ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა
2020 წლის უმეტეს ნაწილში პანდემიის გარშემო გავრცელებული რიტორიკა საბრძოლო ხასიათის იყო. პოლიტიკოსები და ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ ახალი კორონავირუსის ,,მძიმე დამარცხებაზე“ და ეპიდემიოლოგიური ციცაბო მრუდეების ,,გაბრტყელებაზე“. თუმცა, მიუხედავად ოპტიმისტური მოლოდინისა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ აბეზარმა პოლიმერულმა მოლეკულებმა ასეულ ათასობით ადამიანი იმსხვერპლეს, გლობალური ეკონომიკა კრახის პირას დააყენეს და სიღარიბესთან ბრძოლაში წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი წაშალეს. ვაქცინები მალე იქნება, მაგრამ მათი მსოფლიოს ყველა კუთხემდე მიტანა კვლავ გამოწვევად დარჩება. ამრიგად, ვირუსთან დაკავშირებით, უფრო შემრიგებლური ტონი აქტუალური გახდა. 2021 წელს კაცობრიობა ვირუსთან ადაპტირებას გააგრძელებს, იმგვარად, რომ თანაარსებობამ ადამიანებისთვის ნაკლები ზიანი გამოიწვიოს.
ძირითადი რეკომენდაციები იგივე დარჩება. პირბადეები და ხელების გულდასმით დაბანა კვლავ საჭირო იქნება. საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანები ერთმანეთთან მიახლოებისაგან თავს შეიკავებენ და ეს ავტომატურ ქცევადაც კი ჩამოყალიბდება. თუმცა, პანდემიის მეორე წლის დადგომისას, მოემზადეთ ცვლილებებისთვის სამი მიმართულებით: ტესტირება, საკარანტინო და სოციალური დისტანცირების წესები.
სწრაფი ტესტები covid-19-ისათვის საყოველთაო გახდება. ლაბორატორიებზე მიჯაჭვული PCR-ტექნოლოგიისაგან განსხვავებით (რომელიც ვირუსის გენეტიკური მასალის უმცირეს კვალზეც რეაგირებს), შედარებით იაფ, ანტიგენზე დამყარებულ ვირუსს მაშინ გამოავლენს, როდესაც მათი კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალია. საუკეთესო ანტიგენური ტესტებიც კი, ინფიცირების შემთხვევების მეოთხედში, მცდარ ნეგატიურ პასუხს აფიქსირებენ (თუმცა ვარაუდობენ, რომ ინფიცირებული პირები ამ დროს დაავადების გადამდებნი ნაკლებად არიან). თუმცა, ზოგიერთი სწრაფი ტესტი შედეგს 15 წუთში იძლევა და მცირე ზომის პორტატიულ მოწყობილობას მოიცავს (ზოგჯერ, სახლის პირობებში, ორსულობის დამდგენი ტესტერის მსგავსი, რომლის ღირებულება დაახლოებით 5 აშშ დოლარია). ბაზარზე 80 დასახელების ასეთი სწრაფი ტესტის არსებობის პირობებში, დიაგნოზის საერთო სიზუსტე გაიზრდება, ორგანიზმიდან სასინჯი მასალის აღების პროცესი ნაკლებად დისკომფორტული იქნება (მაგალითად, შემოკლებული ჩხირები ცხვირიდან სინჯების ასაღებად, ან იგივე მიზნისათვის, ნერწყვის მასალის გამოყენება). ასევე, მოსალოდნელია ფასების შემცირება − 1 აშშ დოლარამდე ერთეული ტესტისათვის.
2021 წლის შუა პერიოდში, covid-19-ის სწრაფი ტესტების გამოყენება აეროპორტებში ტემპერატურის შემოწმებას ჩაანაცვლებს (რაც ვირუსის გამოსავლენად გამოუსადეგარია). დამსაქმებლები, სკოლები, გასართობი დაწესებულებები სწრაფ ტესტებს ინფექციის გამოსავლენად გამოიყენებენ. ზოგიერთთათვის ასეთი სახის კონტროლი შესაძლოა სახლის პირობებში განხორციელებულ ჩვეულებრივ რუტინად იქცეს (მაგალითად, დილაობით ან ძილის წინ). პოზიტიურ პასუხებს შესაძლოა უფრო ზუსტი PCR-ტესტის დადასტურება დასჭირდეს: ნეგატიური პასუხი არ იძლევა გარანტიას, რომ დაინფიცირებული არ ხართ და ბებიასთან ჩახუტება შეგიძლიათ, თუმცა სწრაფი ტესტების მეშვეობით, დაინფიცირების ბევრად მეტი შემთხვევა ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება.
სახლის პირობებში ჩატარებული იაფი, სწრაფი ტესტების გვერდითი ეფექტი ისაა, რომ ბევრი ინფიცირებული (თუ არა უმრავლესობა), დაავადების შემთხვევათა კონტროლისა და აღრიცხვის ოფიციალური სისტემის მიღმა აღმოჩნდება. თუმცა, ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში სისტემის მიმართ ნდობა ისედაც გამოუსწორებლად მორღვეულია. ამჟამინდელი მდგომარეობითაც, მთავრობებს მხოლოდ იმედი აქვთ, რომ ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც ამის თაობაზე ინფორმირებულნი არიან, უმეტესწილად სწორად მოიქცევიან: ახლო კონტაქტების თაობაზე ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწოდებენ და მაქსიმალურად თვითიზოლირებას მოახდენენ. უსიმპტომოთათვის სწრაფი ტესტის მიერ უშუალოდ ნაჩვენები პოზიტიური პასუხი პასუხისმგებლობიანი ქცევისათვის უფრო დიდი სტიმულია, ვიდრე აპლიკაციის მეშვეობით მიღებული შინ დარჩენის მოწოდება.
რაც შეეხება საკარანტინო წესებს, ბევრი ქვეყანა, ალბათ, საფრანგეთისა და შვედეთის მაგალითს გაიზიარებს და ორკვირიანი კარანტინის ვადას 7 დღემდე შეამცირებს. ამ გზით, იზოლირებაზე ადამიანების მიმღებლობის გაუმჯობესებას იმედოვნებენ. ერთკვირიან კარანტინში მოხვედრილ პირებს განუმარტავენ, რომ შემდეგი 7 დღის განმავლობაში, ვირუსის გადაცემის შემცირებული, მაგრამ საყურადღებო რისკის მატარებლები არიან და ამ დროს ასაკოვანი ახლობლების მონახულებისაგან თავი უნდა შეიკავონ. კარანტინში მყოფთა შემმოწმებელი ოფიციალური პირები დაბალრისკიან აქტივობებს ნაკლებად აკრძალავენ, მაგალითად: ფეხით სეირნობა პარკში, დილაობით, როდესაც ადამიანთა ნაკლებობაა.
მსგავსი შერბილებული მიდგომის გათვალისწინებით, ბევრი მთავრობა სოციალიზაციის გააქტიურების წინააღმდეგი აღარ იქნება და ამ თვალსაზრისით, მოქალაქეებს მეტ ავტონომიას მიანიჭებს. გაუქმდება ბუნდოვანი და დირექტიული ხასიათის წესები, რომლებიც განსაზღვრავდნენ თუ ვის, როდის, სად და როგორ შეიძლება შეხვედროდით. სანაცვლოდ, გამოცხადდება მარტივი პრინციპები, რომლებიც ადამიანებმა ნებისმიერი სოციალური აქტივობის შემთხვევაში უნდა დაიცვან. მაგალითისათვის, ისევე, როგორც ახლა იაპონიაში, სულ უფრო მეტ ქვეყანაში ადამიანებს მოუწოდებენ, რომ სამ რამეს თავი მაქსიმალურად უნდა აარიდონ: ხალხმრავლობას, მჭიდრო კონტაქტებს და დახურულ სივრცეებს. ოჯახებში და მეგობრებთან ყოფნისას, ადამიანებს ურჩევენ (ისევე, როგორც ახლა, კანადაში), მხედველობაში ჰქონდეთ ,,ნაკლები სახეების, უფრო მცირე ჯგუფების, ერთად ყოფნის ნაკლები დროისა და უფრო დიდი სივრცეების“ მიზანშეწონილობა.
ამ ყველაფერმა პანდემიის მეორე წელი პირველზე ოდნავ უფრო ასატანი უნდა გახადოს. შესვით ამის სადღეგრძელო − რა თქმა უნდა, მცირერიცხოვან ჯგუფში.
სლავეა ჩანკოვა, ჯანდაცვის კორესპონდენტი, The Economist