ძალაუფლების შენარჩუნება
1990 და 2012 წლებს შორის იაპონიას 15 პრემიერმინისტრი ჰყავდა. 2012 წელს, როდესაც სინძო აბემ პოსტი დაიკავა, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ მისი მმართველობა 2 წელზე მეტს გასტანდა (საშუალო მაჩვენებელი წინა პრემიერებისათვის). მართლაც, პირველ ცდაზე, პრემიერმინისტრობის მისი ვადა არჩევიდან ერთ წელიწადში, 2006 წელს დასრულდა. ამჯერად, ბატონი აბე 2020 წლის სექტემბერში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა და მისმა პრემიერობამ 2822 დღე გასტანა.
აბეს ადგილი მისმა ერთგულმა თანამებრძოლმა − სუგა იოშიჰიდემ დაიკავა, ეს კი მემკვიდრეობითობას და სტაბილურობას გვპირდება. მმართველმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) ბატონი სუგა საგანგებო კენჭისყრით აირჩია და იგი გადამდგარი პრემიერმინისტრის დარჩენილ ვადაში ქვეყნის ლიდერი იქნება. სტანდარტული 2021 წლის სექტემბრისთვის დაგეგმილი LDP-ის ხელმძღვანელის სამწლიანი ვადით არჩევა აჩვენებს, ტრიალებს თუ არა მმართველი პარტია ერთ წრეზე. აბეს შემდგომი განვითარების მიმართულების განსაზღვრის შანსი საზოგადოებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ექნება. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ბატონი სუგა პარლამენტს დაითხოვს და არჩევნები დაგეგმილზე ადრე გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სუგა თავდაპირველად დროებით კანდიდატად განიხილებოდა, ის შეეცდება თანამდებობა შეინარჩუნოს. კარიერულ პოლიტიკოსებს საკუთარი ნებით მაღალი თანამდებობის დატოვება იშვიათად სურთ. ისეთებსაც კი, როგორიცაა ჩრდილში მუშაობის მოყვარული ბატონი სუგა. ამომრჩევლები მზად არიან, მას შანსი მისცენ. აბეს გადადგომამდე ჩატარებული გამოკითხვებით, ბატონი სუგა მაშინდელი მოქმედი პრემიერის სასურველ მემკვიდრედ იაპონელთა მხოლოდ 10%-მა დაასახელა, თუმცა ახალი ადმინისტრაციის მმართველობა დაახლოებით 70%-იანი საზოგადოებრივი მხარდაჭერით დაიწყო.
ბატონმა სუგამ რთულ პირობებში შედეგები სწრაფად უნდა აჩვენოს. COVID-19 კვლავ მუხრუჭი იქნება იაპონიის ეკონომიკისათვის, რომელიც უკვე პანდემიამდე რეცესიის სტადიაზე იმყოფებოდა. 2020 წლის მეორე კვარტალში, მშპ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 28.1%-ით შემცირდა. ზიანის ანაზღაურება მარტივი არ იქნება. დუნე მოთხოვნის ფონზე, ძველი ჭირი, დეფლაცია, 2021 წელსაც თავს იჩენს. ოლიმპიური თამაშები შესაძლოა ეკონომიკის სტიმული გახდეს, თუ იაპონიის მთავრობა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტურნირის უსაფრთხოდ ჩატარების გზას გამოძებნიან.
საგარეო პოლიტიკური გამოწვევები არანაკლებ მძიმე იქნება. ბატონმა აბემ დიპლომატიას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭა. სხვა ქვეყნების ლიდერებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მიზნით, მან 80-ზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელა. ბატონ სუგას მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი სანდოობის შექმნა მოუწევს მაშინ, როდესაც პირადი კონტაქტების შესაძლებლობები შეზღუდულია. მისი პირველი ტესტი იქნება შეთანხმება ამერიკასთან, მიმღები ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ − ლოგისტიკური ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის უსაფრთხოების ალიანსიდან გამომდინარეობს და იაპონიაში 50 000-იანი ამერიკული კონტინგენტის განლაგების საკითხებს მოიცავს (არსებული შეთანხმების ვადა 2021 წლის მარტში ამოიწურა).
შესაძლოა, ბატონი სუგას ზოგ რეფორმას პანდემია დაეხმაროს კიდეც. მან ახალი ციფრული სააგენტოს შექმნის პირობა დადო, რომელიც იაპონიის არქაული საჯარო სერვისების მოდერნიზაციას განახორციელებს. 2021 წელს ოფიციალური დოკუმენტების დამოწმებისათვის აუცილებელი პერსონალური ბეჭედი − ჰანკო, უვნებელი რელიკვია გახდება. ახლა ჰანკოს გარეშე ბიზნესის წარმართვა შეუძლებელია. თუ ყველაფერი კარგად წავა, ფაქსის აპარატებსაც იგივე ბედი ელით.
ეკონომიკის სტაბილიზაციას და ვირუსის გავრცელების შეზღუდვას თუ მოახერხებს, ბატონ სუგას, LDP-ის შიდაპარტიული არჩევნების გამართვამდე, ფრაქციების ბოსების მიმხრობის შესაძლებლობა ექნება. სწორედ მსგავსი სცენარი განვითარდა ბატონი აბეს გადადგომის შემდეგ. თუმცა, სუგას პოზიციები მტკიცე თუ არ იქნება, პარტიაში ლიდერობისათვის ნამდვილი ომი დაიწყება.
მმართველი პარტია ამბიციური პოლიტიკოსების სიმცირეს არ უჩივის, რომლებსაც აბეს ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, წინა პლანზე გამოსვლა სწყურიათ. სუგას მიერ 2020 წელს დამარცხებულმა იშიბა შიგერუმ (თავდაცვის ყოფილი მინისტრი) შესაძლოა ბრძოლა განაახლოს. მას უკეთესი შანსი ჩვეულებრივ არჩევნებზე ექნება, როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობას პარტიის რიგითი წევრები იღებენ. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ყოფილი თავკაცი (ამჟამად, ადმინისტრაციულ რეფორმებს უდგას სათავეში) კონო ტარო შესაძლოა შემდეგი თაობის კანდიდატად ჩამოყალიბდეს. ის 57 წლისაა, რაც მხცოვან ლიდერებზე ორიენტირებულ LDP-ში ახალგაზრდა ასაკად მიიჩნევა. პარტიულ ბოსებს შორის, ნოდა სეიკო, როგორც ქალი, იშვიათი გამონაკლისია. მას სურს იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდეს. ვინც უნდა იყოს ტრიუმფატორი, არჩევნებში გამარჯვების მოპოვება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე თანამდებობის შენარჩუნება.
ნოა სნეიდერი, ტოკიოს ბიუროს ხელმძღვანელი, The Economist, ტოკიო