ცნობიერი არჩევანი
იდეალურ სამყაროში მეცნიერება თეორიაზე დაფუძნებული ცხადი პროგნოზების შექმნის გზით იმუშავებდა. შემდეგ ამ პროგნოზებს იმგვარად შეამოწმებდნენ, რომ ტყუილისა და მართლის შესახებ სპეკულაციებისთვის მცირე სივრცე თუ დარჩებოდა. პრაქტიკაში ეს ასე იშვიათად ხდება, მეტადრე ბიოლოგიაში. მიუხედავად ამისა, თუ კორონავირუსი ნებას დაგვრთავს, ნეირომეცნიერთა ჯგუფი ამ მეთოდის გამოყენებას მომდევნო წელიწადს გეგმავს ყველაზე მისტიკური ბიოლოგიური ფენომენის, − ადამიანის ცნობიერების შესასწავლად. ახლა მიმდინარეობს ,,მეტოქე თანამშრომლობის შეჯიბრის“ ორგანიზება ორ ჰიპოთეზას შორის იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ცნობიერება თავის ტვინში.
მეტოქეები არიან ჯულიო ტონონის ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია (IIT) და სტანისლას დეანის გლობალური სამუშაო სივრცის თეორია (GWT). შეჯიბრი სიეტლში მდებარე, ალენის თავის ტვინის კვლევის ინსტიტუტში უნდა ჩატარდეს, ხოლო მისი სპონსორი ტემპლტონის მსოფლიო საქველმოქმედო ფონდია. შეჯიბრის პრაქტიკული ასპექტების მოგვარება იკისრა ლუსია მელონიმ ფრანკფურტში მდებარე მაქს პლანკის ემპირიული ესთეტიკის ინსტიტუტიდან.
დოქტორი ტონონი ვისკონსინის მედისონის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ ცნობიერება თავის ტვინში ნეირონების ურთიერთდაკავშირებულობის პროდუქტია. IIT-ის მიხედვით, რაც მეტად ურთიერთქმედებენ ნეირონები ერთმანეთთან და რაც უფრო რთულია შედეგად წარმოქმნილი ქსელი, მით უფრო მეტად ცნობიერად მიიჩნევს თავს შესასწავლი ობიექტი, რადგან ადამიანის თავის ტვინის უბნები, სადაც ნეირონული კავშირები ყველაზე რთულ ფორმებს იღებს, სენსორული ინფორმაციის დამუშავების უბნებია ორგანოთა უკან (კერძოდ, მხედველობითი ქერქი). ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც IIT-ს მიხედვით, ცნობიერება წარმოიქმნება.
ბატონი დეანი, რომელიც პარიზის საფრანგეთის კოლეჯში მუშაობს, ამის საპირისპიროდ ფიქრობს, რომ ცნობიერებასთან დაკავშირებული მოქმედება მოიცავს ტვინის წილების ქსელს, განსაკუთრებით − შუბლის ქერქს. ტვინის ეს ნაწილი იღებს სენსორულ ინფორმაციას ამ ორგანოს ყველა ნაწილიდან, აფასებს და აკორექტირებს მას და შემდეგ ამ ,,გასწორებულ“ ვერსიას სხვა ნაწილებში აგზავნის ამ ინფორმაციაზე რეაგირებისათვის. ესაა შეფასების, კორექტირებისა და გადაცემის აქტივობა, რომელიც GWT-ის მეშვეობით გრძნობებსა და ემოციებს წარმოქმნის.
IIT-ისა და GWT-ის შორის ერთი განსხვავებაა. შესაბამისად, ისაა, რომ პირველი ერთგვარად ,,ქვემოდან ზემოთ“ ახსნაა, ხოლო მეორე − ,,ზემოდან ქვემოთ“. IIT-ის მხარდამჭერნი ფიქრობენ, რომ ნეირონული კომპლექსის ემერჯენტული, მყისიერად წარმოქმნილი თვისებაა, რომელიც სხვადასხვა ხარისხით არსებობს და პრინციპში, შეუძლია რიცხვებით გაიზომოს (რისთვისაც გამოიყენება ბერძნული ანბანის ასო ,,ფი“). GWT-ის ტიპის ცნობიერება, ამის საპირისპიროდ, უფრო მეტადაა ისეთი რამე, რაც ,,ან ყველაფერი ან არაფერის“ პრინციპით აღწერილ პროცესზე მეტია. ამ ორს შორის განსხვავების გამოვლენა მეცნიერებისთვის დიდი წინსვლა იქნება.
შეჯიბრის ექსპერიმენტები 500 მოხალისეზე ჩატარდება ექვს ადგილას: აშშ-ში, ბრიტანეთში, ჩინეთსა და ნიდერლანდებში. გამოიყენებენ სამ ტექნიკას − ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (FMRI), მაგნიტოენცეფალოგრაფია (MEG) და ელექტროკორტიკოგრაფია (ECOG). FMRI ზომავს სისხლის მოძრაობას, რაც თავის მხრივ, უკავშირდება თავის ტვინის საკვლევ ნაწილში მიმდინარე აქტივობას (რაც მეტი სისხლი მოძრაობს უბანში, მით მეტია აქტივობა). MEG-ი აღრიცხავს ტვინში ელექტრული აქტივობით წარმოქმნილი მაგნიტური ველების ფლუქტუაციას. ამათგან არცერთია ინტრუზიული. ამავე დროს, ECOG-ი აღრიცხავს შუბლის წილის ზედაპირის ელექტრულ აქტივობას. პროექტის ეს ნაწილი დაეყრდნობა მოხალისეებს, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით ოპერაცია უტარდებათ ტვინზე, მაგალითად, ეპილეფსიის სამკურნალოდ, რაც პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტის ცნობიერ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვს. დაგროვილი მონაცემების ნახევარს მაშინვე გააანალიზებენ ექსპერიმენტის წამყვან მეცნიერთაგან დამოუკიდებელი სწავლულები, რომლებსაც ამ ორივე მხარესთან არავითარი ინტერესი არ აკავშირებთ. ექსპერიმენტის მონაწილეთა მეორე ნახევარი იზოლირებული იქნება მომავლისთვის, თუკი დამადასტურებელი ანალიზის ჩატარების საჭიროება გამოიკვეთება.
თანამშრომლობის სულისკვეთებით მიმდინარე მეტოქეობის ფარგლებში, ორმა მონაწილე მხარემ ტესტების წყება ,,გამოაცხო“, რომლებმაც, შეთანხმებისამებრ, განსხვავებული შედეგები უნდა აჩვენონ იმის მიხედვით, თუ რომელი თეორიაა მართებული. ესენი დამოკიდებულია იმ ფაქტზე, რომ GWT-ის მიხედვით, ტვინის აქტივობა შეინიშნება მხოლოდ მაშინ, როცა ყურადღება აქტიურადაა მიმართული რაღაცისკენ, მაშინ, როცა IIT-ისთვის აქტივობის პროგნოზირების მიზნით, მხოლოდ რაღაცის ცნობიერი აღქმაა საკმარისი. ექსპერიმენტების დეტალები განსხვავებულია (ზოგი მათგანი მოიცავს უძრავ ასო-ნიშნებს, ობიექტებსა თუ სახეებს ეკრანზე, მაშინ, როცა სხვებში ეკრანის გასწვრივ მოძრავი ფორმებია). მიუხედავად ამისა, ყველა მათგანში განსხვავება ყურადღებასა და აღქმას შორის ცხადია, ასე რომ, ცხადია პროგნოზებიც.
ექსპერიმენტებმა რაც უნდა აჩვენოს, ცნობიერების კატეგორიული განმარტებიდან მაინც ძალზე შორს იქნება. კერძოდ, ის ვერ გადაჭრის ამ ფენომენის ,,ძნელ პრობლემას“, რომელიც ,,შეგრძნება იმისა, თუ როგორია, იყო რაღაც“ სახით დასვა ამერიკელმა ფილოსოფოსმა თომას ნაგელმა 1974 წელს ესეიში, სახელწოდებით ,,როგორია, იყო ღამურა“. თუმცაღა, ცნობიერი აღქმის ნეირონული კორელატების გამოვლენით, კვლევები მიუთითებენ მომავალში სასარგებლო შესწავლის მიმართულებებზე.
ჯოფრი ქარი, მეცნიერების რედაქტორი, The Economist