ტექნოლოგიის გავლენებს. ამ ყოველივემ იგი კულტურის დასავლელი კურატორების ყურადღების ცენტრში მოაქცია. 2003 წლიდან, როდესაც ცაო ჯერ კიდევ 25 წლის იყო, მისი ნამუშევრების ჩვენება მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების რამდენიმე მნიშვნელოვანმა გალერეამ დაიწყო: Moma ps1 ნიუ იორკში, Serpentine და Tate Modern ლონდონში და სამჯერ ვენეციის ბიენალეზე.
ქალბატონ ცაოს UCCA-ს შოუ ,,ეპოქის დადგმა“, პირველი იქნება ჩინეთში, რომელიც მთელ მის შემოქმედებას მოიცავს. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ბატონი ტინარის ამბიციები ცხადია: ,,რატომ არის იგი ისეთი გამორჩეული, როგორიც არის?“ პასუხი მარტივია: ,,ვფიქრობ, ის გარესამყაროს ჩინეთის გააზრების შესანიშნავ გზას სთავაზობს“.
ფიამეტა როკო, კულტურის კორესპონდენტი, The Economist