ბიზნესის ახალი გეოგრაფია
ეს იყო ინოვაცია თავბრუდამხვევი ტემპით. მრავალი დარგის წამყვანი ფირმები ,,კოვიდ-19“-ის აფეთქებას შთამბეჭდავი მოქნილობით გამოეპასუხნენ. დასაქმებულებმა შეითვისეს მუშაობის ისეთი ახალი მეთოდები, როგორიცაა სამზარეულოს მაგიდიდან ვიდეოკონფერენცია. წამგებიანი ბიზნესხაზები სწრაფად ჩანაცვლდა ერთ დროს სარისკო ◊დააწკაპუნე და შეაგროვე“ მიდგომით მომუშავე შოპინგით. ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა სინათლის სიჩქარით მოხდა, რამაც ელექტრონული კომერცია, ონლაინგართობა, ტელემედიცინა, ელექტრონული სწავლება და სურსათის მიტანის სერვისები ცაში გასტყორცნა. ენთუზიაზმისა და გამომგონებლობის აფეთქება შთამბეჭდავია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს გამძლე ვერ იქნება.
2021 წელს აღმასრულებელ დირექტორებს შედეგების შეჯამების დრო დაუდგებათ, წააწყდებიან რა ინოვაციებით გადაღლას თავიანთ ფირმებში და რთულ ბიზნესგარემოს ფირმებს გარეთ. მსოფლიოს უდიდესი ჰეჯფონდი Bridgewater-ი ვარაუდობს, რომ მსოფლიოს კომპანიებს პანდემია 20 ტრილიონი დოლარი დაუჯდებათ.
თუ ფირმები მომდევნო რთულ წელს გადაურჩებიან, აღმასრულებელთა გონება ინოვაციიდან ტრანსფორმაციისკენ უნდა გადაერთოს. კერძოდ, ბოსებს მოუწევთ თვალი გაუსწორონ სამ გეოგრაფიულ დილემას, რომლებზეც იოლი პასუხი არ არსებობს.
პირველი შეკითხვაა, თუ სად უნდა დაამზადონ ფირმებმა თავიანთი პროდუქტი? კოპმანიები თავად აღმოჩნდნენ ტარიფებთან, ტექნოლოგიებთან, კლიმატის ცვლილებასთან და რასობრივ უსამართლობასთან დაკავშირებული ბრძოლის წინა ხაზზე. ნაწილობრივ, ეს პოლიტიკოსების მხრიდან ლიდერშიპის ჩავარდნას ასახავს, რამაც მომხმარებლებსა და დასაქმებულებს უბიძგა, წამყვანი პოზიციის ტვირთი, პოლიტიკოსების ნაცვლად, ბოსებისთვის დაეკისრებინათ. ამაში ირეკლება ისიც, რომ ახლა ფირმები დიდ გეოპოლიტიკურ ბრძოლებში პაიკების ფუნქციას იძენენ, − უბრალოდ ჰკითხეთ − Huawei-ის, TikTok-ს, Harley-Davidson-ს, აშშ-ის ტექნოლოგიურ გიგანტებსა და ფრანგული მეღვინეობის ინდუსტრიას − ყველა მათგანი აშშ-ს, ჩინეთსა და ევროპას შორის მიმდინარე სავაჭრო, საგადასახადო და ტექნოლოგიური კონფლიქტის მარწუხებში აღმოჩნდა.
სწრაფად ცვალებად და გაურკვეველ მარეგულირებელ გარემოში დეგლობალიზაცია აშკარად ადეკვატურ პასუხად ჩანს. მიუხედავად ამისა, საკონსულტაციო ფირმა McKinsey-ის მმართველი პარტნიორი, კევინ სნიდერი საეჭვოდ მიიჩნევს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობა მის სიცოცხლისუნარიანობაზე უნდა გაიცვალოს. იგი აღნიშნავს, რომ ,,დროთა განმავლობაში შესაძლებელია სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად გასაწევი ხარჯების ინოვაციების მეშვეობით შემცირება, ბიზნესის ახლებურად წარმოების გზით. ეს ბოსებსა და კომპანიათა სამეთვალყურეო საბჭოებს თავიანთი გლობალური მიწოდების ჯაჭვების მოდიფიკაციისთვის მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს, რაც ამ ჯაჭვების შემოკლებაში, მათი ფუნქციონირების აჩქარებასა და უფრო ,,ჭკვიანურ“ და უსაფრთხო მოქმედებაში უნდა აისახოს.
მეორე გეოგრაფიული დილემაა ის, თუ სად სურთ მომხმარებლებს პროდუქტის შეძენა? კრიზისის დროს ელექტრონული კომერციის აღმასვლამ უკვე გააძლიერა Amazon-ისა და მსგავსი საცალო მოვაჭრეების პოზიციები, თუმცა შესაძლოა, ასპარეზზე ბევრად მოულოდნელი ბენეფიციარებიც გამოჩნდნენ. მარიო გუილენი უორტონის ბიზნესსკოლიდან ვარაუდობს, რომ კანადური Shopify-ის მსგავსი კომპანიები, რომლებიც მცირე ბიზნესებისათვის გასაღების საბოლოო პუნქტს წარმოადგენდნენ, შესაძლებელს გახდიან მდგრად ელექტრონულ კომერციას ,,თქვენი სახლიდან 25 მილის რადიუსში, რაც აქამდე არ არსებობდა“. აშშ-სა და ბრიტანეთში, სადაც მძლავრი ციფრული ინფრასტრუქტურაა, თუმცა ჩინეთთან შედარებით ნაკლებად განვითარებული ელექტრონული კომერციაა, შესაძლოა ონლაინშოპინგზე გადასვლა მუდმივი გახდეს. ამავე დროს, სურათი დიდად განსხვავდება დარგისა და ბაზრის მიხედვით. მართალია, იტალიელთა 60% პანდემიისას ონლაინ ვაჭრობდა, მაგრამ მხოლოდ მათმა 10%-მა მიიჩნია ეს დამაკმაყოფილებლად. კონტინენტური ევროპის ბევრ ნაწილში, სადაც ონლაინურთიერთობისა და პროდუქტის ადგილზე მიტანისათვის საჭირო შედარებით სუსტი ინფრასტრუქტურაა, მომხმარებლები პანდემიის შემდგომ პერსონალურ ურთიერთობაზე დამყარებული ვაჭრობის ფორმას მიუბრუნდებიან.
ყველაზე რთული შეკითხვა ისაა, თუ სად უნდა იმუშავონ დასაქმებულებმა? პანდემიის მიერ ფირმებისთვის თავსმოხვეული დისტანციური მუშაობა პოპულარული გამოდგა. ,,პერსონალის დისტანციურად აყვანაზე გადასვლა გვათავისუფლებს სრულიად ახალი დონის ტალანტის მოსაზიდად, და უეჭველად გამოიწვევს მეტ მრავალფეროვნებას აყვანის პროცესში“, − ამბობს დევიდ მაკკორმიკი, Bridgewater-ის აღმასრულებელი დირექტორი.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა დისტანციური მუშაობა ,,ორლესული მახვილი“ გამოდგეს. გარი ჰემელი ლონდონის ბიზნესსკოლიდან აცხადებს, რომ ამან შესაძლოა გაზარდოს მართვის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ტირანული მიდრეკილებების მქონე ბოსები, ჭარბი ბიუროკრატიზმი და წინააღმდეგობა ახალი იდეებისადმი. უძრავი ქონების მართვის გიგანტ JLL-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრისტიან ულბრიხი ფიქრობს, რომ დასაქმებულები, რომლებსაც ოფისი შინ აქვთ მოწყობილი და ოჯახის წევრთა მოვლის ვალდებულებაც აკისრიათ, სათავო ოფისში დაბრუნებას აღარ ისურვებენ.
ეს შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს. ბევრი ბოსი გაცილებით ნაკლებეფექტიანია ელექტრონული კომუნიკაციისას, ვიდრე პირადი ურთიერთობისას. ამავე დროს, ხანგრძლივი დაშორიშორება აძლიერებს გაუცხოებას კორპორაციის დეპარტამენტებს შორის და ელიტური ჯგუფების სხვებისგან გამიჯვნასაც აძლიერებს. ახალგაზრდა დასაქმებულებს უკვე აკლიათ სოციალიზაცია სამუშაო ადგილზე. უფრო ასაკიან მუშაკებს დაღლით ვიწრო ბინებში კომპიუტერის ეკრანზე მუდმივი ცქერის აუცილებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა Zoom-ის შეხვედრები მათ საღამოებსა და უქმეებში შეიჭრება.
ასე რომ, ბოსები საკუთარი თავისა და თავიანთი კომპანიების ჰიბრიდული მომავლისთვის შემზადებას ვერ აცდებიან, რაც დისტანციური მუშაობის, შეკვეცილი სათავო ოფისისა და სახელდახელო ადგილებში თანამშრომლობის ჰაბების ერთგვარი ნაზავი იქნება. მათ თავიანთი მენეჯერული სტილის ადაპტირებაც მოუწევთ და მეტი ყურადღებაც უნდა მიაპყრონ შრომის მორალსა და მუშაკთა კეთილდღეობას. KPMG-ის მიერ ჩატარებული ბოსების შერჩევითი კვლევის შედეგებით, ◊ტალანტის რისკი“, რომელიც პანდემიამდე გრძელვადიანი ზრდისათვის სარისკო ფაქტორების სიაში მე-12 ადგილს იჭერდა, ახლა ნომერ პირველ რისკად იქცა. ეს ნიშნავს, რომ ბოსებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ფირმები კრიზისიდან გამოსვლისას გაძლიერებული იხილონ, მზად უნდა იყვნენ გადმოპირქვავებულ ახალ მსოფლიოში ტალანტისათვის უფრო მძაფრ კონკურენციაში ჩასაბმელად.
ვიჯაი ვაითისვარანი, აშშ-ის ბიზნესის რედაქტორი, The Economist, ნიუ იორკი