საუკუნის პარტია
2021 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიისათვის (CCP) განსაკუთრებული დაბადების დღეა და ამის დავიწყების საშუალებას არავის მისცემს. 1 ივლისს პარტია ოფიციალურად 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ერთი საუკუნის წინ პარტია ფრანგების კონტროლქვეშ მყოფ შანხაიში (ახლა, ტრენდული სავაჭრო რეგიონი) ფარულად დაფუძნდა. იუბილეს თაობაზე შეხსენებები მთელი წლის განმავლობაში იქნება.
გაიმართება საოპერო წარმოდგენები, გადაიღებენ ფილმებს და უამრავ (თითქმის 100) სატელევიზიო სერიალს. ძალიან ცოტა იქნება ისეთი ოფიციალური გამოსვლა, სადაც იუბილეზე არ ისაუბრებენ. 2020 წელს, კომუნისტურმა პარტიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ორ მოვლენას, რომლებსაც ასწლოვანი თარიღის აღნიშვნისათვის ჩრდილის მიყენება შეეძლოთ − COVID-19 და არეულობა ჰონკონგში. 2021 წლის დასაწყისში უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრისა და ,,ყოველმხრივ ზომიერი კეთილდღეობის საზოგადოების“ შექმნის შესახებ გამოცხადდება. პარტიას ტრიუმფალური განწყობა ექნება.
1921 წლის 1 ივლისი კომუნისტური პარტიის დაფუძნების დღედ მაო ძედუნმა ერთპიროვნულად გამოაცხადა. პარტიის მიერ რეალური გავლენის მოპოვებამდე, დაარსების რეალური თარიღი − 23 ივლისი, დავიწყებას მიეცა. მანამდე, გვიან 1930-იან წლებში, კომუნისტური მოძრაობა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის გამოქვაბულებში იყო გამოკეტილი. შემდეგ, პარტიას ქვეყანაზე კონტროლის მოსაპოვებლად, კიდევ ერთი ათწლეული დასჭირდა. იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა პარტიამ თავის 90 მილიონ წევრს, პარტიული ისტორიის შესახებ ცოდნის გაღმავება დაავალა. იგულისხმება ყურადღების გამახვილება არა დაფუძნების ეპიზოდზე (თუმცა, პარტია თარიღების არევას არ უარყოფს), არამედ აღზევებასა და 70-წლიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენების ფართო სპექტრზე.
ოფიციალური პირები ამას ,,ოთხ ისტორიას“ უწოდებენ: პარტია, კომუნისტური წყობილება ჩინეთში, ,,რეფორმირება და გახსნა“, სოციალიზმის განვითარება. წევრებს შორის ისტორიის ერთგვაროვანი გააზრების უზრუნველყოფით, პარტია ფიქრობს, რომ ისინი ქვეყნის ლიდერ სი ძინპინის იდეოლოგიური ხაზის გამზიარებლებად დარჩებიან.
ბატონი სი წუხს იმაზე, რასაც ის ,,ისტორიულ ნიჰილიზმს“ უწოდებს: ტენდენცია, რომელიც ჩინეთის ლიბერალებს შორის ოდესღაც აშკარა იყო (თუმცა, ახლა, მხოლოდ რამდენიმე თუ გაბედავს ამაზე ხმამაღლა საუბარს) და პარტიის ისტორიის ნეგატიური ასპექტების განხილვას გულისხმობდა, განსაკუთრებით მაოს სასტიკი მმართველობის პერიოდში. ოთხი ისტორიის შესწავლა მიზნად იმას ისახავს, რომ ასეთმა ნიჰილიზმმა პარტიის იუბილეს ჩრდილი არ მიაყენოს. ასწლოვანი წარსულიდან მხოლოდ ერთი გაკვეთილის გამოტანა უნდა შეიძლებოდეს, რომელიც აღმაფრენას უზრუნველყოფს.
შესაბამისი დამხმარე აპლიკაციაც არსებობს − ,,შეისწავლე დიადი ერი“. 2019 წლიდან პარტია აპლიკაციას იდეოლოგიური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად იყენებს. ყველა ოფიციალური პირი ვალდებულია სისტემაში ხშირად შევიდეს, სი ძინპინის ნააზრევზე ატვირთულ სტატიებს გაეცნოს და შესაბამის შეკითხვებს უპასუხოს (სუსტი ნებისყოფის მქონენი ფრთხილად უნდა იყვნენ − აპლიკაციის მოხმარების დრო კონტროლდება). ოთხი ისტორია სწავლების პროცესის ნაწილი გახდა. შანხაიში, სახელმწიფო მოხელეები და სტუდენტები წიგნის კითხვის ,,მარათონებში“ მონაწილეობენ: შეჯიბრებები პარტიის ისტორიაზე რაც შეიძლება მეტი ნამუშევრის ასათვისებლად, დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში.
საქმეს ამნეზიაც ეხმარება. სი ძინპინს არ სურს 1981 წლის საიუბილეო ატმოსფერო გაიმეოროს, როდესაც პარტიის დაარსებიდან მესამოცე წლისთავი აღინიშნა. მაო ძედუნის გარდაცვალების (1976 წ.) და დენ სიაოპინის რეფორმების დაწყების შემდეგ, ეს პირველი გრანდიოზული საიუბილეო ღონისძიება იყო. მაოს მმართველობის საშინელებების თავიდან აცილებას პარტია არათუ ვერ ახერხებს, რამდენიმე მათგანს პირისპირ შეეჩეხა კიდეც.
იმავე წლის 1 ივლისს პარტიულმა რუპორმა − ,,ყოველდღიურმა სახალხო გაზეთმა“ იუბილეს შესახებ ქვეყნის მთავარი კომუნისტის, ჰუ იაობანის ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. გამოცემამ ასევე გაავრცელა პარტიის რეზოლუციის ტექსტი მის ისტორიასთან დაკავშირებულ ,,გარკვეულ შეკითხვებზე“. ორივე სტატია მოიცავდა მაოს კრიტიკას. კერძოდ, ათწლოვანი კულტურული რევოლუციის დაწყება გამოცხადდა, როგორც მისი ,,სერიოზული შეცდომა“.
წარსულის საშინელებების ნებისმიერი განხილვა ყველაფერია, აკრძალულის გარდა. ძალაუფლების მოპოვებიდან მალე, სი ძინპინმა განაცხადა, რომ რეფორმების ეპოქის მიღწევები წარსულის უარყოფისთვის გამოყენებული არ უნდა იყოს. 2021 წლის საიუბილეო ენთუზიაზმის მოზღვავებისას, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პარტია ჰუ იაობანის 40 წლის წინანდელ გაფრთხილებას გაიხსენებს: კულტურული რევოლუციის ხანგრძლივობა აბსოლუტური ძალაუფლებისადმი მაო ძედუნის სწრაფვამ განაპირობა (,,კოლექტიური მმართველობის მოშლა“ − როგორც მან აღნიშნა).
ტრადიციის შესაბამისად, 2022 წლის მორიგი პარტიული ყრილობისათვის სი ძინპინის გადადგომის მოლოდინი უნდა გვქონოდა. ბევრი მკვლევრის აზრით, იგი ძალაუფლებას 2022 წლის შემდეგაც შეინარჩუნებს. ბატონი სი ისტორიული პარალელების გავლების წახალისებას არ მოისურვებს.
ჯეიმს მაილსი, ჩინეთის რედაქტორი, The Economist