ახალი ტიპის მუზეუმის მშენებლობა
ბერლინის მუზეუმის კუნძულის (Museum Island) შუაგულში უზარმაზარი სამშენებლო მოედანი სხვადასხვა დროს წარმოადგენდა მდელოს, აღლუმების გასამართ ადგილს, დომინიკელთა ორდენის მონასტერს, ჰოჰენცოლერნების პრუსიულ სასახლეს (1700-იან წლებში) და 1945 წლის შემდეგ, რესპუბლიკის სასახლედ წოდებულ აღმოსავლეთ გერმანიის პარლამენტის შენობას. 2021 წელს შენობა საზოგადოებისთვის კვლავ გაიხსნება, ამჯერად მორიგი ინკარნაციით: ჰუმბოლდტის ფორუმი, გიგანტური კულტურული ცენტრი, რომლის გულმოდგინედ რეკონსტრუირებული ისტორიული ფასადის უკან ულტრათანამედროვე, კლიმატის კონტროლის სისტემებით აღჭურვილი საგამოფენო გალერეები იმალება.
სხვა დიდი პროექტების მსგავსად, ცენტრის მშენებლობას გადავადებები და გადახარჯვები სდევდა. ბოლო შეფასებით, პროექტის ღირებულებამ 644 მილიონი ევრო (763 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. პანდემია საქმეს არ წაადგა. 2021 წლისათვის, სხვა მუზეუმების დაგვიანებული გახსნაც იგეგმება. მათ შორისაა: ეგვიპტის გრანდ მუზეუმი კაიროში, m+ ჰონკონგში და Xi Art მუზეუმი − საგამოფენო სივრცე ღია ცის ქვეშ, ძიანსის პროვინციაში (სამხრეთ აღმოსავლეთ ჩინეთი). ზოგიერთი მსგავსი პროექტი, როგორიცაა ზეიდის ეროვნული მუზეუმი აბუ დაბიში, როგორც მინიმუმ, 2022 წლამდე ვერ დასრულდება.
აღმოსავლეთ გერმანიის პარლამენტის ყოფილი, მიგდებული შენობის ჰოჰენცოლერნის ელეგანტური სასახლის რეპლიკით ჩანაცვლების იდეის სერიოზული განხილვა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ეს პროექტი მაცდურად გამოიყურებოდა. ახალ შენობაში განთავსდება აზიური ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ბერლინის კოლექცია, ქალაქის ბიბლიოთეკა, მუნიციპალური მუზეუმი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი. ცენტრი შეადუღაბებს ბერლინის იდენტობას. ეს იქნება კულტურული ჰაბი, რომელიც გერმანული განმანათლებლობის ყველა იდეას ასახიერებს, ისე, როგორც ეს პრუსიელ ძმებს, ფონ ჰუმბოლდტებს წარმოედგინათ. მკვლევარი და ერუდიტი ალექსანდრე 1859 წელს გარდაიცვალა, ხოლო ფილოსოფოსი ვილჰელმი 1835 წელს აღესრულა.
ეს უნივერსალური მუზეუმი იქნება, როგორიცაა ბრიტანეთის მუზეუმი (BM), ერმიტაჟი სანკტ-პეტერბურგში და ა.შ. ,,ეს ბერლინის გულს გადააკეთებს“, − ამბობს ნილ მაკგრეგორი, BM-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ფორუმის დამაარსებლების მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარეც იყო. ,,იმის გამო, რომ თქვენ უკვე გაქვთ საბერძნეთის, რომის, ხმელთაშუა ზღვის, მესოპოტამიის... ამატებთ აფრიკის, ოკეანეთის, აშშ-ისა და აზიის ხელოვნების ნიმუშების კოლექციებს. ერთობლიობაში ეს მსოფლიოს ცივილიზაციებს სრულად წარმოადგენს“.
როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოლიტიკურ პარტიებს ფორუმის მიმართ პრეტენზიები აღმოაჩნდათ. პროექტი მძაფრი პოლიტიკური დებატების საგანი გახდა. წლების განმავლობაში, სხვა ტიპის წინააღმდეგობებიც გაჩნდა. ბევრი გეგმას დასავლეთ გერმანიის პოლიტიკური ტრიუმფალიზმის გამოხატულებად აღიქვამდა. ყოფილი აღმოსავლეთ გერმანელები ძველი რესპუბლიკის სასახლის დანგრევამ შეაწუხა. შესაძლოა, ის ნამდვილი პარლამენტი არასოდეს ყოფილა, მაგრამ შენობაში მოწყობილ დისკოთეკებს თუ ბოულინგის დარბაზებს ბევრი ნოსტალგიით იხსენებდა. სხვები მე-18 საუკუნის შენობის ასლის განთავსებას, მილიტარისტული პრუსიელებისთვის პატივის მიგებისა და ნაცისტური პერიოდის მიჩქმალვის მცდელობად აღიქვამდნენ. ისინი, ვინც ფორუმის მიერ პოლიტიკური, ნაციონალისტური და რელიგიური ჩარჩოების გადალახვას იმედოვნებდნენ, შეძრწუნდნენ, როდესაც მაისში, შენობის თავზე პრუსიული ძლევამოსილების სიმბოლო − ჯვარი აღმართეს (მასზე ამოტვიფრული პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის სიტყვებით).
ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ფორუმის ეთნოლოგიურ (კერძოდ, აფრიკულ) კოლექციებს უკავშირდება. ნაცისტური მმართველობის პერიოდში ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშების დასაბრუნებლად, გერმანიამ დიდი ძალისხმევა გასწია. იმავეს ვერ ვიტყვით კოლონიალიზმის ეპოქაში აფრიკიდან მიტაცებულ ნივთებზე. ბოლო წლების განმავლობაში, სხვა ქვეყნებში (განსაკუთრებით, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში) უფრო მძაფრი გახდა დებატები აფრიკიდან მიტაცებული საგანძურის რესტიტუციის შესახებ. ეს ხაზს უსვამს გერმანიის დუმილს წარსულში ნამიბიაში განხორციელებული გენოციდისა და თანმხლები ძარცვის თაობაზე. ,,ეს მართლაც დიდი პრობლემაა გერმანიაში“, − აღნიშნავს იურგენ ზიმერერი, ჰამბურგის უნივერსიტეტის გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ქსელის დამფუძნებელი პრეზიდენტი.
თუმცა, შესაძლოა ეს წინააღმდეგობები შესაძლებლობებად გარდაიქმნას. გერმანია, როგორც ფედერალური სახელმწიფო, კონსენსუსს ემყარება. ასეთი მიდგომის გამოცდილება შეიძლება ინსპირაციის წყარო აღმოჩნდეს ჰუმბოლდტის ფორუმის კულტურული დებატების ცენტრად ჩამოყალიბებისათვის. ხელოვნების ნიმუშების წარმომავლობა, რესტიტუცია, კურატორობა, *როგორც კულტურული გავლენის ფორმა), უნივერსალური მუზეუმების მომავალი − ეს ის საკითხებია, რომლებიც ყოფილ მეტროპოლიებსა და კოლონიებს შორის გადაუდებელ დიალოგს მოითხოვს. ამ კონტექსტში, ჰუმბოლდტის ფორუმი შესაძლოა მოწინავე გახდეს.
ფიამეტა როკო, კულტურის კორესპონდენტი, The Economist