საბალანსო უწყისის ძალაუფლება
,,კოვიდ-19“-ის პანდემიის დამახასიათებელი ნიშანი ინდივიდებისა და ფირმების ტრადიციულ ბანკებზე დამოკიდებულების შენარჩუნებაა. ფილიალები დაიკეტა და მკვეთრად გაიზარდა ელექტრონული კომერციაც, რამაც გააძლიერა ტექ.ფირმებისა და ე.წ. ღრუბლოვანი სერვისების მომწოდებელთა პოზიციები, რადგან ონლაინფინანსების გამტარის ფუნქციას სწორედ ისინი ასრულებენ. თუმცა, ამავე დროს, მთავრობამ კომპანიებისა და საოჯახო მეურნეობებისათვის მხარდაჭერის პაკეტების დანაწილების მანდატი სწორედ ტრადიციულ გამსესხებლებს მიანიჭა, მათ კი ფულის ვეება მასა საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშებზე განათავსეს. ყველაზე ძვირფასი და გამძლე აქტივი, რაც ბანკებს ფინტექ-მეტოქეებთან ბრძოლაში აქვთ, მომხმარებელთა სურვილია, მიანდონ ბანკებს თავიანთი შემოსავლები სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 2021 წელს ბანკები ამ ფაქტორს გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად შეეცდებიან.
ზოგი ფინტექი კვლავაც ყვავის. ფირმებმა, რომლებმაც ანტრეპრენერებსა და მოვაჭრეებს ციფრული გადახდების საკითხი ერთი დაწკაპუნებით მოუგვარა, მაგალითად Stripe და Square, ნაღდი ფულით ოპერირებიდან ელექტრონულ სერვისებზე გადასვლით დიდად იხეირეს. იგივე ითქმის Marqeta-სა ან GoCardless-ზე, რომლებმაც რესტორნებსა და GYM-ებს დელივერის ან საწევრო შენატანის აკრეფის პრობლემა მოუგვარეს. ,,იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ პრინციპზე მომუშავე ახალგაზრდა კომპანიები Klarna ან Afterpay, რომლებიც მყიდველს შეძენისას მოკლევადიან სესხს აძლევენ, მომჭირნე შოპერების ერთგულება მოიპოვეს. Robinhood-ის ან TD Ameritrade-ის მსგავსად, ელექტრონული ბროკერები ტრეიდინგის სარეკორდო მაჩვენებლებს აფიქსირებენ, რადგანაც ოჯახებს უკვე სავარძელში მოკალათებულებს შეუძლიათ აქციებზე ფსონების ჩამოსვლა. მეგობრებს ერთმანეთისთვის ანგარიშსწორება უფრო მეტად ციფრული საფულეთი უწევთ, ვიდრე ნაღდი ფულით.
თუმცაღა, პანდემია სხვებს ნამდვილად არ ინდობს. ვენჩურულ კაპიტალისტებს დასახარჯი კვლავაც ბევრი აქვთ, თუმცა გაურკვეველი მომავალი მათ მიდგომას უფრო ფრთხილს ხდის იმ სტარტაპებთან დაკავშირებით, რომლებიც ,,ანგარიშმიუცემლად წვავენ ფულს“. ისინი ახალწვეულებთან მოპაექრე უფრო ძველ, შემოწმებულ ფირმებს ამჯობინებენ, რადგანაც დაფინანსება სულ უფრო მოუხელთებელი ხდება და ასეთივე დარჩება გაისადაც. ამავე დროს, ცალკეული ჩელენჯერი ბანკების შემოსავალი, რომელთაგან ბევრი სარჩოს მეანაბრეების შესყიდვებზე დარიცხული საკომისიოებით შოულობს, ,,გაშრა“, რადგან სამსახურში მიმავალი მომხმარებელი გზაზე ლატეს აღარ ყიდულობს. მხოლოდ ზრდის, როგორც თვითმიზნით მოტივირებულმა ბანკების ნაწილმა, ხარჯების ესკალაციაც დაუშვა. ყველა ეს წნეხი სირთულეებთან მებრძოლ ფინტექ-ფირმებს მარკეტინგული ბიუჯეტების შეკვეცას აიძულებს, რაც ახალი მომხმარებლების დამატების პროცესს აჩერებს. 2021 წელს მათი გადარჩენაც კი შესაძლოა სათუო გახდეს.
,,კოვიდ-19“-მა ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ბანკებიც შეარყია. ბევრ მათგანს ციფრულ ტექნოლოგიებში ფული სათანადოდ არ ჩაუდია, რის გამოც ,,ლოქდაუნის“ დაწყებას დაუცველნი შეხვდნენ. დაბალი სარგებლის განაკვეთები, ფირმების გაკოტრებითა და მოქალაქეთა მიერ სამუშაოს დაკარგვით გამოწვეული სესხების დანაკარგებთან ერთად, იმას ნიშნავს, რომ ბანკებს თავიანთი ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად სახარჯი ბევრი ფული არ აქვთ. ამასთანავე, ბანკები, რომლებსაც თავის დროზე რუტინული პროცესების ციფრულ ტექნოლოგიებში გადაყვანის შორსმჭვრეტელობა აღმოაჩნდათ, ახალმა დროებამ მილიონობით აპლიკაციის ჩამოტვირთვით, აღმავალი გაყიდვებითა და კლიენტების კმაყოფილების დამადასტურებელი პომპეზური კვლევებით დააჯილდოვა. ,,მაჩანჩალებს“ ფილიალების დახურვა და ხარჯების შესამცირებლად მომსახურებათა შეკვეცა უწევთ, რაც მომხმარებელთა ფრუსტრაციის მიზეზი ხდება, მაშინ, როცა ლიდერები ბაზარზე წილს იზრდიან. ისინი შეთავაზებული სერვისების დიაპაზონსაც აფართოებენ, ეყრდნობიან რა ფინტექ-ფირმებს ცალკეული ამოცანების გადასაჭრელად თუ პროდუქტების მისაღებად.
ბანკები არეულ დროებაში თავიანთ ფინანსებზე კონტროლის აღდგენას ცდილობენ. ამიტომაც, მომხმარებლები საკუთარ ფულს სხვებზე მეტად სწორედ მათ ანდობენ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეს ის აქტივია, რომლის შესანარჩუნებლად ბანკები დიდად უნდა გაისარჯონ.
მეთიუ ფავასი, ფინანსების კორესპონდენტი, The Economist