კვლავაც პრეტენდენტი
ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთის ოფიციალური პირები წუწუნებდნენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადი მოძალადეა, ზოგჯერ ხელმძღვანელობს საკუთარი ეგოისტური ინტერესებით, სხვა შემთხვევებში კი, კომუნისტური პარტიის მოძულე მრჩეველები შთააგონებენ. გამოჟონილი დიპლომატიური ნოტის მიხედვით, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ევროპელ სტუმრებთან დაიჩივლა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა წესების გარეშე კრივს წააგავს. ახლად არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენის გუნდს ამ ურთიერთობების მოწესრიგება სურს, ისე, რომ, იდეოლოგიური მდგენელი ნაკლები იყოს და, ჩინეთზე წნეხი გაძლიერდეს. როგორც მძიმე წონის ჩემპიონის დაბრუნებისას, დემოკრატებს სურთ ჩინეთთან ურთიერთობისათვის უკეთ მომზადებული ამერიკა იხილონ, რომელიც ბრძოლის რაუნდებს ფრთხილად შეარჩევს. შემდგომ კი, მონდომებით ივარჯიშონ, ყველა შერკინებაში გამარჯვების მოსაპოვებლად.
შეშფოთებული ჩინეთი დაძაბულობის შემცირებას შეეცდება, მაგრამ ურთიერთობების სრული გადატვირთვის ილუზიაში არ იმყოფება. აღარ დაბრუნდება 2016 წლის წინა პერიოდი, როდესაც დემოკრატი და რესპუბლიკელი ამერიკელი პრეზიდენტები ჩართულობის პოლიტიკას უჭერდნენ მხარს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ გზით ჩინეთის ეკონომიკის (შესაძლოა, საზოგადოებისაც) მსოფლიოსთვის გახსნილობას მიაღწევდნენ. სანაცვლოდ, ბატონი ბაიდენი ტრამპს სხვა მიმართულებით გააკრიტიკებს: სი ძინპინის ეპოქის ენერგიულ ჩინეთს ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა გააფთრებით შეუტია და გადამწყვეტი დარტყმების მიყენება ვერ მოახერხა.
იმედგაცრუება ელით ბიზნესმენებს, რომლებიც ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ერთიანად გაუქმებას ელიან. ეს ტარიფები ჩინეთიდან იმპორტის მესამედს მოიცავს. ბატონი ბაიდენი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიებისათვის ამერიკული ექსპორტის აკრძალვებს და საინვესტიციო შეზღუდვებსაც უპირობოდ არ გააუქმებს. ბაიდენი უნდა გაუმკლავდეს ჩინეთის ლიდერებს მკაფიო აღქმით, რომ ამერიკა ჩინეთის შეკავებას აპირებს. ეს სუპერსახელმწიფოების მეტოქეობას გარდაუვალს გახდის. გავლენის ბერკეტების შენარჩუნების მიზნით, ახალი ადმინისტრაცია დაინტერესებულია, ტრამპის სავაჭრო ბარიერები გააუქმოს. ოღონდ, ეს პროცესი ფრთხილად უნდა წარიმართოს.
ჩინეთთან ურთიერთობის კონტექსტში, სამართლიანობის პრინციპზე, ან ამერიკაში სამუშაო ადგილების დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრისას (ამერიკული წარმოების მხარდაჭერა, მოწოდება − ,,იყიდე ამერიკული“), ბატონი ბაიდენის პოლიტიკა ზოგჯერ ტრამპის მიდგომებს მოგვაგონებს. სენატში ყოფნის 40 წლის განმავლობაში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ბაიდენი მხარს ხშირად უჭერდა, თუმცა, იგი დემოკრატიული პარტიის სათავეშია, რომელიც გლობალიზაციის მიმართ ახლა უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი, ვიდრე ოდესმე. ვიცეპრეზიდენტის რანგში, ბატონი ბაიდენი ჩინური მერკანტილიზმის საწინააღმდეგო თავისუფალი ვაჭრობის ალიანსების მხარდამჭერი იყო (მაგალითად, ,,ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობა“). პრეზიდენტი ბაიდენი მსგავს პაქტებში შესვლას არ იჩქარებს.
გარკვეულ ცვლილებებს ჩინეთი დამაიმედებლად მიიჩნევს. ბაიდენის ადმინისტრაცია მეინსტრიმული ეკონომისტებით დაკომპლექტდება. ისინი მიიჩნევენ, რომ სავაჭრო ტარიფები ძირითადად არაეფექტიანია. ასევე, სერიოზულ რისკს ხედავენ დოლარში დენომინირებული ფინანსური სისტემის გამოყენებაში ჩინეთის შეკავების ინსტრუმენტად. სწორედ ასეთი ნაზავი იყო მიმზიდველი ტრამპის ზოგიერთი წამყვანი თანაშემწისათვის. სილიკონის ველის ტექნოლოგიური ბოსებისათვის ბაიდენის ოვალური კაბინეტის კარი უფრო ფართოდ გაიღება. როდესაც ხელისუფლება ჩინეთთან დაკავშირებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს და მიწოდების ჯაჭვებს საფრთხედ აცხადებს, სილიკონის ველი ბევრად უფრო შერჩევით მიდგომას მოითხოვს.
და მაინც, ტექნოლოგიური სფეროს მიმართ კეთილგანწყობილი ბაიდენის ზოგიერთი აქტივობა ჩინეთს ცხოვრებას გაურთულებს. პრეზიდენტი შეეცდება, ამერიკამ მომავლის ფუნდამენტურ ტექნოლოგიებში უპირატესობა შეინარჩუნოს (როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური კომპიუტერები). ამისათვის, იგი ამერიკას ფუნდამენტურ მეცნიერებებში მასიური ინვესტიციებისკენ მოუწოდებს. ბატონი ბაიდენი ნაკლებად იგრძნობს საფრთხეს ისეთი აპლიკაციებისგან, როგორიცაა TikTok − ჩინური ციფრული პლატფორმა, რომელსაც მოზარდები თავიანთი ცეკვების გავრცელებისთვის იყენებენ.
ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩინელი სტუდენტების მიღებას ბატონი ბაიდენი უფრო მიესალმება, ვიდრე ტრამპი. ეს მნიშვნელოვან პრობლემას არ ქმნის, რადგან ახლად არჩეული პრეზიდენტის აზრით, საიდუმლოებათა მოსაპარად გამოგზავნილი მცირერიცხოვანი ჯგუფის გამოვლენა გამოძიების ფედერალურ ბიუროს შეუძლია. უფრო გახსნილი ამერიკა არაერთგვაროვანი სიკეთეა ჩინელი ლიდერებისათვის, რომლებიც ნიჭიერ მეცნიერთა სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ.
ოფიციალური პეკინის წარმომადგენლები კერძო საუბრებში დაუფარავად აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებებისა და ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ტრამპის გულცივი დამოკიდებულება მათ მოსწონდათ. ჩინეთში იციან, რომ ეს შეიცვლება.
აღსანიშნავია ბაიდენის მრჩეველთა განცხადება, რომ მათი ხელმძღვანელი ხედავს დაშორების შემაშფოთებელ ზრდას ტექნოდემოკრატიებსა და ჩინეთის ხელძღვანელობით მოძლიერებულ ტექნოავტორიტარიზმის ბლოკს შორის (პირველ შემთხვევაში, ციფრული ინსტრუმენტები თავისუფლების გასამტკიცებლად გამოიყენება). მაშინაც კი, თუ ბაიდენი ფრთხილად მოქმედებას გადაწყვეტს, ჰონკონგში სამოქალაქო თავისუფლების განადგურების და მუსლიმი უიღურების (სინძიანის პროვინცია) იძულებითი ◊გადამზადების“ გამო, შეშფოთებული კონგრესი ჩინეთისათვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.
ბატონი ბაიდენი ტაივანის დემოკრატიული კუნძულის საკითხს სიფრთხილით მოეკიდება. იგი ათწლეულების განმავლობაში გამოცდილ დაბალანსების პოლიტიკას შეინარჩუნებს. ასეთი მიდგომით, ამერიკა შეიარაღებულ ძალებს ჩინეთის კუნძულზე შეჭრისგან შეკავებისთვის იყენებს. მეორე მხრივ, ვაშინგტონი პეკინს არწმუნებს, რომ ტაივანის დამოუკიდებლობის იურიდიულ გაფორმებას ამერიკა ხელს არ შეუწყობს.
მნიშვნელოვანი ცვლილება ის იქნება, რომ ბატონი ბაიდენი გლობალური პრობლემების მოგვარებისთვის ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება. ამ პრობლემებიდან ზოგიერთს ტრამპი სერიოზულად არ აღიქვამდა (მაგ. გლობალური დათბობა), ხოლო სხვა შემთხვევებში დამოუკიდებლად მოქმედებას ამჯობინებდა (მაგ. COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების შემუშავება). შესაძლოა, ბაიდენმა პეკინს ბირთვული შეთანხმების აღსადგენად გაერთიანება სთხოვოს, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ ირანთან და წამყვან სახელმწიფოებთან გააფორმა. აღნიშნული შეთანხმებიდან ამერიკა ტრამპმა გაიყვანა. ჩინეთისათვის ,,ზეთისხილის რტოს გაწოდებას“ რესპუბლიკელები დაგმობენ, განსაკუთრებით აქტიურად ისინი, ვინც 2024 წელს უმიზნებენ.
ბოლოსდაბოლოს, ამერიკა კოალიციების მშენებლობის მიდგომას დაუბრუნდება (როგორც მინიმუმ, მოკავშირეებს ნაკლებად დაუპირისპირდება). ჩინეთთან ბრძოლის წინ, ბატონ ბაიდენს ◊რინგის კუთხეში“, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა სურს. წესებით თუ წესების გარეშე, ეს მძიმე შერკინება გარდაუვალია.
დევიდ რენი, პეკინის ბიუროს ხელმძღვანელი, The Economist, პეკინი