კავშირი შინიდან გაუსვლელად
რა იქნება ბიზნესლიდერებისთვის 2021 წელს მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, ეს გუნდური მუშაობაა. 2020 წელს კორპორაციული ცხოვრება პანდემიამ და მრავალი დასაქმებულისათვის შინიდან მუშაობის აუცილებლობამ შეაფერხა. კომპანიების უმრავლესობამ ამას გაუძლო, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ისინი წინა წლებში დაგროვილი სოციალური კაპიტალის ხარჯზე არსებობდნენ. 2021 წელს ისინი ,,ავზების შევსებას“ განიზრახავენ.
მრავალ მენეჯერს გააკვირვებს ის, თუ რაოდენ წარმატებული აღმოჩნდება შინიდან მუშაობის ექსპერიმენტი. კვლევები აჩვენებს, რომ 2020 წლამდე შინიდან მომუშავე ინდივიდები უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი იზოლაციისკენ ოფისში მომუშავე კოლეგებთან შედარებით. პანდემიამ აჩვენა, რომ ყველა ,,ერთ ნავში იჯდა“, უფრო სწორად − ,,ერთ სასტუმრო ოთახში“. მენეჯერებმა გააცნობიერეს, რომ შესაძლოა პერსონალი პროდუქტიული იყოს ოფისში არყოფნის შემთხვევაშიც, რომელიც ვიდეოშეხვედრებში მონაწილეობის მიღებას შეეჩვია. ეკონომიკურ კვლევათა ნაციონალური ბიუროს ერთ-ერთი კვლევით, შინიდან მომუშავეები საქმიანობაში ერთი საათით მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე ოფისში ყოფნისას.
ახალმა მოწყობამ იმუშავა იმიტომ, რომ დასაქმებულები მანამდე იცნობდნენ თავიანთ როლებსა და ორგანიზაციის რიტმს. უკვე შესაძლებელი იყო ყოველკვირეული საქმიანობის დასაგეგმი თათბირის ონლაინრეჟიმში გამართვა, ხოლო გუნდური დისკუსიების Slack-ისა ან WhatsApp-ის მეშვეობით წარმოება. მენეჯერები კარგად იცნობდნენ ცალკეული მუშაკების ძლიერ და სუსტ მხარეებს, აქედან გამომდინარე იმასაც, თუ ვინ უნდა ,,შეენჯღრიათ“ და ვისთვის მიეცათ თავისუფალი მოქმედების საშუალება.
ამასთანავე, დროთა განმავლობაში ეს თანხმობა შესაძლოა შეირყეს. მენეჯერები და პერსონალი ახალ პრობლემებს გადააწყდებიან და მათი დაძლევის მეთოდების შემუშავება მოუწევთ. კოლექტივებს ახალი პერსონალი შემოუერთდება, ხოლო ამჟამად დასაქმებულთა ნაწილი სხვა სამუშაოზე გადავა.
პროდუქტიულობის ელემენტი აზრის გაელვებაცაა − გასაუბრება სხვასთან თქვენი გუნდის გარეთ. შთაგონების ასეთი მომენტები ნაკლებად დადგება შინიდან მუშაობისას. შესაძლოა, მუშაკები მხოლოდ მათთან ურთიერთობით შემოიფარგლონ, ვინც გუნდის უახლოეს გარემოცვას ან ადრესატთა ჯგუფს შეადგენს. მაგალითად, გაყიდვათა გუნდმა შესაძლოა კონტაქტი დაკარგოს პროდუქტის დიზაინის გუნდთან, რაც მოშლის იმ ქსელს, რომელზეც კომპანიის სიჯანსაღეა დამოკიდებული.
სწორედ ამიტომ, 2021 წელს კომპანიები კოლექტიური სულისკვეთების აღდგენას მოახმარენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუშაკები ოფისში სრულ განაკვეთზე არ დაბრუნდებიან, მათ კვირაში ერთი-ორი დღით მისვლას მაინც მოსთხოვენ. ოფისში მისვლისთანავე, მათ შეახვედრებენ უახლოესი იერარქიის გარეთ მყოფ მუშაკებს, რათა შეწყდეს კომპანიის ,,ჩვენსა“ და ,,მათ“ შორის ბრძოლის არენად გადაქცევის პროცესი.
ამ ყველაფერმა შესაძლოა ოფისს გარეთ მუშაობის სოციალური დისტანცირების ახალი მეთოდი მოითხოვოს, რაც დეპარტამენტებს შორის ბარიერების გასარღვევად შეიქმნება. Zoom-ის ,,სმის ივენთები“ უკვე ყოველდღიურობაა, მაგრამ ზოგმა ხელმძღვანელმა მუშაკებს მონაწილეობის წასახალისებლად ლუდი ან ღვინო გაუგზავნა. სხვა ღონისძიებები მოიცავს ვიქტორინებს, ონლაინკარაოკესა და ,,ნივთების ძებნის“ თამაშებს, რაც მუშაკებს შინიდან გამოუსვლელად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. კომპანიები მუშაკებს მორალური მდგომარეობის შესაფასებლად გამოკითხავენ.
საშუალოვადიან პერიოდში ყველაზე დიდი საფრთხე ორი კულტურის შესაძლო წარმოქმნას უკავშირდება, სწორედ ისე, როგორც ეს მოთხოვნაზე დამყარებული ეკონომიკის − Gig economy-ის შემთხვევაში მოხდა, როცა სამუშაო ძალა მცირერიცხოვან მუდმივ პერსონალად და მრავალრიცხოვან კონტრაქტით მომუშავე ან დროებით მუშაკად დაიყო. შესაძლოა, პანდემიამ კიდევ ერთი გამყოფი ხაზი შექმნას, რაც იმაში აისახება, რომ გამოცდილი პერსონალი შინ დარჩება, ხოლო ახალგაზრდა კოლეგები ოფისში მისვლის მიუხედავად, ვერც სხვა კოლეგებთან კავშირების გაბმასა და სანაცნობო წრის შექმნას შეძლებენ და კარიერული წინსვლის უფრო შეზღუდული შესაძლებლობების ამარა დარჩებიან. დირექტორთა მჭევრმეტყველების მიუხედავად, გუნდური სულისკვეთების შექმნა ისე რთული იქნება, როგორც არასდროს.
ფილიპ კოგანი, Bartleby-ის მესვეტე, The Economist