საუკეთესო მტრები
2021 წლის იანვარში ვიეტნამის კომუნისტური პარტია (CPV) ხუთწლედის შეხვედრას, მე-13 ეროვნულ კონგრესს მართავს. პარტიის ერთგული წევრები ლიდერის გამარჯვებას დაადასტურებენ და გენერალურ მდივნად აირჩევენ. პარტიის ახალი ლიდერი მომდევნო წლების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
ჩინეთი დისკუსიების მნიშვნელოვანი საგანი იქნება. ვიეტნამის ურთიერთობა ჩრდილოეთ მეზობელთან ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო. მომავალ წელს ეს კიდევ უფრო გართულდება. ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვის უზარმაზარ ტერიტორიაზე. ამ წყლების ნაწილს ვიეტნამი თავის კუთვნილებად მიიჩნევს. პრეტენზიების განმტკიცებისათვის, ზოგჯერ, ჩინეთი ძალის გამოყენებასაც არ ერიდება, ისე, როგორც 2020 წელს, ვიეტნამის კუთვნილი თევზსაჭერი გემების ჩაძირვისას. ამგვარ პროვოკაციებს ვიეტნამელი ხალხის ქუჩებში გამოყვანა შეუძლია. ეს 2014 და 2018 წლების მასობრივ პროტესტებს გვახსენებს, როდესაც ანტიჩინური სენტიმენტები ქუჩის არეულობებში გადაიზარდა.
ჩინეთის პროვოკაციების გამო, საზოგადოების აღშფოთება უზრუნველყოფს, რომ მთავრობა ჩინეთის მიმართ ერთი შეხედვით ცივ დამოკიდებულებას შეინარჩუნებს. თუმცა, როგორც სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, კარლაილ ტაიერი აღნიშნავს, ვიეტნამს ზესახელმწიფოს მტრობა არ სურს. მსოფლიოში კომუნისტური ქვეყნები ცოტაღა დარჩა, ვიეტნამს კომპანიონობა რომ გაუწიოს. ვიეტნამისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიებს შორის ღრმა კავშირი არსებობს. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკები მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულია. ჩინეთი ვიეტნამის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია − იმპორტის ყველაზე დიდი წყარო და ექსპორტის უმეტესობისათვის დანიშნულების ადგილი. მეტიც − CPV-ს ჩინეთთან კონფრონტაცია აშინებს, − აცხადებს ტუონგ ვუ, ორეგონის უნივერსიტეტიდან.
შესაბამისად, ვიეტნამის ახალი მმართველები რისკის დაზღვევის პოლიტიკას გააგრძელებენ. ეს ერთი მხრივ ნიშნავს ჩინეთთან სავაჭრო კავშირების გაღრმავებას ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ვიეტნამი შეეცდება სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მომძლავრებას ამერიკასთან კავშირების გამყარებით დაუპირისპირდეს.
ქვეყნის უმთავრესი თანამდებობისათვის ორი ფავორიტი იბრძვის: პარტიის სამდივნოს ხელმძღვანელი და მოქმედი გენერალური მდივნის ლოიალისტი, ტრან კუო ვონგი, ასევე, პრემიერმინისტრი ნგუენ სუან ფუკი. ორივე მათგანი თავგადაკლული კომუნისტია, რომლებისთვისაც პარტიული კონტროლი პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს, ის თავგადაკლული პრაგმატიკოსიც უნდა გახდეს.
ვიეტნამელთა ანტიჩინური სენტიმენტების კონტროლისათვის, ახალი ლიდერი ჩინეთს მკაცრი ტონით უნდა ესაუბროს. ამასთან, მას მოუწევს შეეწინააღმდეგოს შიდაპარტიული ფრაქციების მოთხოვნებს, ამერიკის ორბიტაზე დაჩქარებული ტემპით გადასვლის შესახებ. ჩინეთისათვის ტრანს-წყნაროკეანური თანამშრომლობის გაძლიერების დემონსტრირება (მაგალითად, პორტებში ამერიკული სამხედრო ხომალდების სტუმრობით) სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოზიციებს განამტკიცებს. თუმცა, საბოლოოდ, ვიეტნამის ლიდერებმა იციან, რომ ჩინეთი ყოველთვის ახლოს იქნება. გრძელვადიან ჭრილში, იმავეს ამერიკაზე ვერ ვიტყვით.
ჩარლი მაკკანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კორესპონდენტი, The Economist, სინგაპური