ახალი ფული
საკმაოდ კარგი შანსი არსებობს იმისა, რომ ციფრული იუანი მიმოქცევაში 2021 წელს შემოვა. მისი დებიუტი თავდაპირველად დიდ განსხვავებას ვერ მოიტანს, მაგრამ მომავალში ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის წარმოების წესის შეცვლა ნამდვილად შეუძლია.
ჩინეთის სახალხო ბანკმა ციფრული ვალუტის გამოყენების 100-ზე მეტი საპატენტო უფლება მიიღო და სულ მალე სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ციფრული საფულის ჩამოტვირთვის შესაძლებლობაც გაჩნდება. კომერციული ვარიანტებისგან, მაგალითად WeChat Pay და Alipay-სგან განსხვავებით, იფიციალური ვერსია ცენტრალურ ბანკში ანგარიშის ტოლფასია, თანაც გარანტიებით, რომლებიც ნაღდი ფულის ატრიბუტია.
მილიონებისთვის, ვინც უკვე იყენებს სმარტფონებს სადებეტო ბარათების ნაცვლად, ეს კიდევ ერთი გადახდის აპლიკაციის მსგავსი რამ იქნება. ამავე დროს, უკვე საუბრობენ ციფრულ ვალუტაზე, როგორც რევოლუციურ პროდუქტზე, რომელსაც ბანკებისათვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია, რადგანაც შესაძლებელი გახდება შემნახველი ანგარიშებიდან თანხების გამოტანა და მათ ულტრაუსაფრთხო ოფიციალურ ელექტრონულ საფულეებში განთავსება. მეტიც − თუ ციფრული ვალუტა ოდესმე მთლიანად ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს, ცენტრალური ბანკები ძალაუფლების შემდეგ სამ ახალ იარაღს შეიძენენ: სარგებლის განაკვეთების დაწევა ნულს ქვემოთ ბევრი სირთულის გარეშე; ფულის გამოშვება მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება; უფრო ზუსტად ცოდნა იმისა, თუ ვის აქვს ფული და როგორ უნდა დაიხარჯოს ის.
ჩინეთში ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ხელახალ გამოგონებას არ ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ის შიშობს, რომ დიდ ტექპლატფორმებს მეტისმეტი ძალაუფლება უვარდებათ ხელში. ციფრულ იუანს ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია. ამასთანავე, ეს ჩინეთს შეუქმნის გამტარს გარე სამყაროსთან ფულის სამოძრაოდ ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფ გლობალური გადახდის SWIFT-სისტემაზე დამოკიდებულების შემცირების გზით. ჩინეთის უპირველესი ამოცანა ბევრად მიწიერია: შემოწმდეს, მუშაობს თუ არა ციფრული იუანის უზრუნველმყოფი ტექნოლოგია და ნამდვილად სურს თუ არა ხალხს მისი გამოყენება. ფული უკვე 3000 წელია ტრიალებს და მის განახლებას დრო დასჭირდება.
საიმონ რაბინოვიჩი, აზიის ეკონომიკის რედაქტორი, The Economist შანხაი