ჩხვლეტა მკლავში
2020 წლის დასაწყისში, კორონავირუსის პანდემიით მოცულ მსოფლიოში, ადამიანთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ ვაქცინა მალე გამოჩნდებოდა. ვაქცინებზე მუშაობის დაწყებისას, ამ პროცესის მოსალოდნელი სირთულეების შესახებ სერიოზული გაფრთხილებებიც გაისმოდა. შესაბამისად, გასაოცარია, რომ 2021 წლის დადგომასთან ერთად, ერთი ან რამდენიმე ვაქცინა გვაქვს (როგორც ჩანს). ამის დარწმუნებით თქმის შესაძლებლობა ვაქცინების შემუშავებისთვის შერჩეული მიდგომების მრავალფეროვნებას და სიმრავლეს ასახავს.
მეცნიერებმა ვაქცინების მიღების ბევრი სხვადასხვა გზა შეიმუშავეს. ყველაზე ძველი, ტრადიციული მეთოდი გულისხმობს ვაქცინის დამზადებას იმგვარად მოდიფიცირებული ვირუსის (ამ შემთხვევაში, SARS-COV-2) ბაზაზე, რომელიც ორგანიზმში დაავადების განვითარებას არ გამოიწვევს. ეს შესაძლებელია ვირუსის შესუსტებით ან სრულად ინაქტივირებით. ბიოტექნოლოგიური სტარტაპი Codagenix, ასეთი მიდგომით, ,,ცოცხლად შესუსტებული“ ვირუსის შემცველ ვაქცინაზე მუშაობს. ვირუსი ცოცხალია, მაგრამ რეპლიკაციის უნარი აღარ გააჩნია. სრულად ინაქტივირებული ვირუსის მიდგომას იყენებს ორი ჩინური მწარმოებელი − Sinovac და Sinopharm.
ბოლო დროს, გენურმა ინჟინერიამ შესაძლო ვაქცინების სპექტრი მნიშვნელოვნად გაზარდა. პოპულარული ტექნიკაა განსხვავებული, უვნებელი ვირუსის მიღება და SARS-COV-2-ის ძირითადი ნაწილის გადასაცემად მისი გამოყენება (როგორც ერთგვარი სატრანსპორტო სისტემა). ,,მგლის ქურქში გახვეული ცხვრის“ ამგვარ მიდგომას სამედიცინო პრეპარატების გიგანტი-მწარმოებელი AstraZeneca იყენებს (ამ კომპანიის ვაქცინა დაწინაურებულებს შორისაა). ამ პრეპარატში ბაზად შიმპანზეს ადენოვირუსს იყენებენ. იგი უჯრედებს აინფიცირებს და SARS-COV-2-ის სპაიკ-ცილების შესაქმნელად ინსტრუქციას აწვდის. შედეგად, იმუნური სისტემა ნამდვილი ვირუსის ამოსაცნობად მზადდება.
ყველაზე ამაღელვებელი ნუკლეინის მჟავის (RNM) ვაქცინებია. ამ შემთხვევაში, ვირუსის მცირე ფრაგმენტის შემცველი RNM-ის პირდაპირი ინიექცია ხდება. ორგანიზმში მოხვედრილი ეს მესენჯერი ინსტრუქციას შეიცავს, რომელიც იმუნური სისტემის სათანადოდ მომზადებას განაპირობებს. ასეთ ახლებურ მიდგომას ვაქცინების წამყვანი მწარმოებლები − Pfizer და Moderna იყენებენ და დამაიმედებელი წინასწარი შედეგებიც აქვთ. ნუკლეინის მჟავის მიდგომა ვაქცინების მასშტაბურ წარმოებასაც ამარტივებს (სხვა მეთოდებით მიღებულ ვაქცინებთან შედარებით).
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გამომგონებელი სტენლი პლოტკინი (პენსილვანიის უნივერსიტეტი), ,,12კოვიდ“-ვაქცინების თაობაზე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ვარაუდობს რომ სპაიკ-ცილების მაგენერირებელი ვაქცინების გამოყენება ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანებში COVID-19-ის განვითარებას შეაფერხებს (როგორც მინიმუმ, მოკლევადიანი დაცვა). ამავე დროს, გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ეს ვაქცინები, რომ ადამიანები ვირუსის მატარებლები და გამავრცელებლები არ იყვნენ.
ვაქცინების გადაუდებელი ავტორიზაცია, სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლოს მოხდება, მაგრამ მიწოდება ძალზე შეზღუდული იქნება. მწარმოებლებს მეტი მონაცემები 2021 წლის პირველ კვარტალში ექნებათ, რაც მარეგულირებელ ორგანოებს ამ ახალი ვაქცინების გამოყენების გაფართოების საშუალებას მისცემს. მოთხოვნა მიწოდებაზე მაინც ბევრად მაღალი იქნება და ეს პრობლემა მთელ 2021 წელზე გავრცელდება.
მომავალ წელს გაიმართება რთული პოლიტიკური და საზოგადოებრივი დებატები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები ვაქცინების განაწილებაში. ვაქცინის ნაციონალიზმის თაობაზე შიში არსებობს, მაგრამ 2021 წლის გასაოცარი თავისებურება ვაქცინების წარმოება-დისტრიბუციის პროცესში ჩართული ქვეყნების სიმრავლე და კოოპერაცია იქნება. COVAX-ინიციატივის (180 მონაწილე ქვეყანა) წყალობით, იმედი ჩნდება, რომ 2020 წლის მახინჯი, თვითდამაზიანებელი ვითარების თავიდან აცილება მოხერხდება. აქ იგულისხმება ცალკეული ქვეყნების უსამართლო მეთოდებით ბრძოლა პერსონალური დაცვის საშუალებებისა და სასუნთქი აპარატების მოპოვებისათვის. ინიციატივის მიხედვით, მდიდარმა ქვეყნებმა განვითარებადი სამყაროს ვაქცინაციის პროცესის სუბსიდირება უნდა მოახდინონ. საწყის ეტაპზე ვაქცინაციამ COVAX-ის წევრი ქვეყნების მოსახლეობის 3% უნდა მოიცვას (უპირველესად, სამედიცინო მუშაკები). იმედია, 2021 წლის ბოლომდე დაფარვის მაჩვენებელი 20%-ს მიაღწევს, რაც მაღალი რისკის ჯგუფებზე ფოკუსირებას გულისხმობს.
ვაქცინების ჭარბი რაოდენობის მქონე (სავარაუდოდ) რამდენიმე ქვეყანა, როგორიცაა აშშ და ბრიტანეთი, 2021 წლის ზამთრამდე მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობის აცრას შეეცდება. ეს ეთიკურ შეკითხვებს წარმოშობს, ვინაიდან უმეტეს ქვეყნებს საკითხისადმი უფრო სტრატეგიული მიდგომა უნდა ჰქონდეთ. პანდემიის გაკონტროლება გლობალურ დონეზე საყოველთაო ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია. UNESCO − ვაქცინების გლობალური განაწილების პროცესში გაეროს მთავარი სააგენტო ამტკიცებს, რომ უნივერსალური ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების ,,პირველსავე წლებში“ არ მოხერხდება.
Northeastern უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მიწოდების ჯაჭვების მართვის სპეციალისტი, პროფესორი ნადა სანდერსი ამბობს, რომ ვაქცინის არსებობა დაუყოვნებლივი ვაქცინაციის დაწყებას არ ნიშნავს, რადგან კიდევ ბევრი რამის ორგანიზება იქნება საჭირო. ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, შეშფოთების ბევრი მიზეზი არსებობს − დაწყებული სამედიცინო შუშით და დამთავრებული ნემსებით. პროფესორ სანდერსის აზრით, გლობალური მიწოდების ჯაჭვი უნდა შემუშავდეს, რასაც მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება. UBS-ბანკის ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ,,ჩასხმისა და დასრულების“ სტადია (როდესაც პრეპარატი დისტრიბუციისთვის მზადაა) ყველაზე მნიშვნელოვანი ,,ბოთლის ვიწრო ყელია“, რომელსაც ტრანსპორტირების საკითხი მოსდევს. ყველა ეს საკითხი 2021 წელს პრობლემებს შექმნის.
დაბოლოს, კიდევ ერთი სირთულე არსებობს. პირველ ვაქცინებს დისტრიბუციისას დაბალ ტემპერატურაზე შენახვა დასჭირდებათ. ამჟამად, ვაქცინების სულ მცირე 25% მომხმარებლებამდე დეგრადირებული სახით აღწევს, რაც ცივი ჯაჭვის პრობლემებს უკავშირდება.
ერთი რამ ცხადია: ვაქცინები გვექნება, მაგრამ ქვეყნებს შორის და მათ შიგნით განაწილება უთანაბროდ მოხდება. ამის მიზეზი, უბრალოდ, დისტრიბუციის სირთულის მასშტაბიცაა. მომავალ წელს, ბევრ ადამიანს გაუჭირდება იმის გააზრება, თუ რატომ დაიღუპა მისი ახლობელი მაშინ, როდესაც ვაქცინა უკვე არსებობს. 2020 წლის გმირული მცდელობების შედეგად, ვაქცინების შემუშავებას არა წლები, არამედ თვეები დასჭირდა. 2021 წელს, ასეთივე ჰეროიზმი პრეპარატების ლაბორატორიებიდან კლინიკებში მიწოდებას დასჭირდება.
ნატაშა ლოდერი, ჯანდაცვის პოლიტიკის რედაქტორი, The Economist