ორ გიგანტს შორის
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე ეკონომიკური, სტრატეგიული და სამხედრო მეტოქეობისაგან მიღებული ზიანის რისკი მსოფლიოს არცერთ ნაწილში არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 11 ქვეყანაში. ეს მეტოქეობა 2021 წელს კიდევ უფრო გამძაფრდება.
მეორე მხრივ, რეგიონში ბევრს აღელვებს პრეზიდენტ სი ძინპინის მისია, რომ ჩინეთს იქ ცენტრალური როლი დაუბრუნოს. ასეთი პოზიცია ამ უკანასკნელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იაპონიისა და დასავლეთის მე-19 და მე-20 საუკუნეების იმპერიალისტური ექსპანსიის პერიოდამდე ჰქონდა. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ჩინეთი აგრესიულად ეწინააღმდეგება ბრუნეის, ინდონეზიის, მალაიზიის, ფილიპინების და ვიეტნამის საზღვაო-ტერიტორიულ პრეტენზიებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში. ჩინეთის საზღვაო ვაჭრობის უმეტესი წილი ამ ზღვის გავლით ხორციელდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ბატონ სის მოწოდება − ,,აზიაში საქმეებს აზიელები უნდა წარმართავდნენ“ − რეგიონში ჩინეთის ბატონობის მისწრაფებას წააგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეკრებაზე (ASEAN), ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხელ განაცხადა: ,,ჩინეთი დიდი ქვეყანაა, თქვენ კი მცირე ქვეყნები ხართ. და ეს, უბრალოდ ფაქტია“.
ASEAN-ის წევრები მიესალმებიან აშშ-ს, როგორც დომინანტ სამხედრო ძალას რეგიონში. ამასთან, პეკინის მზარდი ძლევამოსილების გათვალისწინებით, ისინი აცნობიერებენ, რომ ჩინეთთან კონფლიქტი მათთვის დამღუპველი იქნება. ბევრი მთავრობა რეგიონში მტრულადაა განწყობილი დემოკრატიისადმი და ამერიკის პოლიტიკურ მოდელს მისაბაძად ცოტა ვინმე თუ განიხილავს.
რაც მთავარია, ჩინეთი ძალიან ახლოსაა და უკვე საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ რეგიონის ქვეყნები დაუპირისპირდნენ. იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და მისი მეორე უდიდესი ინვესტორია (იაპონიის შემდეგ). ASEAN-ის კეთილდღეობა ისევე მჭიდროდაა ჩინეთთან დაკავშირებული, როგორც მისი მიწოდების ჯაჭვები. რეგიონის მკვლევარი, სებასტიან სტრანჯიო თავის ახალ წიგნში (,,დრაკონის ჩრდილში“) აღნიშნავს, რომ ჩინეთის ზრდისა და სტაბილურობის კონტექსტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისტორიულად, უწესრიგობა ჩინეთში სამხრეთის მიმართულებით არასტაბილურობის გავრცელებას განაპირობებს.
ასე რომ, როგორ არ უნდა აღმოჩნდეთ ორ გიგანტს შორის? რეგიონის სტრატეგები საკუთარ თავს შეახსენებენ, რომ სუპერსახელმწიფოთა მეტოქეობის თვალსაზრისით, ადრე ვითარება უარესი იყო. ცივი ომის პიკზე, ინდოჩინეთში მიმდინარე სისხლიანმა კონფლიქტმა კომუნისტურ აჯანყებებთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ავტონომიის სრულიად დაკარგვის საფრთხე წარმოშვა. 50 წლის წინ, ეს შიშები და ურთიერთუნდობლობის მართვის მექანიზმის შემუშავების აუცილებლობა ASEAN-ის შექმნის კატალიზატორი აღმოჩნდა. ორგანიზაცია ინდონეზიამ, მალაიზიამ, ფილიპინებმა, ტაილანდმა და სინგაპურმა დააფუძნეს. რა ხდება დღეს? სტრატეგები შავი იუმორით აღნიშნავენ: როგორც მინიმუმ, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა რეგიონი ნაჭრებად არ გაინაწილეს.
რაც შეეხება 2021 წელს, წინა დიდი ძალების დაპირისპირების მართვაში რეგიონის გამოცდილება წინა პლანზე აღმოჩნდება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ათასწლეულების განმავლობაში ჩინეთის ჩრდილში არსებობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ASEAN-ის წევრი ქვეყნები ამერიკის გავლენების პირობებში ვითარდებიან. ორი სუპერსახელმწიფოს მეტოქეობის კონტექსტში, მიდგომა იქნება ,,რისკების დაზღვევა, დაბალანსება და ტრენდის მიყოლა“, − ამტკიცებს სინგაპურელი ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი, ბილახარი კაუსიკანი. საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელ სტუდენტებს ასწავლიან, რომ დროის ცალკეულ მონაკვეთში ამ სამი კომპონენტიდან, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთის გამოყენებაა შესაძლებელი. ბატონ კაუსიკანის მტკიცებით, პრაგმატული აზიელები სამივე ვარიანტის კომბინირებას ახერხებენ. ელოდეთ ერთ დროს დაძაბული სამხედრო ურთიერთობების სწრაფ გაუმჯობესებას ამერიკასთან. კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ზრდის ხელშესაწყობად, 2021 წელს რეგიონის ქვეყნები სხვა ძალებს უფრო მეტი მონდომებით მიიწვევენ (განსაკუთრებით იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიასა და ინდოეთს).
რისკის დაზღვევის, დაბალანსებისა და ტრენდის მიყოლის მიდგომა ემყარება მნიშვნელოვან დაშვებას, რომ ამერიკა და ჩინეთი სრულ ეკონომიკურ განშორებას რეალურად არ აპირებენ. ეს ანგარიში, ალბათ, სწორია. გლობალური მიწოდების ჯაჭვების კონფიგურაცია ორი სახელმწიფოს მძაფრი მეტოქეობის ფონზე რომც შეიცვალოს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები სარგებლის მიღებას ასეთი სცენარიდანაც შეეცდებიან.
ასეც რომ იყოს, ეს აზარტული თამაშებია და სხვა რისკ-ფაქტორები იკვეთება. მათ შორის არცთუ მცირეა ASEAN-ის შიგნით სოლიდარობის შენარჩუნების საკითხი. ჩინეთმა ორგანიზაციის წევრებს შორის ხინჯის შეტანა უკვე სცადა, კამბოჯასა და ლაოსის გადაბირებით (ჯერჯერობით, თავის კლიენტ სახელმწიფოებად გადაქცევით). სი ძინპინს სულ უფრო მეტად სურს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჩინელთან ურთიერთობები გაღრმავდეს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში 30 მილიონი წარმოშობით ჩინელი ცხოვრობს. ასეთ პირობებში, რეგიონში ადგილობრივი დემაგოგების მიერ ანტიჩინური გრძნობების გამოყენებისა და ეთნიკური სიძულვილის გაღვივების რისკი იზრდება.
ალბათ, ყველაზე შიშისმომგვრელი რისკია ამერიკა-ჩინეთის უნებლიე შეიარაღებული შეტაკება (სამხრეთ-ჩინეთის ზღვის საკითხის მიზეზით). სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, რისკის დაზღვევის, დაბალანსებისა და ტრენდის მიყოლის მიდგომით, შორს საერთოდ ვერავინ წავა.
დომინიკ ზიგლერი, Banyan-ის მესვეტე, The Economist, ჰონკონგი