მამაცი ძველი სამყარო
ჩინეთის ეკონომიკის მოცულობა 2021 წელს დაახლოებით იგივე იქნება, როგორი მოლოდინიც 2019 წელს ჰქონდათ. ერთი წუთით ეს კარგად გავიაზროთ. პროგნოზის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკის გამოშვება ისეთ დონეზე იქნება, თითქოს პანდემია არც ყოფილიყოს. ეს განსაკუთრებით თამამი მოლოდინიც კი არ არის. პროგნოზი მხოლოდ ოდნავ უფრო მეტია, ვიდრე მკვლევრების კონსენსუსი, თუმცა ამის გამო ნაკლებად შთამბეჭდავი როდია.
ყველა ფიქრობს, რომ 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდა არაჩვეულებრივად სწრაფი იქნება. 8%-იანი მაჩვენებელი სიურპრიზი არ აღმოჩნდება. ზოგიერთი პატივსაცემი ეკონომისტის აზრით, შესაძლოა ზრდის ტემპმა 9%-ს მიაღწიოს. თავისთავად, ასეთი მაღალი მაჩვენებლების მოკლევადიანი დაბრუნება გასაოცარი არ არის. 2021 წელს COVID-19 პანდემიის შემდგომი ეკონომიკების უმეტესობა უჩვეულო ტემპით გაიზრდება, რადგან წინა წელს უპრეცედენტო შემცირება დაფიქსირდა. ჩინეთს ის გამოარჩევს, რომ ზრდა 2020 წელსაც შენარჩუნდა (თუმცა, მოკრძალებული).
სწრაფი აღდგენა ნიშნავს, რომ ჩინეთის მშპ 2021 წელს პანდემიისწინა საპროგნოზო ნიშნულთან ახლოს იქნება. მაგალითად, 2019 წლის დეკემბერში The Economist-ის ვარაუდით, 2021 წლის ბოლოსათვის ჩინეთის მშპ 15.8 ტრილიონი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო. ახალი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი ოდნავ მეტი იქნება (ნაწილობრივ, შესუსტებული დოლარის წყალობით).
არცერთ სხვა დიდ ეკონომიკას ასეთი აღდგენა არ ექნება, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც COVID-19-ს შედარებით წარმატებით გაუმკლავდნენ. მაგალითად, იაპონიას, ისევე, როგორც გერმანიას, უფრო მოკრძალებული შედეგი ექნება. ამრიგად, 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში, ჩინეთის ეკონომიკამ შესაძლოა ევროკავშირის საერთო მშპ-ს გადაასწროს.
რა თქმა უნდა, ჩინეთის ეკონომიკის გაჯანსაღება თანაბარზომიერი ხასიათის არ არის. ზრდის მთავარი ფაქტორი ექსპორტია, რომელმაც გლობალურ ბაზარზე სარეკორდო წილი მოიპოვა. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა ისეთ საქონელზე, როგორიცაა პირბადეები, სანიტაიზერები (მაღალი მოთხოვნა პერსონალურ დამცავ საშუალებებზე), ტელევიზორები და სხვა სამომხმარებლო ელექტრონიკა (მაღალი მოთხოვნა კარანტინის პერიოდში სახლის პირობებში გართობისათვის საჭირო საქონელზე).
კრედიტების მყარი ზრდის პირობებში ეკონომიკის აღდგენის კიდევ ერთი ფაქტორია ინვესტიციები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში და უძრავ ქონებაში. 2020 წლის აგვისტოში ჩინეთის სახელმწიფო რკინიგზამ განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა ქალაქს, მინიმუმ 500-ათასიანი მოსახლეობით, ჩქაროსნულ ქსელთან დააკავშირებს. ეს არსებული ქსელის 2035 წლისათვის გაორმაგებას ნიშნავს. შინამეურნეობების ხარჯები, პირიქით − შეფერხდა. 2020 და 2021 წლებში, ჩინეთის ზრდაში კერძო მოხმარება უფრო მცირე წვლილს შეიტანს, ვიდრე ინვესტიციები. ბოლოს მსგავსი ვითარება 2015 წელს იყო.
დაუბალანსებელი გაჯანსაღება უკეთესია, ვიდრე მისი საერთოდ არარსებობა, თუმცა ასეთი ეკონომიკური ზრდა 2021 წელს ქვეყნის ლიდერებისთვის გარკვეული თავის ტკივილის მიზეზი იქნება. საინვესტიციო დანახარჯებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირების მცდელობები შეფერხდა. ასევე, საკრედიტო სეგმენტის შემცირების კამპანიის შედეგად მიღწეული პროგრესი ნაწილობრივ განიავდა. მანამდე, ამ მიდგომით ჩინეთის ვალის ხანმოკლე პერიოდით სტაბილიზება მოხერხდა (ეკონომიკის ზომასთან მიმართებაში).
2016 წელს, საკრედიტო ნაწილის შემცირების კამპანიის წარდგენისას, კომუნისტური პარტიის ანონიმურმა წარმომადგენელმა ამ კამპანიის ლოგიკა გამოცემა ,,ყოველდღიურ სახალხო გაზეთს“ განუმარტა (პუბლიკაციაში მოიხსენიეს, როგორც ,,ავტორიტეტული პირი“). მისი თქმით, ჩინეთის სტაბილურობა საინვესტიციო სტიმულების ,,ძველ მეთოდს“ ეფუძნებოდა. კომპარტიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ,,ხე ცამდე ვერ გაიზრდება“. შესაბამისად, ვალის შემცირების სამთავრობო მცდელობები არ გაამართლებს, ვიდრე ზედმეტი, ,,გამხმარი ტოტები არ ჩამოცვივდება“. არ გაგიკვირდეთ, თუ იგივე ,,ავტორიტეტული პირი“ 2021 წელს კვლავ გამოჩნდება. ჩინეთის პოლიტიკის წარმმართველებმა ხელახლა უნდა გააცნობიერონ ეკონომიკაში ბალანსის აღდგენისა და კრედიტზე დამოკიდებულების შემცირების გზები, ისე, რომ ზრდა არ შეჩერდეს.
ეკონომიკების უმეტესობისათვის, პანდემიამ ახალი ერა შექმნა, რომელიც მყიფე აღდგენით, წინასწარ გაუთვლელი პოლიტიკის ღონისძიებებით და სახელდახელოდ შექმნილი ბიზნესმოდელებით ხასიათდება. თუმცა, ჩინეთში საქმე სხვაგვარადაა. ვირუსმა ეკონომიკა ნაცნობ გზაგასაყარზე დააბრუნა. 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სიურპრიზი არ იქნებოდა იმისთვის, ვისაც მთელი გასული წელი ეძინა. ზუსტად ასევე, ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური პოლიტიკის დილემური საკითხები ვერ გააკვირვებდა მას, ვისაც ბოლო 5 წლის მოვლენები გამორჩა.
საიმონ კოქსი, განვითარებადი ბაზრების რედაქტორი, The Economist ჰონკონგი