აფრო-ბიტები გლობალურად ვრცელდება
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნიგერიელმა არტისტებმა აფრიკელ მუსიკოსებს გზა გაუკვალეს. აფრო-ბიტები, ანუ აფრო-პოპი საერთო ტერმინია იმ მუსიკალური ხმების ერთობლიობისთვის, რომელიც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პოპულარობის პიკი 2020 წლის აგვისტოში იყო, როდესაც ნიგერიელ კომპოზიტორ ბურნა ბოის მეხუთე ალბომი ათეულობით ქვეყნის მუსიკალური სტრიმინგ-ჩარტების პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა.
დღემდე, გლობალურ ასპარეზზე თანამედროვე აფრიკული მუსიკის პოპულარიზაციის ავანგარდში მამაკაცი ნიგერიელი არტისტები არიან. მათ ხელი მოაწერეს გარიგებებს წამყვან ამერიკულ ხმის ჩამწერ სტუდიებთან, გამოუშვეს ჰიტ-სინგლები და მოაწყვეს გრანდიოზული კონცერტები. მათი წარმატება შთაგონების წყაროა. ამავე დროს, ზოგი წუხდა, რომ უცხოური აუდიტორიისათვის აფრიკის პოპულარული მუსიკა მხოლოდ ნიგერიულია.
ასეთი წუხილები 2021 წელს უნდა შემცირდეს, რადგან აფრიკელი მუსიკოსებისა და ხმების მრავალფეროვნება უფრო გლობალურ ყურადღებას იპყრობს. სამხრეთაფრიკელმა რეპერებმა – Nasty C-იმ და Nadia Nakai-მ, სხვებთან ერთად, ახლახან ხელი მოაწერეს შეთანხმებას Def Jam Africa-სთან. Universal Music Group-ის ეს ფილიალი 2020 წლის მაისში დაარსდა. სულ უფრო იზრდება სამხრეთაფრიკული ჰაუს-მუსიკის პოპულარობა, რომელიც gqom და amapiano ჟანრებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო აუდიტორიისათვის ნიგერიელი პროდიუსერები ამ ჟანრების ადაპტირებას ახდენენ. თუმცა, ორიგინალური ვერსიების გაცნობა ბევრ მსმენელს სურს.
საერთაშორისო აღიარების გზაზე მყოფ სხვა აფრიკელ მუსიკოსთა ჯგუფი მოიცავს მუსიკოსებს: ინოს’ბი (კონგო); შიიბა კარუნგი (უგანდა), ბრაიან ნანდრა (კენია); მანუ ვორლდ სტარ (კონგო/სამხრეთ აფრიკული წარმოშობის). ნიგერიელი სუპერვარსკვლავი ქალბატონი ტივა სავაჯი, პოპულარობით ალბათ თავის მამაკაც კოლეგებსაც შეეჯიბრება (მას ◊აფრო-ბიტების დედოფალს“ უწოდებენ). ასევე, პოპულარული გახდება დიასპორებში განვითარებული მუსიკალური მიმდინარეობები (განსაკუთრებით აღსანიშნავია Afro Trap). ყველა ეს ჟღერადობა (და კიდევ სხვა) ღირსეულ ადგილს იკავებს შესაბამის პლეილისტებში ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Spotify და Apple Music.
დასავლური აუდიტორიისათვის უფრო მეტი აფრიკული კონტენტი იქნება ხელმისაწვდომი (როგორც მოსასმენად, ისე სანახავად). Netflix რამდენიმე ,,ორიგინალურ აფრიკულ“ შოუს გამოუშვებს. მათ შორისაა ნიგერიული სერიალი ,,შორს სახლიდან“, ღარიბი მოზარდის შესახებ, რომელიც ქვეყნის ელიტაში აღმოჩნდება, და სამხრეთაფრიკული დრამა ,,ჯივა!“ კეიპტაუნში გადაღებული პოპულარული თინეიჯერული სერიალი ,,სისხლი და წყალი“ მეორე სეზონით ბრუნდება. ნიგერიელ მწერალ ჩიმამანდრა ნგოზი ადიჩეს რომან-ბესტსელერ, ,,ამერიკანას“ მოტივებზე, HBO-ს სერიალს გამოუშვებს. ერთ-ერთი პროდიუსერი დანაი გურირა იქნება, ზიმბაბვური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი.
მოვლენების ასეთი განვითარება დასავლეთში აფრიკის აღქმის განახლებას შეუწყობს ხელს. ამერიკული ტელევიზიების კვლევა აჩვენებს, რომ 2018 წლის მარტის თვის მაუწყებლობის 700 000 საათიდან მხოლოდ 25 000 საათი ასახავდა აფრიკის მნიშვნელოვან ამბებს (მათგან ნახევარი კრიმინალის შესახებ). 2021 წელს, ეს სტერეოტიპი ნაგვიანევი, მაგრამ მზარდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.
ჯონ მაკდერმოტი, აფრიკის უფროსი კორესპონდენტი, The Economist, იოჰანესბურგი