დიდების ძიება ზეცაში
2021 წლისათვის, ამაღელვებელი კოსმოსური მისიების დაწყება იგეგმება. მომავალ წელს, სტადიონის ზომის ასტეროიდის მთვარის ორბიტის კორექტირებისათვის, ამერიკული NASA კოსმოსური აპარატის გაშვებას გეგმავს, რომელმაც თავისი მისია შეჯახების მეშვეობით უნდა შეასრულოს. არც ასტეროიდი (დიდიმოსი) და არც მისი მთვარე (დიმორფოსი) დედამიწას არ ემუქრება, მაგრამ შეჯახება პოტენციურად საჭირო ,,პლანეტარული თავდაცვის“ ნოუ-ჰაუს აღმოჩენას ემსახურება. NASA-ს უახლოეს გეგმებში ასევე შედის: არაპილოტირებადი გაფრენა მთვარის გარშემო; კანადისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების მონაწილეობით, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება (ყველაზე დიდი და ძვირადღირებული, უწინდელ ანალოგებთან შედარებით). ინდოეთი დედამიწის ორბიტაზე სამი ასტრონავტის გაყვანას აპირებს. ინდოეთი და რუსეთი მთვარის ზედაპირული ზონდების გაშვებასაც გეგმავენ. ჩინეთი თავისი უმსხვილესი კოსმოსური სადგურისთვის (Tiangong-3) რაკეტა-მატარებლებით კომპონენტების გაშვებას იწყებს.
აღნიშნული გეგმები ყველასთვის ამბიციურია. 6.6 კმ/წმ სიჩქარის განვითარებისას, ასტეროიდთან შეჯახებამდე, NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა იტალიის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი სათვალთვალო ზონდი უნდა გატყორცნოს. დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ტელესკოპზე სარკისა და ჩოგბურთის კორტის ზომის მზის ფარის გაშლას რამდენიმე კვირის განმავლობაში ურთულესი, რობოტიზებული სამუშაოს ჩატარება დასჭირდება (-230°C ტემპერატურის პირობებში). ინდოეთს პილოტირებული კოსმოსური მისია არასდროს შეუსრულებია. ინდური ზონდის მთვარის ზედაპირზე დასმა კატასტროფით დასრულდა. როგორც მოსკოვის კოსმოსური კვლევის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი, ლევ ზელიონი აღნიშნავს, რუსეთმა რთული ბალისტიკური ნავიგაციის ახალი სისტემები უნდა შეიმუშავოს. ეს აუცილებელია მთვარის სამხრეთ პოლუსის გამოუკვლევ ტერიტორიებთან ახლოს მისიის შესრულებისათვის. ჩინეთი იმედოვნებს, რომ კოსმოსური სადგურის მშენებლობას, ათეულობით რაკეტის გაშვების მეშვეობით, ორი წლის განმავლობაში დაასრულებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კოსმოსზე დანახარჯები საერთო გლობალურ ეკონომიკურ ზრდას გადაუსწრებს, 2021 წელს დარგი თვალისმომჭრელ სიკაშკაშეს შეინარჩუნებს და ხარჯების შემცირებასაც შეეცდება. ევროპის Ariane Group იმედოვნებს, რომ მისი ახალი, დიდი Ariane 6 რაკეტის პირველი გაშვება ამერიკელ კონკურენტებთან მეტოქეობაში დაკარგული ბიზნესპოზიციების აღდგენას შეუწყობს ხელს. რუსეთიც აცნობიერებს, რომ წნეხის ქვეშ იმყოფება და ახალი მისიების წარმატება აუცილებლად სჭირდება. ამ ქვეყნის მიერ (უფრო სწორად, საბჭოთა კავშირის) მთვარის მისია ბოლოს 1976 წელს განხორციელდა. 2020 წლის მაისში ამერიკული Space X-ის წარმატებული სტარტის შემდეგ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გადაყვანის მომგებიანი რუსული მონოპოლია წარსულს ბარდება.
უნდა ველოდოთ ინოვაციებს როგორც დამკვიდრებული მოთამაშეებისგან, ისე ახალბედებისაგან. 2021 წელს, ამერიკულ-ახალზელანდიურ კერძო კოსმოსურ კომპანიას (სპეციალიზებულია მცირე ტვირთების გაშვებაზე) შესაძლოა რაკეტის გამოყენებული საფეხურის გადარჩენაც კი გამოუვიდეს. ამისათვის, კომპანია ვერტმფრენის გამოყენებას გეგმავს, რომელიც რაკეტის მიერ გამოტყორცნილი საფეხურის მისსავე პარაშუტით დაჭერას შეეცდება. საუკეთესო მიღწევებით თავის მოწონებას სხვა კომპანიებიც მოინდომებენ. ჯეფ ბეზოსის კუთვნილი Blue Origin მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა New Glenn-ის გაშვებას აპირებს, რომელიც არსებულ ალტერნატივებს ტვირთამწეობით მინიმუმ ორჯერ აღემატება. Boeing საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე ასტრონავტების გაყვანას იმედოვნებს (2019 წლის პირველი არაპილოტირებადი მისია წარუმატებლად დასრულდა). United Launch Alliance-ის პირველი ორი სტარტი, Vulcan Centaur-ის გამოყენებით, მიზნად ისახავს Astrobotic-ის მთვარის ზონდისა და Sierra Nevada Corp-ის კოსმოსური ხომალდის გაშვებას (ეს უკანასკნელი შეიქმნა დედამიწის დაბალ ორბიტაზე ასტრონავტებისა და ტვირთის გადასაყვანად), რამდენიმე დასავლელ პარტნიორთან ერთად. რუსული სააგენტო Roscosmos 2021 წელს პირველი კოსმოსური ტურისტების გაშვებას იმედოვნებს.
ფსონი უფრო მეტია, ვიდრე დიდი ფული. 2021 წლისთვის დაგეგმილი მრავალი კოსმოსური მისია გეოპოლიტიკური ან სამხედრო გათვლების მოპოვების მცდელობებს ასახავს. მაგალითად, ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის ყოფილი თანაშემწის, რაჯი რაჯაგოპალანის განცხადებით, ინდოეთის პირველი პილოტირებადი კოსმოსური მისიისათვის ,,ბიძგის ფაქტორი“ კონკურენტი ჩინეთის პროგრესი აღმოჩნდა. კოსმოსური საკითხების ჩინელ ექსპერტ ვანგ გუოიუს თქმით, ჩინეთის კოსმოსურ სადგურს უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ორბიტული მანევრების უნარების განვითარებისთვისაც ,,უაღრესად ღირებულია“.
შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კოსმოსური სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი, უილიამ შეკტონი მიიჩნევს, რომ სასურველი შედეგი ჩინური სატელიტების საწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება იქნება. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ რუსული კოსმოსური მუქარის თაობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გუშინდელი დღის ,,ახალი ზღვარი“ დღევანდელობის ,,ახალ წინა ხაზად“ იქცა.
ბენჯამინ საზერლენდი, შტატგარეშე კორესპონდენტი